სპატიფილუმი ცნობილი, როგორც „ქალთა ბედნიერება“, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარეა. მარადმწვანე სტუმარი ტროპიკებიდან მფლობელს აკურატული მსხვილი ფოთლებით და ნაზი თეთრი ყვავილებით ახარებს. მისი აყვავილება რთული ამოცანაა. ერთი შეხედვით, უპრეტენზიო მცენარეა, მაგრამ ყვავილობისთვის სპეციფიკური პირობები სჭირდება. ნაბიჯი მარცხნივ, ნაბიჯი მარჯვნივ და თეთრ ყვავილებს ვერ მიიღებთ.
სპატიფილუმი, „ქალთა ბედნიერება“
ტროპიკების შვილი – უკვე ვთქვით, რომ სპატიფილუმი ტროპიკებში იზრდება. სწორედ ამიტომ, მისი აყვავილება რთულია. „ქალთა ბედნიერებამ“ ლამაზი ყვავილებით რომ გაგახაროთ, სტაბილური თბილი და ნოტიო გარემო უნდა მოუწყოთ. სწორი განათებაც არ უნდა დაგავიწყდეთ! ხშირად ყვავილის მფლობელი მარტივი ვარაუდების საფუძველზე მოქმედებს. თუ მცენარე ტროპიკულია, მაშინ ბევრი სინათლე სჭირდება. ასეა, მაგრამ გარკვეული წესები არსებობს. სპატიფილუმს კაშკაშა, მაგრამ გაფანტული სინათლე სჭირდება, მზის პირდაპირ სხივებს ვერ იტანს. ტროპიკულ მცენარეს მიუჩინეთ ადგილი ნათელ და ფართო ოთახში, სადაც მზე ვერ აღწევს.
მორწყვის საკითხი – სპატიფილუმი ხშირად და რეგულარულად, მაგრამ ზომიერად უნდა მორწყათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარის ფესვები გამოშრება და ყვავილებს ვერ იხილავთ. კარგია, რომ მცენარეს „ჩაშენებული“ მორწყვის ინდიკატორი აქვს! ქოთანში მიწა შეამოწმეთ. თუ ზედა ფენა შესაგრძნებად მშრალია, დროა სარწყავი ხელში აიღოთ.
მნიშვნელოვანი დეტალები – გამოცდილ მებაღეებს აქვთ საკუთარი მეთოდები, რომლითაც სპატიფილუმს გარანტირებულად აყვავილებენ. მაგალითად, ექსპერტებმა იციან, რომ „ქალთა ბედნიერებას“ სიგრილე უყვარს. სპატიფილუმი ტროპიკული მცენარეა, მაგრამ 16-18 გრადუსზე უკეთ ყვავილობს. აღსანიშნავია, რომ ტროპიკულ სტუმარს ორგანული სასუქი მოსწონს. კომპოსტი და ნეშომპალა იდეალურია მიწის ხარისხის გასაუმჯობესებლად. სახლში მსგავსი სასუქის პოვნა მარტივი არაა. საბედნიეროდ, არსებობს მეთოდი, რომლითაც უსიამოვნო ვარიანტებს ჩაანაცვლებთ. ესაა ბანანის ქერქის ჩაი. ბანანის ქერქი მდიდარია კალიუმით, რომელიც სპატიფილუმს კოკრების ფორმირებისთვის სჭირდება. რამდენიმე ბანანის ქერქს მდუღარე წყალი დაასხით და 4-5 საათით გააჩერეთ. მიღებული ნაყენით ოთახის მცენარე რეგულარულად მორწყეთ. უსიამოვნო სუნი არ აქვს!
ბოლო შტრიხი – გირჩევთ, რომ „ქალთა ბედნიერება“ იოდის ხსნარით გამოკვებოთ. 1 ლ წყალს 3-5 წვეთი იოდი დაუმატეთ, კარგად აურიეთ, შემდეგ სპატიფილუმი ფესვებთან მორწყეთ. ამ ხრიკით მარადმწვანე მცენარის ნივთიერებათა ცვლაზე დადებითად იმოქმედებთ. ზემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინეთ და მალე თქვენი სპატიფილუმი უხვად აყვავილდება!