ყავის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს მენსტრუალური სპაზმი და ტკივილი, რომელსაც ბევრი ქალი განიცდის. ამის შესახებ გინეკოლოგი ტატიანა კოლედოვა საუბრობს.
დილით ფინჯანი არომატული და გემრიელი ყავა ენერგიას გვმატებს და კარგ განწყობას გვჩუქნის, თუმცა მენსტრუაციის დროს ამ სასმელმა ქალის მდგომარეობა შეიძლება გააუარესოს, ამბობს გინეკოლოგი.
„კოფეინმა შეიძლება დაარღვიოს ჰორმონალური ბალანსი და გაამწვავოს პრემენსტრუალური სინდრომის უსიამოვნო სიმპტომები“ – აღნიშნავს ექიმი კვლევებზე დაყრდნობით.
ექიმის თქმით, ქალებმა, რომელთაც აწუხებთ პრემენსტრუალური სინდრომი (მენსტრუაციის გამო ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება), ამ პერიოდში ყავის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ. კოლედოვა განმარტავს, რომ კოფეინი იწვევს ჰორმონი კორტიზოლის დონის ზრდას, რომელიც სტრესულ სიტუაციაში გამოიყოფა. ამასთან სისხლში იზრდება გლუკოზის დონე, შემდეგ ინსულინი, რაც სისხლში შაქრის დონის რყევებს იწვევს, ჯერ იზრდება, შემდეგ მცირდება. ასეთი რყევები იწვევს განწყობის ცვლილებებს, ძლიერ დაღლილობას, თავის ტკივილს, ასევე პრემენსტრუალური სინდრომის ჩვეული სიმპტომების გაძლიერებას, მათ შორისაა განწყობის ცვლილებები, უძილობა, შფოთვა, მუცლის ტკივილი და სპაზმი.
„ოვულაციის პერიოდის შემდეგ და მენსტრუაციამდე ქალები უფრო მგრძნობიარეები ხდებიან სისხლში შაქრის დონის რყევების მიმართ ჰორმონი პროგესტერონის ზრდის გამო. ანუ უფრო მგრძნობიარეები ხდებიან კოფეინის ზემოქმედების მიმართ, რომელიც ასეთ რყევებს ხელს უწყობს“ – ამბობს ექიმი.
ექსპერტი გირჩევთ, რომ მენსტრუაციის პერიოდში ყავის ნაცვლად დალიოთ ბალახების სასმელი. მაგალითად, ბარამბოს ან ჟოლოს ფოთლების, მწვანე შვრიის ნაყენი. თუ ყავაზე უარს ვერ ამბობთ, მხოლოდ ჭამის შემდეგ დალიეთ და არა უზმოზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმში კორტიზოლის მკვეთრი ზრდა მოხდება, რასაც უსიამოვნო შედეგები მოჰყვება.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.