მალე ნერვები მიღალატებს. მე და ჩემი მეუღლე 8 წელია ერთად ვართ, ჩვენი შვილი 2 წლისაა. შვილი გვიან გავაჩინე, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ეჭვობდა, შეძლებდა თუ არა ბავშვის რჩენას. საბოლოოდ, როგორც იქნა, გადაწყვიტა და შვილი მაშინვე გვეყოლა. მანამდეც გვქონია უთანხმოება, სკანდალები, მაგრამ რატომღაც ყველაფერი სწრაფად ეძლეოდა დავიწყებას – და ისევ სიყვარული, ალერსი.
ორსულობის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: ქმრის ინტერესი სადღაც გაქრა. მე მეგონა ეს ორსულობის გამო იყო, მაგრამ როცა ვიმშობიარე სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. გარეგნულად ისევ ისეთი ვარ, როგორიც ორსულობამდე. ძალიან კარგად მექცევა: სახლში ყველაფერი მოაქვს, ცდილობს, მაგრამ მე ისე მექცევა, როგორც მხოლოდ მისი შვილის დედას – ახლო ურთიერთობა ძალიან იშვიათად, არც მოფერება, არც კოცნა.
როდესაც ამაზე დაველაპარაკე, მითხრა, რომ ვუყვარვარ მხოლოდ როგორც მისი შვილის დედა – სიყვარული კი სადღაც გაქრა. გავბრაზდი, დავიწყე ჩხუბი – ყველაფერი მაღიზიანებდა. მერე ვუთხარი, რომ ან ისეთი გახდება, როგორიც ადრე, ან… ორი თვე მივეცი დასაფიქრებლად. და აი, მისი პასუხი: „წასვლა მინდა. თქვენ არაფერს მოგაკლებთ, მოვალ, ბავშვს ვნახავ, ერთად გავისეირნებთ, მაგრამ ცალკე ვიცხოვრებთ“.
ბავშვს ძალიან ენატრება მამა, როცა სამსახურშია და თუ ერთად არ ვიცხოვრებთ, არც კი ვიცი, როგორი რეაქცია ექნება ბავშვს. შოკირებული ვარ მისი პასუხით. როგორც ამბობენ: თუ არ გსურთ არასწორი პასუხის მიღება, ნუ დასვამთ კითხვას.
მან თქვა, რომ დაიწყებს ბინის ძებნას და მშვიდობიანად დაშორება სურს. მაგრამ როგორ? მე არ მინდა. მე ის მიყვარს. ის ამბობს, რომ ჩვენ ერთმანეთის შესაფერისები არ ვართ. მაგრამ რა საჭირო იყო ბავშვის გაჩენა და მერე დაშორება? გადაწყვეტილება ხომ თავად მან მიიღო. ყოველდღე ისტერიკა მაქვს: ვტირი – დამამშვიდებს, ისევ იმედი მეძლევა: კოცნა მინდა, მაგრამ მიშორებს. რაღაც მომენტში სიახლოვეც გვქონდა, მოფერება, კოცნა – უკეთესი, ვიდრე პირველ პაემანზე, შემდეგ კი ისევ დაიწყო: ”ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ვიცხოვრებთ ცალ-ცალკე”.
არ მესმის, იქნებ ასე „მაშინებს“, რომ დავფიქრდე და მივხვდე, რა კარგი ქმარი შეიძლება დავკარგო, ან იქნებ სერიოზულად ამბობს? მაშინ მინდა ახლავე წავიდე და აღარ ვნახო. აუტანელია მის გვერდით ცხოვრება და ლოდინი როდის იპოვის ბინას. ამბობს, რომ დამეხმარება. ამბობს, რომ იქნებ ეს დაგვეხმაროს – იქნებ მოვენატრო და ურთიერთობაც გამოსწორდეს. არ ვიცი, რა ვიფიქრო…