“ნათია, შენს პირობებს დავეთანხმები, თუ სწრაფად გავშორდებით”

1471

ნიკა რამდენიმე დღე ქალაქში არ იყო. საქმეზე იყო წასული. ლიას მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდა. ამ დროში ქალის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდა, მაგრამ ამაზე ტელეფონით საუბარი არ სურდა.

– მომენატრე, თან სიურპრიზი გელოდება.

– სიურპრიზი? – იკითხა დამფრთხალმა ნიკამ და გაიფიქრა ყველაზე არასასურველი, რომ ლია ბავშვს ელოდა. – რა სიურპრიზია?

– ნუ გეშინია, ორსულად არ ვარ, სხვა საქმეა. როცა დაბრუნდები, გაიგებ. ტელეფონით სათქმელი არაა.

„ღმერთს მადლობა, ბავშვი მაკლდა. მესამე! რა სიურპრიზი მოამზადა? – შვებით ამოისუნთქა ნიკამ. – ოჰ, არ მიყვარს ეს 19 წლის გოგოების სიურპრიზები. ალბათ, მისთვის სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის სიურპრიზი კარგს არაფერს მოასწავებს. იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ახალგაზრდული თამაშები ვითამაშო. დროა ლიასთან დავასრულო. დროა! დროა, სანამ დაგვიანდა! მე ხომ ოჯახი და ორი შვილი მყავს. რაზე ვფიქრობდი საერთოდ, როცა მას დავუკავშირდი?“ – ფიქრობდა ნიკა.

ქალაქში დაბრუნებისთანავე სურდა ლიასთვის ეთქვა, რომ ეს მათი ბოლო შეხვედრა იყო.

– ლია, მომისმინე, – დაიწყო ნიკამ, – ვფიქრობ, სჯობს მე და შენ.

სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო.

– ეს შენ მომისმინე, – მხიარულად წამოიყვირა ლიამ და ისეთი რამ მოუყვა, რომ ნიკას სუნთქვა გაუხშირდა და მაშინვე ლიასთან მომავალი ურთიერთობის გეგმა შეეცვალა.

„ეს როგორ! კინაღამ მთელი საქმე ჩემი ხელით გავანადგურე!“ – გაიფიქრა მან. ცოტათი დამშვიდდა, ამოისუნთქა და საუბარი განაგრძო.

– ამბობ, რომ მემკვიდრეობა მიიღე?

– დიდი მემკვიდრეობა, ზღაპრული. ახლახანს ღარიბი სტუდენტი ვიყავი, ახლა ქალაქში ერთ–ერთი უმდიდრესი საცოლე ვარ. წარმოგიდგენია?

„ახლა, როგორ მოვიქცე? რაღაც უნდა გავაკეთო. რა?“ – ფიქრობდა ნიკა.

– წარმომიდგენია, – ცდილობდა მშვიდად ესაუბრა, რომ მისი მღელვარება არ გამოაშკარავებულიყო.

– რისთვის ასეთი ბედნიერება? – გაოცებული იძახდა ლია, – დეიდაჩემი ხომ თვალით არ მინახავს. მან კი ურიცხვი ქონება  დამიტოვა. მისი ერთადერთი ნათესავი ვარ. ვინ იფიქრებდა?!

– აბა,– დაეთანხმა ნიკა.

„ნამდვილად, ვინ იფიქრებდა. ჯერ კიდევ გუშინ შენთან დაშორებას ვაპირებდი, ახლა ვოცნებობ, რომ მთელი ცხოვრება შენ გვერდით ვიყო“ – ფიქრობდა კაცი.

– რატომ ხარ ასეთი მოწყენილი? – ჰკითხა ლიამ – არ გიხარია ჩემი ბედნიერება?

– მოწყენილი არ ვარ, ძვირფასო. ჩავფიქრდი. შენი ამბავი ძალიან მიხარია – უპასუხა ნიკამ.

„დღესვე ცოლს განქორწინება უნდა ვთხოვო. კარგი პირობა უნდა შევთავაზო. ვფიქრობ, დამთანხმდება. ალბათ, ჩემი თავგადასავლებით დაიღალა. დაიღალა პატიებით, დაიღალა თვალის დახუჭვით. 1 წლის წინ თავად მთხოვა განქორწინება. რატომ ვუთხარი უარი? სიხარბემ დამღუპა. ერთად შეძენილი ქონების ნახევარი დამენანა. ახლა ხომ თავისუფალი ვიქნებოდი“ – ფიქრობდა ნიკა.

ნიკას შეეძლო ერთ რამეზე სწრაფად ეფიქრა და სულ სხვა რამეზე ესაუბრა.

– მეჩვენება, რომ არ გიხარია, – იმედგაცრუებული იყო ლია.

– არა, რატომ. რა თქმა უნდა, მიხარია.

– წარმოიდგინე! ჩემთვის ბინის ქირაობა აღარ მოგიწევს. საკუთარი რამდენიმე ბინა მაქვს. სასახლე ქალაქთან ახლოს. იახტა, მანქანები, თვითმფრინავი. სასწაულია! თანხა ბანკში!

ლიამ თანხა დაასახელა და ნიკას ცივმა ოფლმა დაასხა.

– მართლა მაგარია, ასეა? – ამბობდა ლია და მხიარულად ხტუნავდა ბინაში, რომელსაც უკვე 6 თვეა ნიკა ქირაობდა.

– აბა, როგორ. ძალიან კარგია, – მშვიდად დაეთანხმა ნიკა.

– ახლა არა შენ, არამედ მე გაჩუქებ ძვირფას საჩუქრებს. რა გინდა დაბადების დღეზე?

„როგორ სწრაფად შეიცვალა ყველაფერი. ჯერ კიდევ გუშინ ღარიბი სტუდენტი იყო, რომელიც ჩემს ცოლობაზე ოცნებობდა. ეს ყველაფერი იყო, რაზეც ჯერ კიდევ გუშინ ოცნება შეეძლო. დღეს? დღეს ადგილები შევცვალეთ. ახლა არა ის, არამედ მე ვოცნებობ, ცოლად მოვიყვანო. მით უფრო, მის სიმდიდრეს ბევრი მონადირე გამოუჩნდება“ – ფიქრობდა ნიკა.

– რაზე ფიქრობ?

„საკითხავია, ეს მემკვიდრეობა ყალბი ხომ არაა? იქნებ, არ არსებობს არანაირი დეიდა და ზღაპრული მემკვიდრეობა? იქნებ ყველაფერი მოიგონა?“ – ეჭვობდა ნიკა.

– ვფიქრობ, ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებში ხდება – უპასუხა მან.

– იცი, როცა მემკვიდრეობის შესახებ გავიგე, მეც დავეჭვდი, რომ სულელური ხუმრობა იყო.

– არ არის ხუმრობა, დარწმუნებული ხარ?

– საქმე იმაშია, რომ არა. სანამ ქალაქში არ იყავი, სერიოზულ ხალხს შევხვდი. მათ დამარწმუნეს, რომ ნამდვილად მდიდარი ვარ. უკცე ბევრი ფული გადმომირიცხეს. ნახე, ჩემი ბალანსი.

ლიამ აჩვენა ბანკის ანგარიში, რომელზეც ზოგჯერ ნიკა ფულს რიცხავდა.

– მითხრეს, ეს წვრილმანი ხარჯებისთვის. სანამ მემკვიდრეობას მთლიანად ავიღებდი.

„ფული ანგარიშზე არაფერს ამბობს. დავუშვათ, რომ მემკვიდრეობა ნამდვილად არსებობს. დავუშვათ. მაინც გადავამოწმებ. გიორგი გაფრინდაშვილის დახმარებით ამას მარტივად გავაკეთებ. დღეს გვიანია. რა ვუთხრა ნათიას? როგორ დავარწმუნო სწრაფად განქორწინება“ – კაცი ისევ ფიქრებმა წაიღო.

– რაზე ფიქრობ?

– ვფიქრობ, ამ ბედნიერებას იმსახურებ. ობოლი ხარ. დედ–მამა არ გყავს. მთელი ბავშვობა ბავშვთა სახლში გაატარე. თუმცა დამოუკიდებელი ხარ, სხვის დაუხმარებლად თბილისში ჩამოსვლა და უნივერსიტეტში ჩაბარება მოახერხე.

– და შენ შეგხვდი! შენ ისეთი კეთილი იყავი ჩემ მიმართ – მხიარულად უთხრა ლიამ.

– ალბათ, ახლა გადამიყვარებ.

– გადაგიყვარებ? რას ამბობ? რატომ უნდა მოვიქცე ასე? – გაოცდა ლია.

– შენზე ბევრად უფროსი ვარ. ცოლიანი ვარ. ორი შვილი მყავს. შენ ახალგაზრდა და მდიდარი ხარ. მომავალი წინ გაქვს.

– ვინ გგონივარ? ყოველთვის მეყვარები. ახლა მშვიდად შეგიძლია ცოლს გაშორდე. ჩემი ფული ორივეს სიცოცხლის ბოლომდე გვეყოფა.

„ძალიან კარგი. გამოდის, ჩემი სიმდიდრის გამო არ გიყვარდი. მით უკეთესი. სანამ შენი გრძნობები გაცივებულა, უნდა ვიმოქმედო. სხვა შანსი არ მექნება, რომ ვიქორწინო ახალგაზრდა და მდიდარ ქალზე, რომელსაც ვუყვარვარ. ცხოვრებაში რა არ ხდება. დღეს ლიას შევუყვარდი. ხვალ, როცა მისი დახმარებით მატერიალური კეთილდღეობის და სოციალური სტატუსის ამაღლებას შევძლებ, იქნებ მოვეწონო სხვას? რატომაც არა?“ – ფიქრობდა ნიკა.

– იცი, რაზე ვფიქრობ?

– რაზე?

– ვფიქრობ, საინტერესოა, რატომ ვერ მიპოვა დეიდამ ადრე? ან ამას მნიშვნელობა აქვს? მით უფრო ახლა. ჩემ მიმართ სიკეთე ასე გამოავლინა. ამისთვისაც მადლობა.

„დეიდამისი საყვარელი ქალია. როგორ დროულად გარდაიცვალა. ეს ლიას გასახარებლად არ გააკეთა. არა! დროულად წავიდა, რომ გამაბედნიეროს. ჩემს შესახებ არაფერი იცოდა. ფიქრობდა, რომ დისშვილისთვის კარგს აკეთებდა. ახლა ლიაზე ვიქორწინებ, ჩემი შვილის დედად ვაქცევ და სახლში დავსვამ. მთელ მის სიმდიდრეს ვატრიალებ. უფრო მდიდარი და ცნობილი გავხდები. 20 წლის შემდეგ. არა, 20 წელი ბევრია. 10 წლის შემდეგ, როცა 50 წლის გავხვდები, სხვა ლიას ვიპოვი“ – ფიქრობდა ნიკა.

უკვე სამ დღეში გიორგი გაფრინდაშვილმა სოლიდური ჯილდოს სანაცვლოდ ლიას მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

– ნამდვილი მემკვიდრეობაა. ეჭვი არ შეგეპაროს, – უთხრა მან.

ნიკამ ლიას ხელი ოფიციალურად სთხოვა.

– ჯერ განქორწინებული არ ვარ. თუ თანახმა ხარ, დღესვე განქორწინების პროცესს დავიწყებ – შეახსენა ნიკა.

ლია დათანხმდა. უკვე საღამოს ნიკა თავის ცოლს განქორწინებაზე ესაუბრებოდა.

– რა ხრიკებია, ნათია? რატომ არა? ჯერ კიდევ გუშინ თავად მთხოვდი განქორწინებას. ამბობდი, რომ ჩემგან დაიღალე. ახლა?

– ახლა სხვანაირად ვფიქრობ. უფრო ბრძენი გავხდი.

– ბრძენი?

– მივხვდი, რომ იმ ასაკში არ ვართ, როცა ცხოვრების თავიდან დაწყება შეგვიძლია.

რატომ პასუხობდა ნათია ასე, როცა თავად ითხოვდა განქორწინებას? იცოდა, რომ მისი ქმარი აპირებდა დაქორწინებას ახალგაზრდა სტუდენტზე, რომელმაც დიდი სიმდიდრე მიიღო. ამის შესახებ გიორგი გაფრინდაშვილმა ფარულად და მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ უამბო. ახლა სურს, ნიკა დაიტანჯოს ყველაფრისთვის, რაც მას გაუკეთა.

– რატომ ფიქრობ, რომ იმ ასაკში არ ვართ? ჩემი აზრით, სწორედ რომ შესაფერისი ასაკია.

„როგორც მინიმუმ, ნამდვილად კარგ ასაკში ვარ. შემიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყო და ცხოვრებისგან ვისიამოვნო“ – ფიქრობდა ის.

– გეუბნები, ის ასაკი არაა, ანუ ასეა. მით უფრო შენთვის, – გულგრილად პასუხობდა ნათია.

– მე?

– დიახ, შენ. აბა ვინ?

– კატეგორიულად არ გეთანხმები. ვფიქრობ, რომ.

– ისევ შენსას გაიძახი. ისევ კამათს იწყებ.

– რატომ ამბობ ასე, ნათია. გულს მტკენ.

– არ გაგშორდები. იმედი არ გქონდეს.

„მე და შენ მაინც დავშორდებით. მაგამ ახლა დრო მნიშვნელოვანია. ლია დიდხანს არ დამელოდება. მის გარშემო ჩემნაირი, ოღონდ უფრო ახალგაზრდები ტრიალებენ. სად არის გარანტია, რომ ცდუნებას გაუძლებს? გარანტია არაა! ისღა დამრჩენია, რომ ნათია სწრაფად განქორწინებაზე დავითანხმო“ – ფიქრობდა ნიკა.

– ჩემი ქონების ნახევარს მოგცემ.

– ფული არ მჭირდება. მინდა, ჩემი შვილები სრულფასოვან ოჯახში გაიზარდონ. ერთმანეთი არ გვიყვარს, მაგრამ შეგვიძლიათ ერთმანეთს პატივისცემით მოვეპყრათ.

„რა საზიზღარია. პატივისცემით მომეპყრობა. შენი პატივისცემა ისე მჭირდება, როგორც თევზს ქოლგა. კარგი. ახლა მოითმინე. თავად ხარ დამნაშავე“ – ფიქრობდა ნიკა.

– სხვა ქალები მყავდა და მყავს. ძალიან ბევრი – უთხრა ნიკამ.

– ვიცი, – ამოიოხრა ნათიამ, – ალბათ, დაგავიწყდა, ამის გამო შენთან განქორწინება მინდოდა, მაგრამ უარი მითხარი. არ გინდოდა, რომ ერთად შეძენილი ქონების ნახევარი მოგეცა. მემუქრებოდი, რომ შვილებს წამართმევდი.

– ახლა მინდა. ახლა სხვა ვარ. შევიცვალე. სამყაროს სხვანაირად ვუყურებ. უკეთესი გავხდი. მოდი, სწრაფად განვქორწინდეთ. გთხოვ. შვილები არ მჭირდება წაიყვანე.

– არა, კიდევ ერთხელ არა! ამით დავასრულოთ.

– რატომ არა?

– თუნდაც იმიტომ, რომ ბავშვს ველოდები, – ეს ნათიამ ახლა მოიფიქრა.

„იტყუება თუ სიმართლეს ამბობს? როგორ შევამოწმო? მოვთხოვო საბუთი? თუ ასე არაა, ადგება და ვინმესგან გამიჩენს. შემდეგ მიდი და ამტკიცე, რომ შენი შვილი არაა. უმჯობესია, არ გავრისკო“.

– ასე ხომ? მესამე შვილი მეყოლება? – თქვა ჩაფიქრებულმა ნიკამ.

– გეყოლება! – დარწმუნებით უპასუხა ნათიამ და გაიფიქრა „ცხოვრებაში რა არ ხდება“.

ნიკას დიდხანს არ უფიქრია.

– კარგი. ჩავთვალოთ, დამარწმუნე. დაასახელე შენი მოთხოვნები.

– მოთხოვნები?

– მზად ვარ შენს ნებისმიერ პირობას დავთანხმდე, თუ სწრაფად დავშორდებით.

ნათია ცოტა ხნით დაფიქრდა და თავისი პირობები დაასახელა.

– გინდა ყველაფერი წამართვა? – სერიოზულად ჰკითხა ნიკამ.

– სხვა შემთხვევაში არ დაგშორდები. არ დაგავიწყდეს, მალე სამი შვილის დედა გავხდები. ეს ხარჯებს მოითხოვს.

– თანახმა ვარ.

ნიკა მაშინვე ლიასთან გადავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ სასამართლო იყო. ნიკა და ნათია ერთმანეთს დაშორდნენ. ერთ თვეში ლიას და ნიკას ქორწილი უნდა შემდგარიყო, მაგრამ არ მოხდა, რადგან ლიას სხვა შეუყვარდა.

– ნიკა, მაპატიე. სხვა შემიყვარდა. გულს ვერ უკარნახებ, – უთხრა ლიამ ქორწილის წინა დღეს.

ნიკამ დროებით მეტყველების უნარი დაკარგა. პასუხად რაღაც წამოიკნავლა. ლიამ მხრები აიჩეჩა, რადგან ვერ მიხვდა, რისი თქმა სურდა.

– როგორ სხვა შეგიყვარდა? – მშვიდად ჰკითხა ნიკამ, როცა ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა.

– აი, ასე მოხდა – დამნაშავედ უპასუხა ლიამ.

– შენ ხომ მარადიულ სიყვარულს მპირდებოდი!

– გულს ვერ უბრძანებ.

– გესმის, რომ შენ გამო ყველაფერზე უარი ვთქვი. გავღარიბდი.

– ცუდი ქალი ვარ. ამის შესახებ უნდა მეთქვა. ბოლო წუთამდე ვწელავდი. ვშიშობდი, გულს გატკენდი. შენი ღირსი არ ვარ. სხვას იპოვი. ჩემზე უკეთესი იქნება.

– სხვას? სად ვიპოვი? ვერ მიმასწავლი? რა გავაკეთო ახლა? საცხოვრებელიც არ მაქვს!

– შემიძლია ბინა გიქირავო. ის, რომელსაც ადრე ჩემთვის ქირაობდი.

– ბინას მიქირავებ? ლია, სრულ ჭკუაზე ხარ?

– მაგრამ ის მიყვარს. თავს ვერ ვიკავებ. ისეთი საყვარელი ბიჭია. შეუძლებელია, არ შეგიყვარდეს. 1 კვირაში ჩვენი ქორწილია. თაფლობის თვეზე საზღვარგარეთ წავალთ.

– ვინ არის? – დასუსტებული ხმით ჰკითხა ნიკამ.

– არ იცნობ. სტუდენტია. ძალიან მომხიბვლელია. ალექსანდრე გაფრინდაშვილი.

ნიკას თვალთ დაუბნელდა.

– რა თქვი, რა ჰქვია?

ლიამ შეყვარებულის სახელი გაუმეორა.

– შემთხვევით გიორგის შვილი ხომ არაა?

– დიახ, ნუთუ იცნობ მამამის?

ნიკა ყველაფერს მიხვდა. ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა. გიორგის წინააღმდეგ მეთოდები არ ჰქონდა.