ჩემი ძმა და დედა მებრძვის: ითხოვენ, ბინაში ჩემი წილი მათზე გადავაფორმო

1322

მე, დედას და ძმას გვაქვს ბინა ქალაქის ცენტრში თანაბარი წილით. თითოეული ჩვენგანი 1/3–ს ფლობს. ამჟამინდელი მდგომარეობითაც საკმაოდ მაღალი ღირებულება აქვს. ვთქვა, რომ ბინა „დანგრეულია“, ნიშნავს, არაფერი ვთქვა: იატაკი დამპალი, კედლები საშინელ მდგომარეობაში, ავეჯი გატეხილი. ყველაფერს ვერც აღწერ.

ძმამ, მისმა საყვარელმა და დედამ ბინა ამ მდგომარეობამდე სპეციალურად მიიყვანეს იქ ცხოვრებისას. გასაგებია, რომ როგორც ობიექტი ინვესტორებისთვის საინტერესოა. რემონტი შეგიძლია გააკეთო და ბევრად ძვირად გაყიდო, ამიტომ ყიდვის მსურველი ბევრია. ზუსტად 3 წლის წინ ბინის გაყიდვა გადაწყვიტეს, ყველაფერი გამოთვალეს და მიხვდნენ, რომ მხოლოდ ორი ერთოთახიანი ბინის ყიდვას შეძლებდნენ. როგორც ხვდებით, ამ გეგმაში მე არ ვარ!

მას შემდეგ, რაც თავიანთი გეგმა გამიმხილეს, ბუნებრივია, ჩემი წილის მათზე გადაფორმებაზე უარი ვთქვი. შედეგად, ძმამ ნაღდ ფულზე, უკანონოდ მუშაობა დაიწყო. დედა ინვალიდობის პენსიას იღებს, საპენსიო ასაკამდე შორსაა, მაგრამ კანონით ბევრი რამისგან დაცულია. კომუნალური გადასახადების გადახდა უბრალოდ შეწყვიტეს.

მიიღეს დავალიანების შესახებ ცნობები, შემდეგ სასამართლოს, ყველაფერი დამიმალეს და არ გადმომცეს. ამ სიტუაციაზე მოულოდნელად შევიტყვე, როცა ჩემი ანგარიში დაბლოკეს. დედასთან ვალის ჩამოჭრის უფლება არ აქვთ, რადგან შშმ პირია და მხოლოდ პენსიას იღებს, ამიტომ სასამართლო ვალის დაფარვას ჩემგან და ჩემი ძმისგან ითხოვს. ორივეს ანგარიშები დაბლოკეს და საბუთები გამოგვიგზავნეს, მაგრამ ძმას არ აღელვებს. ბარათს მაინც არ იყენებს. მხოლოდ მე ვიტანჯები, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად.

ბევრი ძალა, დრო და ფული დავხარჯე იმის დასამტკიცებლად, რომ სხვა ადგილას ვცხოვრობ, ხოლო ისინი იქ ცხოვრობენ და კომუნალური მომსახურებით სარგებლობენ. მაგრამ უშედეგოდ! 2 წლის განმავლობაში ჩემი ანგარიში 3–ჯერ დაბლოკეს და საკითხს ყოველთვის ვაგვარებდი. ძმა თავისი სიტუაციის გამო ჩემს სამსახურში მოდიოდა, „ცირკს აწყობდა“, ისტერიკაში ვარდებოდა, ითხოვდა. წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ მრცხვენოდა.

ჩემი წილის გაყიდვა შეუძლებელია. ბინა ერთოთახიანია, 70 მ². საშინელი განლაგება აქვს, თუმცა ძმამ უკვე გადააკეთა ოროთახიანად. დერეფანი დიდია, 17 მ².  იქ სამზარეულო გადაიტანა, შემოსასვლელის მარჯვნივ დარჩა ოთახი, რომელიც 35 მ² იყო, მარცხნივ სამზარეულოს შესასვლელი იყო, ახლა მის ადგილზე მეორე ოთახია. „ახალ“ სამზარეულოში (ყოფილი დერეფანი) ფანჯარა არაა, ამიტომ საჭმლის მომზადებისას სუნი დგება. ბინაში ჭუჭყიანი ტანსაცმლით შემოდიან. ანტისანიტარიაა, სადაც ამზადებენ და ჭამენ. არ ვიცი, კანონიერია თუ არა, მაგრამ გაზქურის ნაცვლად ელექტრო ღუმელი დაამონტაჟეს, წყლისა და კანალიზაციის მილები გაიყვანეს.

ადვოკატებთან ვიყავი, ვერაფერი შემომთავაზეს. ამბობენ, რომ უნდა შევთანხმდეთ. დედა და ძმა ჩემთან შეთანხმებას არ ცდილობენ, მხოლოდ ერთი რამ სურთ, რომ ჩემს წილზე უარი ვთქვა, ასე უფასოდ. მათ საკუთარი ურთიერთობა აქვთ, მე კი გამოდის, უცხო ვარ. უცხო და ცუდი, რადგან, მათი აზრით, მაქვს იპოთეკა, ამიტომ ფული არ მჭირდება.

ძმას კი თითქოს მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს, ხოლო დედას იპოთეკის აღება არ შეუძლია. კრედიტიც ხელმიუწვდომელია, თან ვერც გადაიხდიან. ბინის სამზე გაყოფით არავინ იქნება ბედნიერი ჩემს გარდა. ამ ყველაფრით ძალიან დავიღალე, მაგრამ დანებება არ მინდა. ეს ყველაფერი უსამართლობაა! ფული მეც ძალიან მჭირდება! ჩემი ბინისთვის კიდევ ბევრი მაქვს გადასახდელი. ყველაფერი მივატოვო თუ ვიბრძოლო? არ ვიცი, როგორ მოვიქცე!