იცი როგორ ცხოვრობს დედაშენის მეგობრის შვილი? მართალია, ყოველთვის შენზე უკეთესად. ხდება, რომ ბევრი ქალი საკუთარი შვილების მოტივაციისთვის მათ თანატოლებზე საუბრობს, რომლებსაც ყოველთვის ყველაფერი მშვენივრად გამოსდით. რვიანი მიიღე? ნათელა დეიდას ბიჭი ხუთოსანია. მართვის მოწმობა აიღე? ლალი დეიდას შვილი დიდი ხანია მერსედესით დადის, თან შენზე წლინახევრით უმცროსია და ასე შემდეგ. ბევრისთვის ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობია.
სინამდვილეში, ამ მიდგომას, რა თქმა უნდა, მოტივაციის ამაღლება ნაკლებად შეუძლია. ეს უფრო გამაღიზიანებელია და გაიძულებს ეჭვი შეიტანო საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში. ეს მეთოდი ძველია, ის მუშაობდა მაშინ, როდესაც ხალხი სრულიად განსხვავებული იყო. დღესდღეობით ახალგაზრდობის ფსიქოლოგია სულ სხვაგვარად მუშაობს. საჭიროა თანადგომა და მოტივაცია… თუმცა, უფროსი თაობის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ყველაფერი ძველებურად რჩება. როგორ თუ მოეფერო ბავშვს? ის სუსტი გაიზრდება. ჯობს ცოტა მეტი ზეწოლა მოახდინო – ის აუცილებლად აკადემიკოსი გახდება.
როგორ ცხოვრობს დედაჩემის მეგობრის შვილი?
ბავშვობაში ჩემს მშობლებს სერიოზულად სურდათ ჩემი თავის საუკეთესო ვერსის შექმნა. არ ვხუმრობ, კანკალით ვიხსენებ ის დროს. სანამ სკოლა-ლიცეუმში ვსწავლობდი, გაკვეთილების შემდეგ თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ მქონდა. მუდმივად ჩნდებოდა რაღაც წრეები და დამატებითი გაკვეთილები ენებში, ფიზიკასა და მათემატიკაში. პროგრამირება მეხუთე კლასელებისთვის. ახლა ვხვდები, რა სისულელეა ეს, მაგრამ ბავშვობაში სხვა გზა არ მქონდა, ასეთ გაკვეთილებს ვესწრებოდი, როცა ჩემი მეგობრები ერთობოდნენ ან ფეხბურთს თამაშობდნენ.
„წარმატების“ გასამყარებლად, მამაჩემს მაგალითად ხშირად მოჰყავდა ბიჭი, რომლის მშობლებიც ჩემს მშობლებთან მეგობრობდნენ. ის კარგად სწავლობდა და ფენომენალური სპორტსმენი იყო. რას აღარ ამბობდნენ მასზე. მოკლედ იდეალური იყო. მაგრამ უკვე მერვე კლასში ვივარაუდე, რომ ეს საუბრები სხვა არაფერი იყო, თუ არა მშობლების მორიგი ტყუილი. ალბათ მასაც იგივეს ეუბნებოდნენ ჩემზე. და როდესაც ჩვენ პირადად შევხვდით ერთმანეთს, ამაში დავრწმუნდი. შეხვედრა შემთხვევითი იყო, მაგრამ მისი სახელისა და მამის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის.
ის ბიჭი აღარ მინახავს და მასზე ფიქრი შევწყვიტე. იმ დროისთვის უკვე ზრდასრული ვიყავი და სერიოზულად აღარ აღვიქვამდი იმას, რის შეგონებასაც ცდილობდნენ დედა და მამა ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი დავამთავრე, ჩვენს სახლში საუბრებში ხშირად ჩნდებოდა სახელი გიორგი. ყველაზე ხშირად მამა იყენებდა მას, მიუხედავად იმისა, რომ ეს დედაჩემს აღიზიანებდა. ყურადღებას არ ვაქცევდი, ჩემთვის ეს რაღაც ოჯახური ხუმრობასავით იყო. ანდაზის ან გამოთქმის მსგავსი.
მამამ ეს საიდუმლო მხოლოდ ჩემს ქორწილამდე გამიმხილა. მან ბარში დამპატიჟა დასალევად, რადგან, მისი სტანდარტებით, უკვე საკმაოდ ზრდასრული ვიყავი, რომ “ერთ დონეზე” გვესაუბრა. მაგიდასთან დავსხედით და შევუკვეთეთ ყველაფერი, რაც გვსურდა. ატმოსფერო თბილი იყო და ჩემი მშობელი ცოტა დათვრა. ცხადი იყო, რომ რაღაც მნიშვნელოვანის თქმა სურდა. ჩემი გონება სულ სხვა თემებით იყო დაკავებული, ამიტომ მისი ისტორია ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო.
აღმოჩნდა, რომ „იდეალური“ და „უნაკლო“ გიორგი ჩემი ნახევარძმაა. დიახ, მამის მხრიდან. ჩემს მშობლებს არ სურდათ საქმე გაერთულებინათ და ოფიციალური სახე მიეცათ ჩვენი გაცნობისთვის, მაგრამ ახლა, როცა ოჯახის შექმნას ვაპირებდი, მერგო ეს „პატივი“. ის ჩვეულებრივი ბიჭია, ისევე როგორც მე. არც ვუნდერკინდია და არც რაიმე მსგავსი. მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ის ჩემი ძმა იყო, ცოტა ხნით წონასწორობა დამაკარგვინა. მამაჩემთან საუბრის შემდეგ, დიდხანს ვფიქრობდი, დავუახლოვდე მას, თუ სჯობს, რომ ყველაფერი ისე დავტოვო, როგორც არის.
