
ტყუილად არ ამბობენ, რომ ერთ სახლში ორი დიასახლისის ცხოვრება შეუძლებელია. ოჯახში სიმშვიდე ვერ დაისადგურებს, ჩხუბი და პრეტენზიები გარდაუვალია. ამ ქალმა ამის შესახებ კარგად იცის. რძალი სახლში მის ყოფნას ვერ იტანს და ფიქრობს, რომ ცხოვრებაში ხელს უშლის. Vivien ამ ქალის ამბავს გიზიარებთ.
ახალგაზრდა რძალმა სახლის წყობის შეცვლა გადაწყვიტა – „ვინმე თუ ჩემს შვილზე საყვედურს მეტყოდა, ვერასდროს ვიფიქრებდი. ის ხომ სანთლით საძებარია. მის გამო გაწითლება არასდროს მომწევია: არც სკოლაში, არც კოლეჯში. ეს იმის მიუხედავად, რომ შვილს სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობდი. მთელი დღე ვმუშაობდი. მეუღლემ წლების წინ მიმატოვა, ამიტომ საჭმელი და სახლის დალაგება ჩემი მთავარი საზრუნავი იყო.
შვილმა მექანიკოსობა ისწავლა. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში ბაბუამისის ძველ ავტოფარეხში მანქანების შეკეთება დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ საკუთარი ავტოსახელოსნო გახსნა. კარგ ფულს აკეთებდა. მოგვიანებით დიდი და ფართო სახლის აშენება გადაწყვიტა. „დედა, ჟურნალებს გადახედე და აირჩიე, როგორი სახლის ქონა გსურს. ზუსტად ისეთს ავაშენებთ“. მიხაროდა, რომ ჩემი აზრი აინტერესებდა, რჩევას მეკითხებოდა. სახლის პროექტის დაგეგმვა, ახალი ფილების და თბილი იატაკის დაგება ბავშვივით გვიხაროდა. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც გვინდოდა.
დაოჯახების დროა – ჩემი ვაჟი უკვე 30 წლისაა, დიდი სახლი და საკუთარი ბიზნესი აქვს. ახლა დაოჯახების დროა. ვუთხარი, რომ მარტოობა კმარა და კარგი გოგო უნდა იპოვოს და ჯვარი დაიწეროს. ჩემი რჩევა გაითვალისწინა. მალე ძალიან მშვიდი და მოკრძალებული გოგონა გამაცნო. ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს შვილს ვიღაც შეუყვარდა. კარგი გოგო ჩანდა. ვფიქრობდი, რომ მასთან კამათს და კონფლიქტს თავს ავარიდებდი. დიდი ქორწილი გადავიხადეთ. რძალი ჩვენს სახლში გადმოვიდა.
ორი დიასახლისი სახლში, უსიამოვნებას ელოდე – მალე შევნიშნე, რომ რძალი უკმაყოფილოა. გამუდმებით ჩემი შვილისთვის კერძების მომზადებას ცდილობს, მაგრამ ყველაფერი უკვე გაკეთებული მაქვს. ვურჩევ, სხვა რამ გააკეთოს, მაგალითად, სახლი გამოგვას, მტვერი გადაწმინდოს, სარეცხი გაფინოს. შვილი მსაყვედურობს, რომ რძალს ვაწყენინე და არაფრის გაკეთების უფლებას ვაძლევ. თითქოს, რძალს კარგი სურდა, მაგრამ დავუშალე.
მოგვიანებით პრეტენზიები გაიზარდა. ხან მისი ნივთები არასწორ ადგილას შევინახე, ხან ალმაცერად გავხედე. ერთხელ ისიც მითხრა, რომ შვილს პატარასავით თავს ვევლები. „რატომ არ შეგიძლიათ შვილი თქვენს კალთას მოაშოროთ? უკვე ზრდასრულია, თქვენ მაინც პატარასავით ელოლიავებით“. შემდეგ დაამატა, რომ ის და ჩემი შვილი ცალკე ოჯახი არიან და მათ გზაზე ვეღობები.
უკვე 65 წლის ვარ, ტკბილმწარე ცხოვრება გამოვიარე. შესანიშნავი ვაჟი გავზარდე, სახლი მოვაწყვე. ახლა ახალგაზრდა რძლის საყვედურები უნდა ავიტანო და დავთმო? წარმოუდგენელია. არ ვიცი, რა გავაკეთო“