დაივიწყეთ ცივი შხაპი და ალკოჰოლი. რჩევები, როგორ ავიტანოთ სიცხე და საკუთარ თავს ზიანი არ მივაყენოთ

497

ცხელი ზაფხული უკვე დადგა, მაგრამ კონდიციონერი და ცივი სასმელი ამინდის ანომალიასთან გასამკლავებლად საუკეთესო საშუალება არაა.

ზაფხული მხოლოდ სანაპიროები, ლამაზი კაბები, ნაყინი და დილამდე გართობა არაა. ესაა მტანჯველი სიცხე. ეს, როგორც ცნობილია, ორგანიზმისთვის სასარგებლო არაა. სწორედ ამიტომ, ანომალიური სიცხის პერიოდში ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ. გიზიარებთ ექსპერტების რჩევებს, როგორ მოიქცეთ ძლიერი სიცხის პერიოდში.

ადამიანების უმეტესობა 20-25 გრადუს ტემპერატურაზე თავს კომფორტულად გრძნობს. უფრო მაღალი მაჩვენებელი საზიანოა. სიცხესა და დახუთულ შენობაში სხეული ხურდება და თუ შინაგანი ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს, სერიოზული პრობლემები დაიწყება.

ორგანიზმი დამოუკიდებლად გამკლავებას ცდილობს. ოფლდენა დამცავი ფუნქციაა. პარალელურად მასზე ძლიერი დატვირთვა მოდის.

„სიცხეში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, გულ–სისხლძარღვთა სისტემა, იზრდება წნევა, ჩნდება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები, მწვავდება ქრონიკული დაავადებები“ – გვაფრთხილებენ სპეციალისტები.

სიცხე ორგანიზმისთვის სტრესია. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო ძლიერია ჟანგბადის შიმშილი. ტვინი ვერ იღებს კვებას, აქედან მოდის უძილობა, ცუდი განწყობა, მომატებული დაღლილობა, გაღიზიანება, აფეთქება და აგრესია.

ასეთ სიტუაციაში მცირდება ყურადღების კონცენტრაცია და რეაქციების სიჩქარე. უმჯობესია, სიცხეში მანქანით მგზავრობაზე უარი თქვათ, გონებრივი დატვირთვა შეზღუდოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ.

შემდეგი ნაბიჯია კვების და მედიკამენტების მიღების კორექტირება.

„გაუწყლოება რომ არ დაუშვათ, ბევრი უნდა დალიოთ. მარილიან საკვებზე, რომელიც ორგანიზმში წყალს აკავებს, თავი შეიკავეთ. სიცხეში მზეზე და დახუთულ შენობაში ყოფნას მოერიდეთ“ – გვირჩევენ ექსპერტები.

ორგანიზმის სახიფათო სიგნალები სიცხეში:

  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • ციებცხელების შეგრძნება
  • დაღლილობა
  • სისუსტე
  • კანის გაწითლება
  • ქოშინი
  • ცივი ოფლი
  • გულისრევა

სხვათა შორის, დაბალ ტენიანობაში სიცხის გადატანა უფრო ადვილია, მაგრამ გაუწყლოების რისკი იზრდება. აი, მაღალი ტენიანობა ოფლის აორთქლებას ართულებს.

სახიფათო სიმპტომები არ უგულებელყოთ, რადგან ზოგჯერ ძლიერი მზის დაკვრა გამოუსწორებელ შედეგებს, მათ შორის სიკვდილს იწვევს. თუ რამე გაწუხებთ, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.

ორგანიზმის გადახურებისგან დაცვა მარტივია. თავი აარიდეთ ფიზიკურ აქტივობას, დაიხურეთ საზაფხულო თავსაბურავი, ჩაიცვით თავისუფალი ღია ფერის ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, ყოველთვის თან იქონიეთ წყალი და დალიეთ პატარა ყლუპებით. უარი თქვით ალკოჰოლსა და მძიმე საკვებზე.

არ ღირს დაბალ ტემპერატურაზე კონდიციონერის ჩართვა, განსაკუთრებით სიცხეში ყოფნის შემდეგ, ორპირი ქარის დაშვება, ცივ წყალში უცებ შესვლა ან ცივი შხაპის მიღება, ყინულიანი სასმლის დალევა.

გირჩევთ, რომ საკუთარ თავს უფრო კომფორტული პირობები შეუქმნათ და დახუთულ ბინაში ნაკლები დრო გაატაროთ. მაგალითად, საღამოს გაისეირნეთ პარკში ან სკვერში, სადაც ხეები და წყალსატევები ჩრდილს და სიგრილეს იძლევა.