ვივიენის დღევანდელ სტატიაში, საკუთარ ისტორიას ნინო გვიზიარებს. ერთი წლის წინ ერთი მამაკაცი გავიცანი და ჩვენს შორის ვნებიანი ურთიერთობა დაიწყო. ის თავად იყო ურთიერთობის ინიციატორი: ჩემზე ზრუნვა დაიწყო, ყვავილებს მჩუქნიდა, ერთად ბევრ დროს ვატარებდით – ამიტომ ზეწოლის ქვეშ დავნებდი. ნდობით სავსე ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ახლო ადამიანად მივიჩნევდი და ვენდობოდი. ყველაფერი შესანიშნავად იყო. სიყვარულის და დაბინდული ტვინის გამო რაღაც „ზარებს“ ყურადღებას არ ვაქცევდი. რას ვიზამ, ჩემი ბრალია, შეყვარებული ვიყავი.
რამდენიმე თვის წინ ურთიერთობაში პრობლემები და უთანხმოება შეგვექმნა, მაგრამ მერე შევრიგდით და ყველაფერი ნორმალურად იყო. იმ მომენტში, როგორც ჩანს, ნელ-ნელა „თვალი ამეხილა“, გარკვეული ეჭვები გამიჩნდა. რამდენიმე კვირის წინ სერიოზული ჩხუბი გვქონდა და შევწყვიტეთ ურთიერთობა.
ძალიან ვნერვიულობდი: ვტიროდი, ვხვდებოდი, რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ თითქოს შევეგუე. და იმ მომენტში შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ თურმე ის დაქორწინებულია! მართალი გითხრათ, ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ უნდა გადავიტანო ეს ყველაფერი! ის უბრალოდ მატყუებდა, ურთიერთობის ილუზიას ქმნიდა და ამით სარგებლობდა. მინდა, რომ მის ცოლს ვუამბო ყველაფერი, რათა შური ვიძიო მასზე. მინდა იცოდეს, როგორი საშინელი ადამიანია.
ის ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებს. ალბათ ეუბნებოდა, რომ ბევრი სამუშაო ჰქონდა და ჩემთან მოდიოდა. მე საერთოდ არ გამჩენია ეჭვი, ის ასე ოსტატურად მალავდა თავის ოჯახურ მდგომარეობას – არც კი გამიფიქრებია. მის ცოლს რომ ვუამბო, სახლში იჩხუბებენ და ნერვები მოეშლება.
მხოლოდ იმის მეშინია, რომ თუ მის ცოლს ვუამბობ, შეიძლება სიუჟეტში ორი მიმართულებით განვითარდეს: შეიძლება მანაც მოინდომოს შურისძიება ან მისმა ცოლმა დამიწყოს დევნა და შეურაცხყოფის მოყენება, რადგან ცოლები, როგორც წესი, ყველაფერში საყვარლებს ადანაშაულებენ და არა ქმრებს. მე არ მჭირდება ეს ზედმეტი პრობლემები და მისიც მეშინია, რას მოიმოქმედებს, თუ გავაბრაზებ. შეიძლება ცხოვრება გამიფუჭოს.