ჩემი მეუღლის მშობლებს გაუხარდათ, რომ მათ შვილთან 6 წლიანი ქორწინების შემდეგ დავორსულდი. შვილი ჯერ არ გამიჩენია, მაგრამ ალბათ უკვე დეპრესიაში ვარ. არ მახსოვს ბოლოს როდის გავიცინე ამ 9 თვის განმავლობაში. არ მახსნედება, რომ კარგ განწყობაზე ვყოფილიყავი მთელი დღის განმავლობაში.
ჩემი დედამთილი და მამამთილი სამოთახიან ბინაში ცხოვრობენ, დედამთილის ძმასთან და მის ქალიშვილთან ერთად. ბინა არ არის პრივატიზებული. ასე ცხოვრობენ 30 წელია. ჩვენ ვცხოვრობდით ბინაში, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იყო. დოკუმენტების მიხედვით, ბინა ჩემი დედამთილი და მისი ძმის არის. ამ სახლის დანგრევა იგეგმება, რაც 6 წელიწადში მოხდება, ეს საუკეთესო შემთხვევაში. ბინა ჩვენ თვითონ გავარემონტეთ, რადგან ბინაში ყველაფერი საშინელი იყო, განსაკუთრებით კი ტარაკანები.
2 წელი მშვიდად ვცხოვრობდით, სანამ ჩვენთან ჩემი მული და მისი ქმარი არ გადმოვიდოდნენ. ისინი შინაური გველების მოყვარულები არიან. სახლში გაჩნდა ტარაკანები და სხვა ცხოველები მათ გამოსაკვებად, რომლებიც 24/7 ხმებს გამოსცემდნენ. სახლში მუდმივად სიბინძურეა, რადგან სახლს არ ალაგებენ, ქმარი „მამაკაცია“, ცოლს კი უბრალოდ ეზარება.
5 თვის ორსული რომ ვიყავი, დედამ დაჟინებით მოითხოვა, რომ ნაქირავებ ბინაში გადავსულიყავით. ის ხედავდა, რა პირობებში ვცხოვრობდით. ბინის ქირის ნახევარს დედა იხდის. ახლა მისგან 5 წუთის სავალზე ვცხოვრობთ. ნაქირავებ ბინაში უბრალო რემონტია, მაგრამ ყოველთვის სუფთაა და ჩვენ ცალკე ვცხოვრობთ.
ჩემი ქმრის მშობლები პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ დედაჩემს უნდა გაეყიდა თავისი ბინა, რომელიც გაქირავებულია და ფული მოეცა ჩვენთვის პირველი შენატანისთვის (დედაჩემს ორი ბინა აქვს) და გარკვეულ თანხას ისინიც დაგვიმატებდნენ. მათ თქვეს, რომ მათ წილს დედამთილის ძმა გამოისყიდიდა და, ბოლოს და ბოლოს, ცალ-ცალკე იცხოვრებდნენ. დედაჩემმა გადაწყვიტა მართლა გაეყიდა ჩვენი ბინა, ნახევარი ჩემთვის მოეცა და ნახევარი თავის ბინაში ჩაედო.
მაგრამ საბოლოო ჯამში, დედამთილის ძმა არ აპირებს ფულის მიცემას და რაიმეს გამოსყიდვას. დედამთილმა და მამამთილმა მითხრეს, რომ ის თანხა, რომელსაც დედაჩემი მომცემს, არ იქნება საკმარისი საერთო ბინის საყიდლად. ისინი ძალიან ღელავენ, რომ მათ შვილს „გადავაგდებ“ და ბინაში მათ წილებს მე „მივიტაცებ“. ამავე მიზეზით, ბავშვი უნდა დავარეგისტრიროთ ჩემთან.
დედაჩემი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მშობიარობის კონტრაქტი გამეფორმებინა. მან თავად გადაიხადა მშობიარობის საფასური, იყიდა ეტლი, ზურგზე მქონდა პრობლემები, გადამიხადა ექიმების ფული. ამ 9 თვის განმავლობაში მან საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა ჩემი მეუღლისა და ჩემი პრობლემების მოსაგვარებლად.
