ჩემს ქორწინებაში ყველაფერი საშინლად არის, მაგრამ არ შემიძლია, რომ მეორე შვილიც მამის გარეშე დავტოვო

539

პირველად, 19 წლის ასაკში ვიმშობიარე, პირველი სიყვარული და ასე შემდეგ… ბავშვის მამა ბედნიერი იყო. მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ მოვიდა და თქვა: ”ჯერ ახალგაზრდა ვარ, მივხვდი, რომ მე ეს არ მჭირდება, გართობა მინდა“. აღმოჩნდა, რომ ვიღაც გოგო გაიცნო და იმას ხვდებოდა, როცა მე ორსულად ვიყავი. 8 წელი გავიდა, ამ ხნის მანძილზე ურთიერთობა არ მქონია, იყო უბრალოდ შეხვედრები, სერიოზული არაფერი.

შემდეგ გავიცანი ჩემი ამჟამინდელი ქმარი, ყველაფერი ძალიან რომანტიკული იყო: ზრუნვა, სიყვარული, ყურადღება – ეს ყველაფერი იყო! გაცნობიდან 6 თვის შემდეგ მან ხელი მთხოვა. ქორწილიდან ექვსი თვის შემდეგ დავორსულდი. პირველი ჩხუბი: ასეთი გინება და შეურაცხყოფა – არასოდეს მსმენია. სწორედ მაშინ მივხვდი რაც გავაკეთე, ისევ შევცდი…

მას შემდეგ ხშირად ვჩხუბობდით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩემს ქალიშვილზე (ჩემს პირველ შვილზე) არ აისახებოდა, მისი თანდასწრებით არ მეჩხუბებოდა. საშინლად იგინებოდა და შეურაცხყოფას მაყენებდა, მალევე დამარტყა კიდეც, მაშინ 7 თვის ორსული ვიყავი. მას შემდეგ გაჩნდა სიძულვილი და გულგრილობა მის მიმართ.

ყველაფერს ის ართულებდა, რომ ერთობლივი ბინა გვქონდა ნაყიდი და თანხის ნაწილი, რომელიც გვაკლდებოდა კრედიტით ავიღეთ. წასასვლელი არსად მქონდა, განქორწინების რატომღაც მეშინოდა. დრო გადიოდა, მისი იმ საქციელის შემდეგ ყველაფერი გასაკვირად მშვიდად იყო. მე ვიმშობიარე, მას თავისი შვილი ძალიან უყვარს. ის ძალიან მეხმარება, როგორც ბავშვის მოვლაში, ასევე სახლის საქმეებში: დალაგება, საჭმლის მომზადება, ძირითადად ყველაფერი მასზეა.

ისევ ვიჩხუბეთ, როცა ჩემი შვილი ექვსი თვის იყო. ისევ დამარტყა, ამ დროს ბავშვი ხელში მეჭირა. სასწრაფოდ წამართვა ტელეფონები და სახლში გამომკეტა, რომ პოლიცია არ გამომეძახებინა და არ გავქცეულიყავი. ამის შემდეგ გავიდა 4 თვე. მასთან ვცხოვრობ ავტომატურ რეჟიმში, ახლო ურთიერთობა კაი ხანია არ გვქონია, როგორც მამაკაცი მეზიზღება. ამ ყველაფრის შემდეგ, მას მაინც ვერ ვშორდები და მის გასამართლებელ მიზეზებს ვეძებ.

მეშინია ურთიერთობის გაწყვეტის, მეშინია, რომ შემდეგი მამაკაცი უარესი იქნება და რაც მთავარია, მეორე შვილსაც ვერ დავტოვებ მამის გარეშე. ის იდეალურია როგორც მამა. მეშინია, რომ ყველა გაიგებს, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ცუდად არის, გარშემომყოფებისთვის ხომ მხიარული და პოზიტიური ადამიანი ვარ.

სრულიად გულგატეხილი ვარ, თავს რაღაცნაირად უიღბლოდ ვთვლი. ვოცნებობ, რომ საყვარელი გაიჩინოს, იქნებ ჰყავს კიდეც – ერთი წელია ახლო ურთიერთობა არ გვქონია და მასთან წავიდეს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს არ მოხდება, ის ძალიან არის დამოკიდებული სხვების აზრზე. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგი იყოს სხვების თვალში. არ ვიცი როგორ გავაგრძელო ცხოვრება, სიტუაცია ნამდვილად არ გაუმჯობესდება, სამსახურში დაბრუნება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიწევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს