გამაჯანსაღებელი ციგუნი ეფუძნება მედიტაციურ პრაქტიკას, განსაკუთრებულ სუნთქვით ვარჯიშებს და სპეციფიკურ ფიზიკურ დატვირთვას.
გამაჯანსაღებელი ციგუნი ორგანიზმის თვითრეგულირების ძველი ჩინური სისტემაა. როგორც ძველ აღმოსავლურ მეთოდებში, ციგუნში ფილოსოფიური კომპონენტი ძალიან ძლიერია. გამაჯანსაღებელი ციგუნის პრაქტიკული ნაწილი პოზებს და სუნთქვით ტექნიკებს აერთიანებს.
გამაჯანსაღებელი ციგუნი: ტაი–ჩისა და კუნგ–ფუს შორის
როგორც ნებისმიერი სხვა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი სისტემა, გამაჯანსაღებელი ციგუნი პანაცეა არაა, მაგრამ ორგანიზმის მდგომარეობის გასაუმჯობესებელ ეფექტურ საშუალებად რჩება. ბევრი ექიმი რეკომენდაციას უწევს გამაჯანსაღებელ ციგუნს, როგორც ალტერნატიული მედიცინის მნიშვნელოვან ფორმას.
ჩინური სიტყვა „ციგუნი“ ორი ნაწილისგან შედგება. „ცი“ ითარგმნება, როგორც „სასიცოცხლო ძალა“ ან „სასიცოცხლო ენერგია“, რომელიც სამყაროს ყველა საგანში მიედინება. მეორე ნაწილი, „გუნ“ ნიშნავს მოძრაობას ან უნარებს, რომლებიც მუდმივი ვარჯიშის შედეგად შეგიძლიათ შეიძინოთ. მთლიანად სიტყვა „ციგუნი“ ნიშნავს „ენერგიის მოშენებას“, ხოლო სისტემა კონცენტრირებულია ჯანმრთელობის მხარდაჭერაზე, მკურნალობაზე და სასიცოცხლო ძალების გაზრდაზე.
ციგუნის პრაქტიკა იყოფა საბრძოლო, საჯანმრთელო და სულიერ ნაწილებად. ყველა ეს კომპონენტი აერთიანებს საერთო ელემენტებს: თითოეული შეიცავს პოზებს (მოძრაობის ან დასვენების დროს), სუნთქვით ტექნიკებს და გონებრივ კონცენტრაციას. ციგუნის პრინციპებსა და მიდგომებში არის რაღაც ისეთი ნაზი ტექნიკიდან, როგორიცაა ტაი–ჩი, ასევე ენერგიული სტილიდან, როგორიცაა კუნგ–ფუ. გამაჯანსაღებელი ციგუნის ნელი მოძრაობების ადაპტირება ადვილია შშმ პირებისთვისაც. ამ ვარჯიშების შესრულება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.
განსაკუთრებით მოხუცებისთვის
გამაჯანსაღებელი ციგუნის ნელი, რიტმული მოძრაობები ამცირებს სტრესს, ზრდის ამტანობას, ზრდის სასიცოცხლო ძალებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას. გამაჯანსაღებელი ციგუნის ოსტატები ამტკიცებენ, რომ ასეთი ვარჯიშები აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი გზების, სისხლის მიმოქცევის, ლიმფური და საჭმლის მომნელებელი ფუნქციების მუშაობას.
ისინი, ვინც გამაჯანსაღებელი ციგუნის ვარჯიშებს რეგულარულად ასრულებს, თვლიან, რომ ციგუნი ეხმარებათ სასიცოცხლო ძალების დაბრუნებაში, ხანდაზმულ ასაკშიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და დაავადებებისგან სწრაფად განკურნებაში. დასავლური სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ გამაჯანსაღებელი ციგუნის პრაქტიკები მოხუცებში ჰიპერტონიას და გულის შეტევების რაოდენობას ამცირებს.