ექვსი წლის წინ მომეცა საშუალება არ მემუშავა – გავთხოვდი და ჩემს ქმარს უნდოდა, რომ სახლში ვყოფილიყავი. მე, 16 წლიდან ვმუშაობდი, იმ დროს ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საშინელი იყო და დავთანხმდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი ქმარი ფულს შოულობდა, მე სახლში ვიყავი. საკმაოდ კარგად დავისვენე, მერე ხელსაქმით დავკავდი, ვცადე საკუთარი პროდუქციის გაყიდვა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
პრობლემა ჩემს ნამუშევრებში არ არის, რადგან დიზაინერის განათლება მაქვს, შეკვეთით ბევრს ვკერავდი. მოხდა ისე, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები გამიჩნდა, დეპრესია. შევწყვიტე ურთიერთობა ყველასთან, შევცვალე ტელეფონის ნომერი და შევცვალე საკუთარი ცხოვრება. როგორც კი სამყაროსთან კონტაქტი დავკარგე, კლიენტების ნაკადი შეწყდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ინტერნეტში ახალი მომხმარებლები ვერ შევიძინე. მთელი ეს წლები თითქოს ბურუსში გავატარე და არ მქონდა არავითარი მიღწევები, საერთოდ არაფერი. მე უბრალოდ უნარები გავიუმჯობესე და ეგ იყო.
ჩემი ქმარი დაიღალა და ჩვენ ვიჩხუბეთ. მომემდურა, რომ ოჯახს მხოლოდ ის არჩენდა. გავბრაზდი და სამსახური ვიპოვე. ზარმაცი არ ვარ: სამ სამსახურში ვმუშაობდი დასვენების დღეების გარეშე და თითოეულ სამსახურში სამი ადამიანის საქმეს ვაკეთებდი. მალევე მომიწია იმ სამსახურიდან წამოსვლა, რადგან დაიწყეს ჩემი მოტყუება. დავიწყე ახლის ძებნა. ჩემმა ქმარმა ნახა, რომ შესაფერის სამსახურს ვერ ვპოულობდი და შემომთავაზა, რომ უბრალოდ სისტემატურად, როგორც სამსახურში, დავკავებულიყავი თვითრეალიზაციით და ჩემი საქმიანობით, რადგან ამას თითქმის არ ვაკეთებდი.
მე მესმის ჩემი ქმრის, ის უბრალოდ დაიღალა – მას მთელი ამ ხნის განმავლობაში შვებულება არ ჰქონია. მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მიიპყრო ყურადღება ინტერნეტში, სპეციალურ გამოფენებზე კი ჩემნაირი დიზაინერები დადიან, მხოლოდ დასათვალიერებლად. ხანდახან მშურს მათი, ვინც პატარა ქალაქებში ცხოვრობს. ჩემს ერთ მეგობარს ჰყავს მეგობარი, რომელიც კერავს; მას მთელი ქალაქი იცნობს, რადგან პატარა ქალაქში ცხოვრობს, სადაც არაფერია. მე დიდ ქალაქში ვცხოვრობ, ზოგი ბედნიერია, რადგან ნებისმიერ სამსახურს ადვილად პოულობს, ზოგი კი უბედურია, რადგან კონკურენცია დიდია და აქ არავის სჭირდები.
შეკვეთები საერთოდ არ არის. რეკლამის გარეშე კლიენტები არ არიან, მაგრამ არც რეკლამით იცვლება რამე. ლამაზ ფოტოებს ვიღებ, პროდუქციის ხარისხი მაღალია, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოა. უფრო მეტიც, ადამიანები კომპლიმენტებს მეუბნებიან, როდესაც იგებენ, რომ თავად ვკერავ, მაგრამ შემდეგ აღარ ინტერესდებიან. თუ ფასით დაინტერესდებიან (ძალიან იშვიათად), მაშინვე „იკარგებიან“, თუმცა ფასი არც ისე მაღალია. დიახ, ალბათ სისტემატიურად უნდა გავაკეთო რეკლამა, მაგრამ ზოგი საერთოდ არ აკეთებს (შეგიძლიათ ნახოთ) და ბევრი შეკვეთები აქვს. ვერ ვხვდები, როგორ.
ყველაფერი, რასაც ჩემი ქმარი შოულობს, ყოველდღიურ ცხოვრებას ხმარდება და ცოტას ვაგროვებთ. ჩემი ქმარი ცოტაოდენ თანხას მაძლევს ჩემი სურვილებისთვის, გარდა საკვებისა და ძირითადი ტანსაცმლისა, რომელიც სასწრაფოდ საყიდელი მაქვს. ჩვენ არ ვართ ღარიბები. ჩემს ქმარს უბრალოდ არ სურს ცხოვრების დონის დაქვეითება: გამოკვლევებს კერძო სამედიცინო კლინიკებში ვიტარებთ, ვცხოვრობთ მშვენიერ ბინაში და ჩემი კარადა სავსეა ფეხსაცმლითა და ნივთებით, მაგრამ ამავდროულად მაინც მიწევს მუდმივად რაღაცის ყიდვა: სახის კრემი, დეკორატიული კოსმეტიკა.
ქსოვილი, თუ კარგ ფასდაკლებაზე შევიძენ, მაინც არ ღირს იაფი. რა შეიძლება შეკერო ზამთრისთვის 1 მეტრიდან? მინიმუმ 2-3 მეტრია საჭირო, პლუს სარჩული, ელვა, ძაფები. ასე რომ, ღირებულება თავისთავად ძვირდება. სავიზიტო ბარათები დავამზადებინე და ამის შემდეგ სოციალური ქსელის გვერდი წამიშალეს, რომელიც სავიზიტო ბარათებზე იყო მითითებული. კინაღამ ვიტირე – გამოყენებული სახელის გამოყენება აღარ შეიძლება.
ვზივარ და ვფიქრობ, რომ ჩემთვის უფრო ადვილია ვიშოვო სამსახური, რომელიც არ მომწონს, ვიდრე გავაკეთო ის, რაც არ მომწონს იმ საქმის გულისთვის, რომელიც მიყვარს. ეს რაღაც ბლოკს ჰგავს! მე მესმის, რომ ეს სისულელეა, მე უნდა დავძლიო ეს ყველაფერი და მიზანს უნდა მივაღწიო, რათა მთელი ცხოვრება სხვისთვის არ ვიმუშაო. მით უმეტეს, რომ ამის ყველა მონაცემი მაქვს: მე ბიზნესმენების ქალიშვილი ვარ და თეორიულად ყველაფერი ვიცი. კარგი პროდუქტი არის, მაგრამ არ არის მოგება. არ ვიცი, რა გავაკეთო…