მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ზოგიერთი დაავადება ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ამოხსნილი.
ისეთი დაავადებები, როგორიცაა ართრიტი, დიაბეტი ან ჰიპერტენზია, ყველასთვის ცნობილია – და ექიმები მათ მიზეზებს მრავალი წელია სწავლობენ. ზოგადად, ჩვენ ვიცით, რა იწვევს მათ და როგორ ვუმკურნალოთ. მაგრამ ასევე არსებობს მთელი რიგი იდუმალი და გაუგებარი სინდრომები.
მათ წარმომავლობაზე ვივიენის დღევანდელ სტატიაში ექიმები: ეკატერინა დომბროვსკაია და ელენა პარეცკაია საუბრობენ.
თავი თითქოს „მიფეთქდება“
ექიმები წლების განმავლობაში კამათობენ იმის შესახებ, თუ მედიცინის რომელ დარგს მიაკუთვნონ „ფეთქებადი თავის“ სინდრომი. ერთი მხრივ, ეს არის ძილის დარღვევა და ნევროლოგიური პათოლოგია, მეორე მხრივ, ეს არის სტრესის შესაძლო გავლენა და ფსიქიკური პრობლემა. თავად ამ აშლილობის მქონე ადამიანებს აქვთ ძალიან სპეციფიკური ჩივილები – პირდაპირ ძილის წინ, ჩაძინებისას, ან ზედაპირული ძილის ფაზაში არის ძლიერი ხმაურის ან აფეთქების ხმა.
„აფეთქების“ მომენტში ადამიანები ასევე ხედავენ შუქის ციმციმს, უძნელდებათ სუნთქვა და ჩნდება პანიკა. ითვლება, რომ ამის მიზეზი არის ძლიერი სტრესი.
პირველი, რასაც ფსიქოთერაპევტები გვირჩევენ, არის შვებულება, სათანადო დასვენება და გონებრივი განტვირთვა. ადამიანების უმეტესობისთვის ამ ყველაფრის შედეგად სიმპტომები ქრება.
40 ოჯახი, სადაც არავის სძინავს
კიდევ ერთი იდუმალი და მტკივნეული ფენომენი თავად ადამიანებისთვის არის „ფატალური ოჯახური უძილობის“ სინდრომი. პათოლოგია იშვიათი და განუკურნებელია, ის მემკვიდრეობით გადაეცემა. დღეს სამედიცინო წყაროებში აღწერილია მხოლოდ 40 ოჯახი, რომლებმაც დახმარებისთვის ექიმებს მიმართეს. შესაძლოა, სინამდვილეში უფრო მეტი პაციენტია.
ძირითადი გამოვლინებებია – ძილის ხანგრძლივობის შემცირება, დაღლილობის მზარდი შეგრძნება, ჰალუცინაციების განვითარება და ძლიერი თავის ტკივილი. როდესაც ეს გრძელდება, ადამიანები იღუპებიან, რადგან ორგანიზმს უბრალოდ არ შეუძლია დასვენება და ძილი. ექიმები მიიჩნევენ, რომ მიზეზი ჰიპოთალამუსის დაზიანებაა, რომელიც ძილის პროცესებს არეგულირებს. დაავადება ჩვეულებრივ 50 წლის შემდეგ ჩნდება და ტანჯვის ხანგრძლივობა 7-8 თვიდან წელიწადნახევარამდე გრძელდება.
თანდაყოლილი ანალგეზია – როცა ტკივილი საერთოდ არ არის
კიდევ ერთი გენეტიკური ანომალია, როდესაც ტკივილის შეგრძნება არ არსებობს ნერვულ ბოჭკოებში იმპულსების გამტარობის დარღვევის გამო. ასეთი ადამიანები საერთოდ არ გრძნობენ ტკივილს, რაც არ უნდა დაემართოთ – ფეხი მოიტეხონ, მყესი დაიზიანონ თუ დაიწვან. მაგრამ მშვიდი ცხოვრების ნაცვლად, ეს ადამიანები, ვისთვისაც უცხოა ტკივილი, მუდმივად რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს, რადგან სწორედ ტკივილი იცავს სხეულს სასიკვდილო დაზიანებებისა და საშიში სისხლდენებისაგან.
