ყველა ექიმი ბავშვს როზეოლას დიაგნოზს არ უსვამს, მაგრამ ჩვილების 80% ამ დაავადებით იტანჯება. ამ უჩვეულო დაავადებაზე მეტის გაგება გადავწყვიტეთ.
ამ დაავადებას ბევრი სხვადასხვა სახელი აქვს: „სამდღიანი ცხელება“, „მეექვსე დაავადება“, „ფსევდოწითურა“. მის შესახებ ცოტამ თუ იცის, მაგრამ როზეოლას 6 თვიდან 2 წლამდე ჩვილის თითქმის ყველა მშობელი აწყდება. Vivien დეტალურად გიამბობთ, რა არის როზეოლა და როგორ უმკურნალოთ.
ბავშვთა როზეოლა (ან უეცარი ეგზანთემა) – დაავადება, რომლის შესახებ ბევრ მშობელს არაფერი სმენია, მაგრამ თითქმის ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის პირველ წლებში, ხშირად 9-11 თვის ასაკში. ის ადამიანის ჰერპესის ვირუსის მე-6 ტიპის (იშვიათად მე-7 ტიპის) მიერ გამოწვეულია. გარეგნულად ჩუტყვავილას ჰგავს, მაგრამ ამ დაავადებების სხვა სიმპტომები განსხვავებულია.
როგორ ვითარდება როზეოლა?
პირველი სიმპტომია ტემპერატურის მკვეთრი მატება, 39 გრადუსამდე. ამავდროულად, არაა სურდო, ხველა, ვირუსული დაავადების ან სურდოს სხვა ნიშანი. ტემპერატურა 3 დღე არ იკლებს (იშვიათად 5 დღე), სიცხის დამწევი აბის მიღების შემთხვევაშიც არ იკლებს.
რა თქმა უნდა, ასეთი ტემპერატურისას ბავშვი ჭირვეული ხდება, ძილიანობა, მოთენთილობა, დღის რეჟიმის დარღვევა, მადის დაქვეითება აწუხებს.
მე-4 დღეს ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, ტანზე, ხელებსა და ფეხებზე (იშვიათად, სახეზე) გამონაყარი ჩნდება. გამონაყარი დიდ ნაწილს ფარავს, შესამჩნევია, მაგრამ ქავილი არ ახლავს, ამიტომ ნაკლებად სანერვიულოა. როგორც წესი, 2 დღეში გამონაყარი ქრება, მასთან ერთად დაავადებაც.
გამონაყარი გადამდები არაა! ბავშვს მშვიდად შეგიძლიათ ეკონტაქტოთ და დერმატოლოგიური პრობლემების არ შეგეშინდეთ. როზეოლას კიდევ ერთი ნიშანია გამონაყარის ხასიათი: თუ გამონაყარს დააწვებით, არ გაფერმკრთალდება (როგორც ეს ხდება სხვა პათოლოგიების შემთხვევაში).
ვუმკურნალოთ როზეოლას?
ამ დაავადებას არ სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა, მაგრამ ექიმს აუცილებლად მიმართეთ და ბავშვის მდგომარეობას დააკვირდით. მდგომარეობის შემსუბუქებამდე აკონტროლეთ, რომ საკმარისი სითხე მიიღოს. კარგია ჩირის კომპოსტი, მორსი, ჩაი, მინერალური წყალი.
სითხე ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე დაბალია, მედიკამენტები საჭირო არაა, თუ მაღალია, სიცხის დამწევი აბები უნდა მისცეთ.
კვების რაციონის შეცვლა საჭირო არაა. კვება მისი ასაკის და პედიატრის რეკომენდაციების შესაბამისი უნდა იყოს – ბოსტნეულის პიურე, ფაფა, ნარევი. ხორციან პიურეზე ავადმყოფობის დროს უარი თქვით. ბავშვის ოთახი და მთელი ბინა რეგულარულად გაანიავეთ.
როგორ ხდება როზეოლით დაინფიცირება?
ხშირად ბავშვები ავადდებიან ჰერპესის ვირუსის მატარებელ ზრდასრულ ადამიანთან კონტაქტისას. ნებისმიერი საგნიდანაც დაინფიცირება შეიძლება. ზრდასრული მატარებელი თავად არ ავადდება, ანუ დაავადების სიმპტომები არ აქვს. სწორედ ამიტომ, ზუსტად ვერ იტყვით, ვისგან დაინფიცირდა ბავშვი.
შესაძლებელია როზეოლას განმეორება?
არა, როზეოლათი ერთხელ ავადდებიან (ან საერთოდ არა, რაც იშვიათია). გადატანილი დაავადების შემდეგ იმუნიტეტი ვითარდება.