17 წლის ასაკში ბებიასთან გადავედი საცხოვრებლად მის 2-ოთახიან ბინაში. ახლა უკვე 29 წლის ვარ. ჩემი ძმაც ცხოვრობდა ბებიასთან ცოტა ხანს, როცა 18 წლის იყო. მერე გადავიდა, დაქორწინდა და ახლა ორი შვილი ჰყავს. მან და მისმა მეუღლემ იპოთეკით აიღეს სტუდიის ტიპის ბინა. მოგვიანებით სტუდიო გააქირავეს და უფრო დიდი ბინა იქირავეს. ახლა ისინი მესამე შვილს ელოდებიან.
დედაჩვენს თავისი ახალი ცხოვრება აქვს მამინაცვალთან და მათ საერთო ქალიშვილთან ერთად, ის უკვე 22 წლისაა. ასევე მყავს მამიდა და ბებია მამის მხრიდან. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ახლა ურთიერთობები გაფუჭდა, რადგან მამაჩემი მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ბინა მე და ჩემმა ძმამ უნდა მივიღოთ მემკვიდრეობით. თურმე არსებობს ანდერძი, რომელიც მამაჩემმა 25 წლის წინ დაწერა.
ამ დროს აღმოჩნდა, რომ თურმე ნათესავებს საერთოდ არ გვქონია მეგობრული ურთიერთობა. მეჩვენება, რომ დედაჩემმა და ჩემმა ძმამ ჩემი მოტყუება გადაწყვიტეს ბინასთან დაკავშირებით. თეორია ასეთია: ჩემი ძმა მესამე შვილს ელოდება და მას უფრო სჭირდება ბინა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე ბებიის ბინაც და არის ლაპარაკი იმაზე, რომ მე შეიძლება მისი ბინა მივიღო, თუ ბებიაჩემი დემენციით დაავადდება, თუ ჩაწვება და თუ მე მას მოვუვლი. ისე, თუ ჩემი, როგორც მომვლელის “მომსახურება” საჭირო არ იქნება, მაშინ ბინა დედაჩემის იქნება. ამ პირობებიდან გამომდინარე, ამის იმედი საერთოდ არ მაქვს.
ამიტომ, მამაჩემის ბინის ნახევარი სულაც არ იქნება ჩემთვის ზედმეტი. მაგრამ ჩემი ახლობლები ჩემზე უხეშ ზეწოლას ახდენენ, უნდათ, რომ წილი ჩემი ძმის სასარგებლოდ დავთმო, რათა მას გაუადვილდეს დარეგისტრირება მხოლოდ საკუთარ სახელზე. და სამივე მათგანი (დედა, ძმა და მისი ცოლი) პირობას დებს, რომ ჩემი ძმის და მისი ცოლის სტუდიას მე დამითმობენ მას შემდეგ, რაც მემკვიდრეობის მიღებაზე უარს ვიტყვი ჩემი ძმის სასარგებლოდ. სტუდია შეძენილია, ორივე მეუღლის თანხებით, რაც, ჩემი აზრით, ართულებს ყველაფერს.
მთხოვენ სასწრაფოდ უარი ვთქვა მემკვიდრეობაზე. მე მათ სიტყვაზე უნდა ვენდო და უნდა დავთმო ნახევარი! მე სულელი არ ვარ! ეს ყველაფერი წლების მანძილზე გაგრძელდება, თუ საერთოდ არ “გადამაგდებს”. დედა და ძმა დანაშაულის გრძნობაზე თამაშს ცდილობენ. ჩემი მამინაცვალი და დაც კი (დედაჩემის და მამინაცვალის ქალიშვილი) მსაყვედურობენ, რომ არ ვენდობი ჩემს უახლოეს ნათესავებს, თუმცა ეს ამბავი მათ საერთოდ არ ეხება.
მორალურად ძალიან მიჭირს. საბინაო საკითხის გამო ჩემი ნათესავების მთელი საზიზღარი ბუნება გამოაშკარავდა. მათ უნდათ გააკეთონ ის, რაც მათთვის არის მომგებიანი, მაგრამ ამავე დროს არ ავიწყდებათ ჩემთვის შეურაცხყოფის მიყენება და დადანაშაულება, რომ უცხოსავით ვიქცევი, რადგან არ ვენდობი ჩემს ძმას და დედას. უნდა ვენდო? არა! მეც უნდა ვიფიქრო საკუთარ ინტერესებზე.
მე მაქვს გარკვეული დანაზოგი საკუთარი სახლის შესაძენად. სამომავლოდ მინდა დავამატო ბინის ჩემი წილის გაყიდვიდან მიღებული თანხა და ვიყიდო ბინა სადაც მინდა და როცა მინდა. არ ვიცი, როგორ გამოიყურება ეს სიტუაცია სხვის თვალში და არ ვიცი, ვიქცევი თუ არა სწორად…