ეს განსაკუთრებით რთულია ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ სიარულს, სამყაროს შესწავლას და ნებადართულის საზღვრების განსაზღვრას. აღწერილია ენის მძიმე დაზიანებების საშინელი შემთხვევები, რომლებიც მოხდა კბილების ამოსვლისა და ქსოვილების „ღეჭვის“ გამო. ხშირად ასეთი ბავშვების ექსპლუატაციას ახდენენ მესამე სამყაროს ქვეყნებში ქუჩის მოგზაურ ცირკებში – ისინი დადიან ნახშირზე, სხეულს ნემსებით იხვრეტენ და თავს ისახიჩრებენ. აღსანიშნავია, რომ ისინი გრძნობენ სხვა სახის მგრძნობელობას – სიცივეს, წნევას, გემოს და სიცხეს.
ადამიანი ღიმილის გარეშე
ამ თანდაყოლილ ანომალიას მეცნიერულად უწოდებენ მებიუსის სინდრომს, რომლის დროსაც ზიანდება კრანიალური ნერვების ბირთვები და ყალიბდება სახის ნერვის დამბლა. მიმიკური კუნთების მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ამ ადამიანებს არ შეუძლიათ არა მხოლოდ გაღიმება, არამედ პრაქტიკულად არ აქვთ არანაირი მიმიკა, უჭირთ პირის გაღება და საკვების გადაყლაპვა. მათი სახე გაყინულ ნიღაბს წააგავს პირისა და თვალების დახრილი კუთხეებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს პათოლოგია აღწერეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს, ეფექტური მკურნალობა დღემდე არ არის ნაპოვნი.
არლეკინის სინდრომი
მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულის ნახევარი ფერმკრთალია და არ ოფლიანდება, ხოლო სხეულის მეორე ნახევარი ვარდისფერია და ოფლიანობს. ეს ფერის ცვლილება ხდება დატვირთვის, ემოციური სტრესის ან ჰორმონალური ცვლილებების გამო. მაგრამ ზოგჯერ ეს სინდრომი შეიძლება იყოს გულის მანკის (თუ ახალშობილია) ან თანდაყოლილი იქთიოზის პირველი მანიშნებელი.
“ორეულის” სინდრომი
ის მიეკუთვნება ფსიქიკური აშლილობების კატეგორიას, რომლის დაჯერებაც სხვებისთვის ძნელია. ადამიანი, რომელსაც ეს პათოლოგია უვითარდება, შეტევების მომენტებში აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს ანაცვლებენ ორეულები – უცხოური სადაზვერვო სამსახურების ჯაშუშები, უცხოპლანეტელები ან მონსტრები. ექიმები ამ სინდრომს ბოდვითი კომპონენტების მქონე შიზოფრენიის სახეობად მიიჩნევენ.
„ზამთრის ქარების“ დაავადება
ეს არის კავასაკის სინდრომის რომანტიული სახელწოდება. ეს არის იშვიათი აუტოიმუნური პათოლოგია, რომელიც ძირითადად აზიელებში ჩნდება წლის გარკვეულ დროს – ჩვეულებრივ ზამთარში და შემოდგომაზე, როცა ცივი ქარი უბერავს.
ადრე ვარაუდობდნენ, რომ სინდრომი დაკავშირებული იყო გარემოს გარკვეულ ნივთიერებებზე რეაქციებთან. მაგრამ Covid-ის პერიოდში სინდრომის გახშირებამ აიძულა მეცნიერები თავიანთი აზრისთვის გადაეხედათ. ზუსტი მიზეზი არ არის ნაპოვნი. ამ დაავადების დროს იმუნური სისტემა ფაქტიურად შთანთქავს საკუთარ უჯრედებს სისხლძარღვების კედლებსა და გულში. თუ მას არ შეაჩერებენ, შეიძლება ყველაფერი კატასტროფულად დასრულდეს.