გზაგასაყარზე ვარ: შევქმნა ოჯახი მშვენიერ მამაკაცთან და გავაჩინო შვილები მისთვის, თუ ვიცხოვრო ნამდვილად საინტერესო ცხოვრებით

613

32 წლის ვარ, 8 წლის ვაჟი მყავს. ყოფილ მეუღლეს დავშორდი, როცა შვილი მხოლოდ 3 წლის იყო. ყოფილი ქმრის იმედი ადრეც არ მქონდა, ახლა მით უფრო. ბავშვისთვის 200 ლარს იძლევა, ხანდახან სათევზაოდ დაყავს. შვილის აღზრდაზე თავს არ იწუხებს. შვილთან პრობლემების მოგვარებაში არასდროს მეხმარება. ზოგჯერ ყოფილ დედამთილს შვილიშვილი აგარაკზე მიჰყავს.

შვილთან ურთიერთობა გამიადვილდა, როცა 5 წლის შესრულდა. ამ პერიოდში სამსახურშიც სიტუაცია დალაგდა, ფული გაჩნდა, საკუთარ თავს დამატებითი ხარჯის და გართობის უფლებას ვაძლევდი. 5 წლამდე ჰიპერაქტიური იყო, ბაღში თითქმის არ დადიოდა, ხშირად და ძალიან ავადმყოფობდა. დედაჩემთან ვცხოვრობთ. სახლი დიდია, ოთხოთახიანი, მაგრამ მასთან ხშირად ვკამათობ. შვილის აღზრდაში არ მეხმარება, სამაგიეროდ „ტვინს მიბურღავს“ აღზრდის, დალაგების და სხვა თემების შესახებ. თითქმის არ ვურთიერთობთ.

შვილის გაზრდა მარტივი არ იყო. ზოგჯერ საჭმელზე ძლივს მყოფნიდა, მისი ავადმყოფობის გამო სამსახურიდან გამაგდეს. არავინ მეხმარებოდა, ჩვენზე არავინ ზრუნავდა. ახლა სხვა სიტუაცია მაქვს. უკეთესად და თავისუფლად ვცხოვრობ. მუდმივად ვფიქრობ, ღირს თუ არა მეტი ბავშვის გაჩენა, თუ ახლახან ნორმალურად ცხოვრება დავიწყე?

ძალიან კარგი შეყვარებული მყავს, ერთგული. თითქმის 1 წელზე მეტია ერთმანეთს ვხვდებით. ოჯახის შექმნაზე სერიოზულად განწყობილია, შვილი სურს. ამაზე ხშირად მესაუბრება. ერთი მხრივ, ჩემი თავისუფლების დაკარგვა არ მინდა, მხოლოდ ახლა დავიწყე სავარჯიშო დარბაზში სიარული, ჩემი დროის განკარგვა. ეს ყველაფერი დამამცირებელი გრძნობის გარეშე, როცა ვინმეს ბავშვთან რამდენიმე წუთით დარჩენას სთხოვ, რომ შხაპი მიიღო და თავი დაიბანო.

წარმოდგენა არ მინდა, რომ ისევ დამოკიდებული ვიქნები ქმარზე ან დედაზე. მეორე მხრივ, ვგრძნობ, რომ ეს მამაკაცი კარგი ქმარი და მამა იქნება, ასეთს ვეღარ შევხვდები. ყურადღებიანია, კარგი შემოსავალი აქვს, შვილები და ყოფილი ცოლი არ ჰყავს. მეოჯახეა, ერთგული. რაზე შეიძლება კიდევ ვიოცნებო.

3 თვით ჩრდილოეთით წავედით. პროფესიით მზარეული ვარ, ვახტური მეთოდით ვმუშაობ. ახლახანს დავბრუნდი. ძალიან მომეწონა, ჩვენთვის კარგი ფულია, ყველაფერი შრომითი ხელშეკრულებით. იქ ჩემი ქალაქიდან მამაკაცი გავიცანი. ჯგუფი წავედით. ჩემს შეყვარებულს არ ჰგავს. მასთან არაფერი მქონდა, მაგრამ მუდმივად ყურადღებას იჩენდა, ჩემთან ფიზიკური ურთიერთობა სურდა. მიზიდავს, თან ძალიან. ახლა სოციალური ქსელით ვეკონტაქტები.

მასთან შეხვედრამ ოჯახზე ფიქრი დამავიწყა. მანამდე ეჭვები არ მაწუხებდა. ახლა მესმის, რომ შეიძლება ვჩქარობ. იქნებ, ქვეცნობიერი მინიშნებას მაძლევს, რადგან სხვა მამაკაცი მიზიდავს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. დავრჩე ჩემს შეყვარებულთან, შევქმნა ახალი ოჯახი, გავაჩინო ბავშვები, დავივიწყო თავისუფლება და კარგი შემოსავალი? თუ დავშორდე და უბრალოდ გავერთო, დრო გავატარო მასთან, ვინც ჩრდილოეთით გავიცანი?

ერთი დაქალი თვლის, რომ ასეთ მამაკაცს ხელიდან მხოლოდ სულელი უშვებს. რომ ის ჩემი საჩუქარია იმ ტანჯვისთვის, რომელიც გამოვიარე. თუმცა დაქალი ხასიათით ჩემგან განსხვავდება, ორი შვილი ჰყავს, დედობაშია ჩაფლული, მუშაობა არ სურს, სახლში შვილებთან ყოფნა სიამოვნებს. მეორე დაქალი, პირიქით, მირჩევს, რომ ბავშვების ჭყიპინს და ძღნერს არ დავუბრუნდე. ვაჟი უკვე მყავს და საკმარისია.

იქნებ, ვაჟის აღზრდაში რომ დამხმარებოდნენ, დედობა სხვა თვალით დამენახა. ჩემს დაქალებს მშობლები ყოველთვის ეხმარებოდნენ. მე კი მთელი ტვირთი თავზე დამაწვა. შვილის ავადმყოფობები, საავადმყოფოები, ისტერიკები, ფულის გამომუშავება, ყველაფერს თავად ვაგვარებდი. ზოგჯერ მეშინოდა. იქნებ შიში ხელს მიშლის ნორმალურ მამაკაცთან დარჩენაში? არ ვიცი, რა გადავწყვიტო, როგორ არ გავუშვა ბედნიერება ხელიდან, მაგრამ თავისუფლებაც არ დავკარგო.