სიმწარე როგორც იაფ, ასევე ძვირადღირებულ მზესუმზირის ზეთში გვხვდება. ზოგჯერ ახალნაყიდ პროდუქტს უკვე უსიამოვნო მწარე გემო აქვს. ყველაზე ხშირად ზეთი მწარდება სახლში, შენახვის დროს. ზოგი ამბობს, რომ უმჯობესია ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ და ასეთი ზეთი არ გამოვიყენოთ. სხვები დამძაღებულ ზეთს უპრობლემოდ მოიხმარენ.
ვივიენი გთავაზობთ გაარკვიოთ, რა იწვევს ასეთ უსიამოვნებას და საზიანოა თუ არა დამძაღებული ზეთის მოხმარება სინამდვილეში. გაიგებთ ამ ღირებული პროდუქტის აღდგენის სამი მეთოდის შესახებ და სად შეიძლება მისი გამოყენება. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, როგორ მოაშოროთ სიმწარე მზესუმზირის ზეთს სახლის პირობებში და რას ნიშნავს მღვრიე ნალექი ასეთ ზეთში.
როგორ მივხვდეთ, რომ მზესუმზირის ზეთი გაფუჭებულია
პირველ რიგში, ზეთი დასუნეთ და ყურადღებით დააკვირდით. გაფუჭებულ ზეთს ახასიათებს მღვრიე ნალექი, უსიამოვნო სუნი და მწარე გემო. ამ შემთხვევაში ზედმეტი ცერემონიის გარეშე სანაგვეზე მოისროლეთ. თუ დრო გაქვთ, უვარგისი ზეთისგან ოლიფა მოამზადეთ.
გაითვალისწინეთ, რომ შედარებით ახალ მცენარეულ ზეთსაც მწარე გემო შეიძლება ჰქონდეს. ხშირად სიმწარე ჩნდება ჟანგვის პროცესების გამო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მზა პროდუქტი დიდხანს ინახებოდა მზის გულზე ან დიდხანს ჰაერის ზემოქმედების ქვეშ იყო. გაფუჭების მეორე ვარიანტი იმაში მდგომარეობს, რომ ზეთი ჯერ კიდევ მომზადების ეტაპზე უხარისხო თესლისგან დაამზადეს. ამ მიზეზით დაჟანგული ზეთი არც ისე სასიამოვნო გემოს და არომატს იძენს. ქვემოთ გავარკვევთ, შეგვიძლია თუ არა გავლენის მოხდენა შექმნილ ვითარებაზე.
როგორ მოვაშოროთ სიმწარე ზეთს სახლის პირობებში
ყველაზე ხშირად სიმწარე არარაფინირებულ მზესუმზირის ზეთში ჩნდება. ხალხური მეთოდები, როგორიცაა გაფუჭებულ ზეთში ხის ნახშირის ან დაქუცმაცებული ლობიოს ჩაყრა, შედეგს არ იძლევა. თუმცა თუ ხედავთ, რომ შეძენილი მზესუმზირის ზეთი ახალია, მსუბუქი სიმწარის მოშორება შესაძლებელია და გიამბობთ როგორ.
მეთოდი №1
მცენარეული ზეთი ტაფაში ჩაასხით და აადუღეთ. შემდეგ ერთი დიდი ხახვი (ოდნავ შემწვარი) დაუმატეთ. როცა ზეთი გაცივდება, ბოთლში გადაასხით. უკვე ცივ პროდუქტს 1 ჩ/კ ქვის მარილი დაუმატეთ. 1–2 კვირაში სიმწარე უნდა გაქრეს.
მეთოდი №2
მზესუმზირის ზეთში სიმწარის გასაქრობად ზეთით სავსე ჭურჭელში (ქილა, ბოთლი) ახალგათლილი სტაფილო ჩადეთ. ითვლება, რომ ნარინჯისფერი ბოსტნეული ზეთს არა მხოლოდ მწარე გემოს აშორებს, არამედ ყველა უცხო სუნს შთანთქავს.