ჩემს ქმარს ფული მუდმივად არ აქვს. დიახ, ვალები გვაქვს, მაგრამ როცა ნაქირავებ ბინაში არ ვცხოვრობდით, ეს არ შემიმჩნევია. მთელ ფულს ის ინახავს. ახლა შემოსავალი არ მაქვს, რადგან ოფიციალურად არ მიმუშავია. პირველადი შენატანის თანხის არსებობის პირობებშიც კი იპოთეკის გადახდა ახლა ძალიან გაგვიჭირდება. ეს ჩემი მეუღლისგან მოვისმინე, როცა 9 თვის ორსული ვიყავი. შეგვეძლო დედაჩემის ბინაში გადავსულიყავით, რომელიც ქირავდებოდა, მაგრამ დედაჩემმა უკვე დადო გარიგება.
ჩემთვის ყველაზე „მშვენიერი“ კი ის არის, რომ როცა დახმარებას ვითხოვ, ჩემი ქმრის ნათესავები რაღაცებს იმიზეზებენ. მხოლოდ მიზეზები და სიცილი, მათ კომფორტში არ უცხოვრიათ, მაგრამ შვილები როგორღაც გაზარდეს. მე ვთხოვე, რომ ჩვენი ძაღლი სულ მცირე, ერთი თვით წაეყვანათ თავიანთთან. სიმფიზიტისა და მუდმივი ზურგის ტკივილის გამო ახლა მას ვერ ვასეირნებ. რამდენჯერმე უკვე წავიქეცი და მუცელზე დავეცი. მაგრამ პასუხად გავიგონე: „ეს ხომ პასუხისმგებლობაა, ჩვენ მას ნამდვილად დავკარგავთ”.
ტირილი მინდა, რადგან მტკივა, მაგრამ ყოველ დღე მაინც გამოვდივარ სასეირნოდ. ვლოცულობ, რომ ძაღლმა არ გამწიოს და ისევ არ წავიქცე. თავს ცუდად ვგრძნობ. ორსულობა ჩემთვის ძალიან რთულია. უკვე 2 თვეა მანქანით 30 წუთზე მეტს ვერ ვმგზავრობ, რადგან თითქოს ძვლები მემტვრევა შიგნით. ერთი კვირის წინ ჩემი დედამთილის დაბადების დღეზე წავედით, უბრალოდ მისალოცად. როცა მკითხეს, მიხარია თუ არა ორსულობა, გულწრფელად ვუთხარი, რომ არა და რომ ძალიან მიჭირდა. საპასუხოდ მხოლოდ სიცილი გავიგონე.
არ ვიცი სად ვიცხოვრებთ ბავშვის დაბადების შემდეგ. მესმის, რომ ქირის გადახდას ვეღარ შევძლებთ და ალბათ მოგვიწევს ხუთსართულიან კორპუსში დაბრუნება, სადაც ლიფტი არ არის და ეტლის ტარება თავად მომიწევს. ყოველდღიურად ერთ საათს ისევ სახლის დალაგებას დავუთმობ, რადგან მიჩვეული არ ვარ სიბინძურეში ცხოვრებას. ისევ ვერ დავიძინებ ღამის 2-3 საათამდე, რადგან ჩემი მული და მისი ქმარი ოთახში ხმამაღლა ჩართავენ ტელევიზორს ან კომპიუტერს.
ჩემი შვილი იცხოვრებს პატარა ოთახში, რადგან დიდი ოთახი ჩემი მულის ქმარს უკავია, იმიტომ, რომ მათ უფრო ბევრი ნივთები აქვთ და არაფრის გადაგდებას არ აპირებენ, რის გამოც ოთახს ვერ გაგვიცვლიან. არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე ამ სიტუაციაში…