ყოფილი ჩვენს ქალიშვილს აღარ ეხმიანება. ჩემი ქმარი ღვიძლ მამას ვერ შეუცვლის. არ ვიცი, როგორ დავეხმარო

551

ქმარს 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი. ერთად ცუდად ვცხოვრობდით, ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვერ ვუგებდით. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ თანდათან გაუგებრობასა და ზიზღში გადაიზარდა. ვცდილობდი, რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ სიტუაციის შეცვლა ორივეს უნდა სურდეს, ხოლო ყოფილ ქმარს ამის სურვილი საერთოდ არ ჰქონდა. საბოლოოდ, განქორწინება გადავწყვიტე, რადგან უღირსი ქმარი და მამა იყო.

განქორწინების მომენტში ჩვენი ქალიშვილი 5 წლის იყო. მასთან ერთად ბინიდან წამოვედი, მხოლოდ ჩვენი ნივთები წამოვიღე. მთელი ქონება ყოფილ ქმარს დავუტოვე, პრეტენზია არაფერზე გამომითქვამს. ჩემს მშობლებთან გადავედი. მათ მხარი დამიჭირეს, მითხრეს, რომ ასეთი ოჯახის შენარჩუნებას აზრი არ აქვს. შვილიშვილზე გიჟდებიან.

სამწუხაროდ, ყოფილი ქმარი ქალიშვილს იშვიათად ეხმიანებოდა, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც თავისთან მიჰყავდა. ცხოვრება გრძელდება და შევხვდი მამაკაცს, ცოტა ხანში ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. ყოფილმა ქმარმა ამის შესახებ გაიგო და ჩემდა გასაკვირად, ქალიშვილის უფრო ხშირად მონახულება დაიწყო. შვილს ეს ძალიან უხაროდა, მამასთან შეხვედრებზე ხშირად საუბრობდა. ვფიქრობდი, ყოფილი ქმარი მორალურად გაიზარდა, შვილის მიმართ პასუხისმგებლობა იგრძნო, მიხვდა, რომ შვილს მისი კომპანია ენატრება.

მის ქცევაში ძლიერი ცვლილება მოხდა, როცა ქალიშვილს ბაღში მოაკითხა და ორსული დამინახა. მორჩა, ადამიანი თითქოს შეცვალეს. ქალიშვილს აღარ ურეკავს. ეს უცნაური და გაუგებარი იყო. ახლახანს მანაც იქორწინა, ახალი ოჯახი შეიძინა. ყველაფერი რიგზეა, მე ქმართან ერთად, ის ცოლთან ერთად.

თითქოს ყველაფერი კარგადაა. რა უშლის ხელს ბავშვთან ძველებურად ურთიერთობაში? არ მივეკუთვნები იმ ყოფილ ცოლებს, რომლებიც ყოფილ ქმრებს სჯიან იმით, რომ შვილებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ, მანიპულირებენ. პირიქით, ყველანაირად ვცდილობდი, მათ ერთმანეთი ხშირად ენახათ.

ახლახანს ვაჟი შეეძინა და სულ გაგიჟდა. სასამართლოში მიჩივლა, რომ ქალიშვილისთვის ამდენი ალიმენტის გადახდა აღარ შეუძლია. ვიფიქრე, რომ ვერაფერი მამაა. შვილი მიატოვა, არც ურეკავს, ახლა მატერიალურადაც აღარ უნდა დაეხმაროს. სასამართლომ ჩემი მხარე დაიკავა და ალიმენტის შემცირების უფლება არ მისცა.

როცა ქალიშვილმა გაიგო, რომ მამა ასე მოიქცა, ჩაიკეტა, ცუდ განწყობაზეა, მოიმატა. ვცადე მასთან ამაზე საუბარი, ახსნა, რომ მისი დანაშაული არაფერია, რომ მამას მისი ნახვა არ უნდა. ის კი ტირის: „დედა, მინდა, რომ მამამ ოდნავ მაინც შემიყვაროს“.

როგორ გადავიტანო ეს? რა ვუპასუხო? ჩემი ახლანდელი ქმარი მასთან კარგ ურთიერთობაში, არასდროს ეკამათება, ემეგობრება, ღვიძლი შვილივით ეპყრობა. ჩემი და საერთო შვილის ცნებები არ აქვს. ცდილობს, გერს მეტი ყურადღება მიაქციოს, რადგან ხედავს, რომ ის ცუდადაა, რადგან მამამ მასზე თითქმის უარი თქვა.

თუმცა, როგორც ჩანს, ქალიშვილს ღვიძლ მამას ვერ ჩაუნაცვლებს. იქნებ, დროთა განმავლობაში სიტუაცია გამარტივდეს? ღირს იმედი მქონდეს? ყოფილ ქმართან ამის ახსნა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.