მეთოდი №3
თუ თქვენი ზეთი საკმაოდ დიდხანს ინახებოდა და ამის გამო მწარე გემო შეიძინა, ვერაფერს გახდებით, ყველაფერს თავისი ვადა აქვს. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მისი შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად, ზეთში მწიკვი მარილის დამატებაა. ამასთან ზეთს თავსახური მჭიდროდ არ უნდა დაახუროთ. ჭურჭელს თავზე ბამბის ქსოვილი შემოახვიეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ.
ასეთ ზეთში სარგებელი თითქმის არ რჩება, ამიტომ სალათში ან სუფთა სახით არ გამოიყენოთ. უკიდურეს შემთხვევაში ცომეულში ან პროდუქტების შეწვისას გამოგადგებათ. არ იდარდოთ, შეწვისას სხვა პროდუქტები არ გაფუჭდება. როგორც წესი, მხოლოდ არარაფინირებული ზეთი მწარდება. თუმცა ბევრი ყიდულობს სწორედ ამ პროდუქტს სასარგებლო მიკროელემენტების გამო. თუ გსურთ, დარწმუნებული იყოთ, რომ მზესუმზირის ზეთი არ ამწარდება, მხოლოდ რაფინირებული შეიძინეთ.
როგორ შევინახოთ მზესუმზირის ზეთი, რომ არ ამწარდეს
გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ საკმარისი არაა ხარისხიანი მზესუმზირის ზეთის შეძენა გონივრული ვადით. პროდუქტს სწორად შენახვა სჭირდება. დაიმახსოვრეთ რამდენიმე მარტივი წესი:
- დარწმუნდით, რომ ზეთი მხოლოდ ბნელ ადგილას ინახება. ეს შეიძლება იყოს ყუთი, დახურული თარო ან ჩაშენებული ბოთლის დამჭერი. თუ პროდუქტს რეგულარულად დატოვებთ მაგიდაზე ან ქურასთან ახლოს, დაჟანგვის პროცესი გააქტიურდება და პროდუქტი სწრაფად გაფუჭდება.
- მცენარეული ზეთის მარაგი 5-20 გრადუს ტემპერატურაზე შეინახეთ. იდეალური ადგილია სარდაფი, საკუჭნაო ან მაცივრის კარი.
- ზეთის ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს. წყალთან ან ლითონთან ურთიერთქმედება კარგს არაფერს გამოიწვევს. შესანახად მშრალი მინის კონტეინერი გამოიყენეთ.
- ნებისმიერ მცენარეულ ზეთში ვიტამინები და ამინომჟავები ძალიან სწრაფად ნადგურდება. პროდუქტმა მაქსიმალური სარგებელი რომ მოგიტანოთ, 1 თვის განმავლობაში გამოიყენეთ.
არარაფინირებული ზეთის შემთხვევაში დამატებითი შეზღუდვები არსებობს. ტემპერატურის დიაპაზონი მცირდება 5-დან 15 გრადუსამდე. მუქი მინის ჭურჭელი გამოიყენეთ (სინათლეს რომ არ ატარებდეს). დახურულ ჭურჭელში შენახვის ვადა 10 თვეს არ აჭარბებს. თუ ვადის გაზრდა გსურთ, ბოთლში რამდენიმე სუფთა ხმელი პარკოსანი ჩადეთ.
ყველა წესის და ნორმის დაცვით პროდუქტში ანტიოქსიდანტები და E და F ვიტამინები დარჩება. არა მხოლოდ სახლში, არამედ მაღაზიაში შენახვის პირობებს დააკვირდით. დიდი სავაჭრო ცენტრის დარბაზში საკმაოდ გრილა, ამიტომ მცენარეული ზეთი არა მაცივარში, არამედ თაროზე ინახება. თუმცა თუ პატარა სავაჭრო წერტილია 20-ზე მეტი ტემპერატურით, იქ ყიდვას არ გირჩევთ.