მარინამ, ჩემმა საცოლემ, მირჩია, ეს ფიქრები სხვა დროისთვის გადამედო. მართლაც, სად გაიქცეოდა გიორგი? ჩვენ კი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გვაქვს ჩვენს ცხოვრებაში და ზოგადად სიყვარულში. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი! ასე რომ, გავითვალისწინე მისი რჩევა და ფიქრი სხვა რამეზე გადავიტანე. ქორწილმა, სხვათა შორის, მშვენივრად ჩაიარა. მე და ჩემი მეუღლე ცალკე ბინაში გადავედით საცხოვრებლად. მე ჩემი საქმეებით დავკავდი და მხოლოდ ხანდახან ვიხსენებდი მამაჩემის ნათქვამს.
მერე დრო გამოვნახე მშობლებთან სასაუბროდ და მშვიდად ვისაუბრეთ. ზოგადად, იმ სიტუაციაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. მამაჩემი ორჯერ ყოფილა დაქორწინებული და მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ვაჟი, ეს იყო მთელი ამბავი. ის და მისი პირველი ცოლი მეგობრულად შეუთანხმდნენ ერთმანეთს. მას არ სურდა, რომ ბიჭს მამასთან ურთიერთობა ჰქონოდა, რადგან ამას შეიძლება ხელი შეეშალა მათ ურთიერთობისთვის ახალ ქმართან. მამაჩემს კი ხშირად ახსენდებოდა თავისი პირველი შვილი და უნდოდა, რომ ორივე საუკეთესოები ვყოფილიყავით ჩვენს საქმეში.
გადავწყვიტე, რომ ახალი ნათესავების გარეშეც მშვენივრად ვიქნებოდი, მით უმეტეს, რომ უამრავი საქმე მქონდა. სამსახური, საოჯახო საქმეები, ზოგადად ცხოვრება. მეტიც, მიჩვეული ვარ, რომ ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ. ვინ იცის, როგორი ადამიანია, ეს გიორგი? მეგობარი, მის გარეშეც საკმარისი მყავს. ჩემმა მეუღლემ სრულად დამიჭირა მხარი, თუმცა საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია. მე უბრალოდ გადავწყვიტე ამ გვერდის გადაფურცლა, მომავალში მასზე დაბრუნების გარეშე.
ორი წლის შემდეგ მე თვითონ გავხდი მამა. მე და მარინას ქალიშვილი შეგვეძინა, რომელიც ბებია-ბაბუას ძალიან უყვარდათ. მაგრამ იყო ერთი პრობლემა. ასაკთან ერთად, მამა ძალიან შეიცვალა. მანამდეც შეიძლებოდა ყოფილიყო საკუთარ თავში ჩაკეტილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთი-ორი დღით. ტალღასავით მოაწვებოდა ხოლმე და მერე გადაუვლიდა. ახლა კი დედას ხან ერთი კვირის მანძილზე არ ელაპარაკებოდა. არაფერს ამბობდა, უბრალოდ საკუთარ თავში იკეტებოდა და თავისუფალ დროს ტელევიზორის წინ ატარებდა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს მე და ჩემი მეუღლე მშობლების მოსანახულებლად მივედით. დედამ სუფრის გაშლა დაიწყო, ჩემი ცოლი მას ეხმარებოდა, მე კი მამაჩემის ოთახში შევედი. ის იჯდა მარტო, ხალათში და მისი გამომეტყველებიდან გასაგები იყო, რომ სტუმრების მისაღებად მზად არ იყო. ყოველ შემთხვევაში, მორალურად. სიტყვას სიტყვა მოჰყვა და დავიწყეთ ჩხუბი რაღაც წვრილმანზე. სკანდალი არ მინდოდა, მაგრამ მამაჩემმა ყოველთვის იცოდა სცენების დადგმა. ის ამაში პროფესიონალია.
როცა სუფრასთან დავსხდეთ, მამამ გვითხრა, რომ რაღაც ჰქონდა სათქმელი. აღმოჩნდა, რომ დიდი ხანია აწუხებს ჩემი ნახევარძმის, გიორგის, საკითხი. არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყდა დედამისთან, ბიჭს, მამის აზრით, არასწორად მოექცნენ. ამიტომ მამას სურს, რომ ის სამკვიდროში შეიყვანოს, რათა ყველაფერი სამართლიანად იყოს. სახლის ნახევარი მას უნდა გადაეცეს და წერტილი. მამას მეტი არაფრის თქმა არ სურდა. მაშინ არაფერი მითქვამს და საღამოს დარჩენილი ნაწილი ისე გავატარეთ, თითქოს არაფერი მომხდარიყო.
მაგრამ ახლა, როდესაც მამამ ადვოკატი დაიქირავა, რომ ყველაფერი კანონის მიხედვით გაკეთდეს, მე თვითონ მტანჯავს ეჭვები. ეს ნორმალურია? მათ ოჯახს არცერთ ანდერძში არ ვყავარ შეყვანილი. გიორგის ამ სახლში არასდროს უცხოვრია და ახლა ნახევარი უნდა მიიღოს? რატომ?
მიუხედავად იმისა, რომ მარინა მამშვიდებს და ამბობს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი, მე პირადად ამაში დარწმუნებული არ ვარ. გამოდის, რომ დედაჩემის კი არა, მამაჩემის მეგობრის შვილმა წამართვა ნახევარი სახლი. და მე ის მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. დღემდე არ მჯერა, მაგრამ ვერაფერს ვცვლი. უბრალოდ უნდა ვითმინო ეს ყველაფერი და გავაგრძელო ცხოვრება ისე, თითქოს ეს ნორმალურია. თუ თავად არ ავფეთქდი ერთ “მშვენიერ” მომენტში.