როდესაც შინაგანი ბავშვი ბედნიერი არ არის. ფსიქოლოგმა დაასახელა 9 ნიშანი იმისა, რომ საკუთარი თავი არ გიყვართ

548

როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

იმისათვის, რომ თავი ნამდვილად ბედნიერად იგრძნოთ, თქვენ უნდა გიყვარდეთ თქვენი შინაგანი ბავშვი. ამიტომ აუცილებელია იზრუნოთ საკუთარ თავზე, გესმოდეთ საკუთარი საჭიროებები და სურვილები, მიიღოთ საკუთარი თავი! ფსიქოლოგმა ევგენია პოგუდინამ განმარტა, რა ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ (ჯერ-ჯერობით) არ გაქვთ ამის უნარი.

ყველა ჩვენი დამოკიდებულება ბავშვობიდან მოდის. ჩვენი ქცევა დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ვსწავლობდით ამ სამყაროში ცხოვრებას ადრეულ ასაკში. ბავშვობა არის საფუძველი, რომელზედაც შენდება არა მხოლოდ ცხოვრება, არამედ საკუთარი თავის სიყვარული.

არის რამდენიმე ნიშანი, რომელიც ყველაზე თავდაჯერებულ ადამიანებშიც კი მიუთითებს იმაზე, რომ საკუთარი თავი არ უყვართ. ამის შესახებ პოგუდინამ ისაუბრა თავის წიგნში “შინაგანი ბავშვის განკურნება”.

გსურთ, რომ ყველას თქვენი შურდეს

„შეიძლება იყოთ წარმატებული, მიაღწიოთ დასახულ მიზანს და აირჩიოთ ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო. ერთი შეხედვით, რა არის ამაში ცუდი? მაგრამ თუ თქვენ მოქმედებთ მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმეს რაღაც დაუმტკიცოთ ან ვინმეზე უკეთესი იყოთ, მაშინ, სავარაუდოდ, ვინმეს გადარებდნენ ან გეუბნებოდნენ, რომ საკმარისად არ ცდილობთ და უკეთესადაც შეგიძლიათ“, – ამბობს ევგენია პოგუდინა. .

ბავშვობაში ბევრს ჰქონია სიტუაცია, როდესაც მშობლები მას ვინმე გიორგის ადარებდნენ, რომელიც უფრო ძლიერი და ჭკვიანი იყო. კიდევ უფრო უარესია, თუ მშობლებს მაგალითად საკუთარი თავი მოჰყავდათ და მოითხოვენ იგივე შედეგების მიღწევას.

„პატარა ბავშვს არ შეუძლია „დაეწიოს და გაუსწროს“, მაგრამ მშობლებისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილი საბოლოოდ შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვეს. შეჯიბრება დამღლელია და ძირს უთხრის თავდაჯერებულობას, რაც აჩენს კითხვებს: საკმარისად კარგი ვარ?” – ამბობს ფსიქოლოგი.

ხართ შრომისმოყვარე და არ იცით როგორ დაისვენოთ

”მიღწევა, შრომისმოყვარეობა, მუდმივი გადატვირთვა, დასვენების არ ცოდნა – ეს თქვენზეა? ეს ნიშნები ხშირად იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ არ იცით თქვენი საჭიროებები და ჭეშმარიტი სურვილები. ეს კი ნიშნავს, რომ საკუთარი თავი არ გიყვართ. საკუთარი თავის სიყვარული არის საკუთარ თავზე ზრუნვა, თანაგრძნობითა და ემპათიით. წარმატებისკენ სწრაფვა არ უნდა იყოს ძალით, ტკივილით და საკუთარი თავის დაძლევით“, – განმარტავს ექსპერტი.

ისე დაიღალეთ, რომ აღარაფერი გაინტერესებთ

ხშირად შეგიძლიათ ნახოთ კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც თანამედროვე ტენდენციად იქცა – სულ უფრო მეტი ადამიანი ყურადღებას აღარ აქცევს საკუთარ თავს და სრულიად დაკარგულად გამოიყურება.

„ესენი არიან ბავშვები, რომლებსაც ბავშვობაში თამაში დააკლდათ. მათმა მშობლებმა ნაადრევად ჩართეს შვილები განვითარების აქტივობებში, განათლებასა და წვრთნებში, რითაც მათ ნამდვილი ბავშვობა დააკარგვინეს. ზრდასრულ ასაკში, ასეთი ბავშვები ისე იღლებიან, რომ საერთოდ აღარაფერს აკეთებენ“, – ამბობს პოგუდინა.

სიცოცხლის გადადება „შემდეგისთვის“

„კიდევ ერთი არააშკარა ნიშანი იმისა, რომ საკუთარი თავი არ გიყვართ არის ის, თუ ცხოვრების გადადების სტრატეგიას მიჰყვებით“, – ამბობს ფსიქოლოგი.

