გავიპარსოთ თუ არა: რატომ არის საშიში დერმაპლენინგი და რატომ ვერ ამბობენ ქალები მასზე უარს?

932

ყოველთვიურად სილამაზის ინდუსტრია დასაფიქრებლად ახალ თემებს იძლევა. არა მხოლოდ თემებს, არამედ უცნაურ პროცედურებს. ერთ–ერთი ასეთია დერმაპლენინგი. სახელი შეესაბამება სხვა კოსმეტიკურ მეთოდს, დერმაბრაზიას, ოღონდ მოქმედების პრინციპი და შედეგი განსხვავებულია. Vivien გიამბობთ, რა არის დერმაპლენინგი, ვის სჭირდება და სჭირდება თუ არა საერთოდ.

პირველად დერმაპლენინგი 2010 წელს ახსენეს. იაპონელმა ქალებმა შეშლილებივით სახის გაპარსვა დაიწყეს. ამ პროცედურას ეწოდა kao sori (სახის დეპილაცია საპარსით), მოგვიანებით „დერმაპლენინგი“. მაშინ ბევრი საფეთქელთან თითს ატრიალებდა და მათ გიჟებად მიიჩნევდნენ. აღმოჩნდა, რომ იაპონელები შორსმჭვრეტელები იყვნენ და უნებურად უთმო გლუვი სახის მოდის კანონმდებლები გახდნენ. 2016 წელს დერმაპლენინგი ბლოგერებმა გამოსცადეს, კერძოდ ჰუდა კატანმა, ცნობილმა ამერიკელმა ვიზაჟისტმა, კოსმეტიკური ხაზის Huda Beauty დამფუძნებელმა. სილამაზის ინდუსტრიაში სხვა ცნობილმა და გავლენიანმა ადამიანმა, ჯინ ამბერმა, ინსტაგრამზე არაერთხელ გვაჩვენა სახიდან ზედმეტი თმის მოცილების პროცესი. რა უნდა ვთქვათ, ბევრი მოდელი დერმაპლენინგს მიმართავს.

უბრალო საპარსი არ გამოგადგებათ. ასე კანი შეიძლება გაიჭრათ. დერმაპლენინგისთვის გამოიგონეს ქირურგიული სკალპერის მსგავსი სპეციალური ხელსაწყო ერთი თხელი პირით. მაგალითად, Sephora-მ და Shiseido-მ ტრენდი სწრაფად აიტაცეს და გამოუშვეს დერმაპლენინგისთვის უთხელესი საპარსი სხვადასხვა ფერის სახელურით. ამბობენ, რომ სახის საპარსით გატაცებულნი იყვნენ ჰოლივუდის ცნობილი ქალები, მერილინ მონრო და მარლენ დიტრიხი. იაპონელი ქალები დერმაპლენინგის პიონერები გახდნენ. არსებობს ალბათობა, რომ სახეს გეიშებიც იპარსავდნენ, რომ გრიმი იდეალურად მოერგოთ.

დერმაპლენინგი არა მხოლოდ თმის მოცილებას, არამედ ექსფოლიაციას მოიცავს. საპარსით კანს მკვდარ უჯრედებს აშორებთ, მიკრორელიეფს ასწორებთ. ასე კანი ხდება გლუვი, ტონალური საშუალება უკეთ ჯდება, კარგად ნაწილდება და „უმაკიაჟო მაკიაჟის“ ეფექტს ქმნის. ნებისმიერი კრემი და შრატი კანში უკეთ შეიწოვება.

როგორ ტარდება პროცედურა?

პროცედურა მხოლოდ მშრალ კანზე ტარდება. დერმაპლენინგამდე რამდენიმე კვირით ადრე მჟავის და რეტინოლის შემცველ კოსმეტიკაზე უარი უნდა თქვათ. გაპარსვამდე სათანადო მომზადება და დეზინფექცია აუცილებელია. ასე ბაქტერიების მოხვედრას და ანთების გავრცელებას თავიდან აიცილებთ. საპარსის გამოყენებამდე კანი კრემით კარგად დაიტენიანეთ და მთლიანად შეწოვას დაელოდეთ.

საპარსი 45 გრადუსიანი კუთხით დაიჭირეთ, სახეზე ფრთხილად გადაისვით თმის ზრდის მიმართულებით. საპარსი კანის თითოეულ უბანზე მხოლოდ ერთხელ გადაისვით. ზედმეტად არ დააწვეთ, რომ კანი არ გაჭრათ. პროცედურის დასრულების შემდეგ ალოე ვერას გელი გამოიყენეთ. ალოე ვერას გელი ნეიტრალურია, სასიამოვნოდ აგრილებს, ამშვიდებს და სიწითლეს აქრობს. ასე მიიღებთ იდეალურად გლუვ და სწორ კანს, რომელზეც ნებისმიერი ტონალური უნაკლოდ დაჯდება.

პროცედურის შემდეგ კანის სისუფთავის დაცვა აუცილებელია, ბალიშისპირი რეგულარულად უნდა გამოცვალოთ და ერთჯერადი ქაღალდის პირსახოცი გამოიყენოთ. პროცედურიდან 2–4 კვირის განმავლობაში აგრესიულ მოვლის საშუალებებს მოერიდეთ. არანაირი მჟავა, რეტინოლი, აბრაზიული ნაწილაკები, სპირტი. მინიმუმ 30 სპფ მზისგან დამცავი საშუალება გამოიყენეთ. დერმაპლენინგის შემდეგ კანს სრულფასოვანი დატენიანება და აღდგენა სჭირდება. გამოგადგებათ კრემი კერამიდებით, ჰიალურონის მჟავით, კოლაგენით, ცხიმოვანი მჟავით, აზიური ცენტელას ექსტრაქტით და ნიაცინამიდით.

მნიშვნელოვანია! დერმაპლენინგზე უარი უნდა თქვათ, თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი, გამონაყარი, აკნე, ანთება, როზაცეა, ჰერპესი, იხტიოზი, ატოპიური დერმატიტი და კერატოზი.

გავიპარსოთ თუ არა?

დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები დერმაპლენინგის შესახებ ერთ აზრზე არ არიან. უფრო ზუსტად, ამ ტრენდს მხარს არ უჭერენ. უნდა გესმოდეთ, დერმაპლენინგი ერთჯერადი პროცედურა არაა. ახალი თმა იზრდება 5-7 დღეში ან უფრო ადრე (ყველაფერი ინდივიდუალურია, ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული), პროცედურის ისევ და ისევ გამეორება მოგიწევთ, რომ სარკეში იდეალური კანი დაინახოთ. ამავდროულად, პროცედურის ჩატარება თვეში მაქსიმუმ ერთხელ შეიძლება. არასასურველი თმის გამო ტანჯვა მოგიწევთ, ასევე ცდუნების გაძლება, რომ ხელი საპარსისკენ არ წაიღოთ. ალბათობა არის, რომ ბუსუსების ნაცვლად უხეში თმა ამოვიდეს.

ილუზიებით არავის გავუმასპინძლდებით და არ ვიტყვით, რომ ზუსტად ისეთი თმა ამოვა, როგორიც მანამდე იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, თმა გასქელდება და გაუხეშდება. ჩაზრდილი თმისგანაც დაზღვეული არავინაა. სასიამოვნო ნამდვილად არაა. ღირს უნაკლო მაკიაჟი ამ ფასად? დამატებით, კანის რეგულარული აფხეკა ეპიდერმისის ზედა ფენის გათხელებას იწვევს.

ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ეს ბარიერის ფუნქციის და ჰიდრო–ლიპიდური ფენის დარღვევას იწვევს. უხეში თმის გარდა მიიღებთ სიმშრალეს, გაუწყლოებას, აქერცვლას, ქავილს და გაღიზიანებას. თუ პროცედურას ზედმეტად ხშირად მიმართავთ, კომპენსატორული ჰიპერკერატოზი შეიძლება განვითარდეს. ესაა ეპიდერსმისის რქოვანი ფენის გამოხატული გასქელება, რომელსაც შეუძლია რამდენიმე სანტიმეტრამდე გაიზარდოს კერატინის გაძლიერებული წარმოქმნის გამო.

ღირს თუ არა თამაში ამად, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. გირჩევთ, სპეციალისტთან კონსულტანცია გაიაროთ და ყველა დეტალი განიხილოთ. შესაძლოა, თქვენთვის სხვა პროცედურა უფრო შესაფერისი აღმოჩნდეს. მაგალითად, ტრიდინგი ან ფიტოეპილაცია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს