ბოლო დროს ფართოდ გამოიყენება ტერმინები „ოფისის სინდრომი“ და „პროფესიული გადაწვა“. ამ მდგომარეობას ახასიათებს ორგანიზმში ისეთი სისტემების დარღვევა, როგორიცაა გულ–სისხლძარღვთა, ნერვული, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და კუნთოვანი სისტემები. მათი მსხვერპლია ადამიანები, რომლებიც სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებენ.
რა სჭირს ჩვენს გულს? – გულს ადამიანის მთავარ კუნთს ტყუილად არ უწოდებენ. ის ყოველდღე 100 000 შეკუმშვას აკეთებს, 7 570 ლ სისხლს სისხლძარღვებში 96 000 კმ მანძილზე ატარებს. ფიზიკური აქტივობის წყალობით გულ-სისხლძარღვთა სისტემის წინააღმდეგობა სტრესული სიტუაციების მიმართ იზრდება. კარდიოვარჯიშები გულისთვის ძალიან სასარგებლოა. ექიმები გირჩევენ, ყოველდღე 45 წუთი აეროვარჯიშებს დაუთმოთ. კარდიოლოგ ნადირ ახმედჯანოვის თქმით, აუცილებელი არაა ირბინოთ ან ჩქარი ტემპით ივარჯიშოთ. სუფთა ჰაერზე გასეირნებაც საკმარისია.
რატომ გვტკივა ზურგი და როგორ ვებრძოლოთ – კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა არა მხოლოდ მხედველობას აზიანებს, არამედ ხერხემალს ზედმეტად ტვირთავს, რაც ზურგის ტკივილს იწვევს. დისკომფორტი შეიძლება აწუხებდეს მათაც, ვინც აქტიურად ვარჯიშობს. ამ შემთხვევაში ტკივილის მიზეზი არასწორად გათვლილი ფიზიკური აქტივობა შეიძლება იყოს. თუ ტკივილი კუნთებში რძემჟავას დაგროვებას უკავშირდება, სახიფათო არაა. მხოლოდ ადასტურებს, რომ ადამიანმა კარგად ივარჯიშა.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ზურგის ტკივილის სხვა მიზეზი შეიძლება პათოლოგიურ პროცესებზე განიშნებდეთ და მკურნალობას მოითხოვდეს. ინტენსიური ვარჯიშისას არა მხოლოდ ზურგის ტკივილმა შეიძლება შეგაწუხოთ. ხშირად ადამიანი დისკომფორტს სხეულის სხვა ნაწილშიც გრძნობს. სწორედ ამიტომ, ვარჯიში ორგანიზმზე ადეკვატური დატვირთვით უნდა დაიწყოთ.
ტკივილის სახეები, როცა სჯობს ვარჯიში შეწყვიტოთ:
- ტკივილი გვერდში სირბილის დროს. თუ გვერდში მწვავე ტკივილს გრძნობთ, მაშინვე შეჩერდით და გულისცემა ნორმალურ სიხშირემდე დაიყვანეთ. უსიამოვნო სიმპტომი 5-10 წუთში გაქრება.
- კრუნჩხვები. ჯერ კიდევ საკითხავია, რა იწვევს კრუნჩხვებს ვარჯიშის დროს ან მის შემდეგ. ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ კრუნჩხვებს კალიუმის და მაგნიუმის ბალანსის დარღვევა იწვევს. ამ სიტუაციაში მოიცადეთ და კუნთები, რომლებიც გაწუხებთ, დაიმასაჟეთ.
- თავბრუსხვევა და გულისრევა. ხშირად ადამიანი ვარჯიშისას ფერმკრთალდება, გულისრევა, თავბრუსხვევა ეწყება ან გონებას კარგავს. ეს უკავშირდება დაბალ წნევას, ასევე სისხლში შაქრის დონეს. ამ შემთხვევაში რაღაც ტკბილი შეჭამეთ, თუნდაც გულისრევის გამოხატული სიმპტომები გქონდეთ.