ეს გამოიხატება მაშინ, როცა ადამიანები რეალურ ცხოვრებას რაღაც შორეული მომავლისთვის გადადებენ ხოლმე და ფიქრობენ, რომ ბედნიერება მოვა, როცა დაქორწინდებიან, შვილი ეყოლებათ, სასურველ სამსახურს იპოვიან, სხვა ქვეყანაში გადავლენ საცხოვრებლად და ა.შ.

„უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვებმა იციან როგორ დატკბნენ მომენტით. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ჩვენი მშობლები ძალიან ადრე გვაშორებენ ამ პროცესს და ჩვენს დროს რაღაც უფრო „სასარგებლოს“ უთმობენ“, – განმარტავს ექსპერტი.

გინდათ, რომ ყველას უყვარდეთ

ბევრი ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს მოიპოვოს მშობლების, მეგობრებისა და უფროსების მოწონება.

„ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ქმედებებითა და მიღწევებით გვაფასებენ. სინამდვილეში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვისმინოთ: „შენ არსებობ, მე გხედავ და ეს ძალიან მახარებს“. მაგალითად, ბავშვს, რომელმაც პირამიდა ააწყო, უბრალოდ უნდა, რომ მას შეხედოთ. მას არც აღტაცება სჭირდება და არც ნოტაციები. მისთვის უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ მას მოსიყვარულე მზერა აჩუქონ. სწორედ ასეთ ადრეულ ასაკში ვღებულობთ შეფასების გზავნილს და ვიწყებთ საკუთარი თავის განსჯას კატეგორიებში „რამეს კარგად ვაკეთებ თუ არა?”, „კარგი ვარ თუ ცუდი? ”, – განმარტავს ევგენია პოგუდინა.

ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი მოთხოვნილების დაკმაყოფილება: „მე ვარსებობ და ეს მახარებს“.

თქვენ მუდმივად აუფასურებთ საკუთარ თავს

„კომპლიმენტების მიღების არ ცოდნა ან მათი გაუფასურება არის კიდევ ერთი არააშკარა ნიშანი, რომ საკუთარი თავი არ გიყვართ. მაგალითად, გეუბნებიან: „შესანიშნავი კაბაა! ძალიან გიხდება!“ თქვენ კი პასუხობთ: ”დიდი არაფერია, ეს კაბა უკვე სამი წელია კარადაში ჰკიდია“. ამით თქვენ აუფასურებთ არა კაბას, არამედ საკუთარ თავს, თქვენს იქ ყოფნას და სილამაზეს. ეს სიყვარულის გამოვლინებაა? – ამბობს ფსიქოლოგი.

ბევრი არ გჭირდებათ

არიან წარმატებული და უზრუნველყოფილი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ბევრს ზოგავენ საკუთარ თავზე, კომფორტსა და ცხოვრების ხარისხზე. შეიძლება მშივრებმა იარონ, საჭირო ნივთებიც კი არ იყიდონ და უგულებელყონ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რადგან ეს დროისა და ფულის კარგვაა.

„ეს იმიტომ ხდება, რომ ბავშვობაში მათი მოთხოვნილებები სრულად არ კმაყოფილდებოდა. ახლა კი არ იციან როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე“, – ამბობს ევგენია პოგუდინა.

მზად ხართ ბევრი აპატიოთ და მოითმინოთ

ტოქსიკურ გუნდში მუშაობა ან უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა – ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ საკუთარი თავი არ გიყვართ.

„თუ სამსახურში ატმოსფერო დამთრგუნველია, მაგრამ არაფერს ცვლით, ესეც ბავშვობისდროინდელი პრობლემაა. ჩვენს ფსიქიკას აქვს პარადოქსული თვისება – ნაცნობი გარემო ჩვენთვის უსაფრთხოდ გვეჩვენება, მაშინაც კი, თუ ის სინამდვილეში ასე არ არის“, – გვაფრთხილებს ექსპერტი.

თუ ადამიანი ბავშვობაში ცხოვრობდა ტოქსიკურ ოჯახში, სადაც ურთიერთობები არაჯანსაღი იყო, მაშინ კარგი და მეგობრული გუნდი მას სახიფათოდ მოეჩვენება. ეს იმიტომ, რომ მან არ იცის როგორ მოიქცეს მსგავს სიტუაციაში, მიაჩნია ფსიქოლოგს.

მოუსმინეთ საკუთარ სხეულს

ის, რომ საკუთარი თავი არ გიყვართ, შეიძლება სხვა ნიშნებითაც გამოვლინდეს – ასე ორგანიზმი გაძლევთ ნიშანს, რომ დროა იფიქროთ საკუთარ ცხოვრებაზე და იმაზე, გიყვართ თუ არა საკუთარი თავი.

”სხეულს ვერ მოატყუებ. მან ჩვენზე უკეთ იცის, როდის გვჭირდება რაღაცის შეცვლა და გვაძლევს ნიშანს. სპაზმები, დაძაბულობა, დაბალი იმუნიტეტი, ავადმყოფობა – ეს ყველაფერი არის ნიშნები, რომლებიც უნდა გადამუშავდეს, არათუ ჩაიხშოს აბებით“, – ამბობს ევგენია პოგუდინა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს