მჟავე კომბოსტო სასარგებლო ნივთიერებების საწყობია, რომელსაც ზამთარში მივმართავთ. ეს ის დროა, როცა სარდაფიდან კონსერვები სუფრაზე გაგვაქვს. ასეთი მომზადებული ბოსტნეული ბევრს უყვარს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მჟავე კომბოსტოს მარილწყლის დალევაც საჭიროა. მისი გადასხმა არ შეიძლება. შესანიშნავი სასმელია გახდომის მსურველთათვის, რადგან ნოყიერი და არაკალორიულია. მჟავე კომბოსტოს მარილწყალი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მუშაობას ხელს უწყობს, რაც წონის კლებაზე დადებითად მოქმედებს. ეს ორგანიზმზე მისი სარგებლის მხოლოდ მცირე ნაწილია.
ვინ უნდა დალიოს მჟავე კომბოსტოს მარილწყალი
რა არის მისი სარგებელი – მჟავე კომბოსტო ძალიან ღირებული პროდუქტია. ექიმები მის რეგულარულად ჭამას გვირჩევენ. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი მარილწყალი, რომელიც ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. მას რიგი სასარგებლო თვისებები აქვს.
- მარილწყალში შემავალი რძემჟავა მიკროფლორის აღდგენას ხელს უწყობს. მჟავე კომბოსტოში უჯრედისიც შედის. მისით სასარგებლო ბაქტერიები და მიკროფლორა იკვებება. ასე უკეთ იზრდება და მრავლდება.
- მჟავე კომბოსტოს მარილწყალი შეიცავს მიკროელემენტებს, ასევე ვიტამინებს. კუჭის წვენის მჟავიანობას აწესრიგებს, ხელს უშლის ისეთი დაავადების განვითარებას, როგორიცაა კუჭის წყლული.
- მარილწყალში შედის K ვიტამინი. მისი დეფიციტი ბევრი ორგანოს მუშაობაზე ნეგატიურად მოქმედებს, რადგან ქსოვილების რეგენერაციაზე პასუხისმგებელია. K ვიტამინი ღვიძლის უჯრედების ფორმირებაში მონაწილეობს და შეშუპებას ებრძვის. აუცილებელია მათთვის, ვისაც თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ეს ვიტამინი წყალი–მინერალის ცვლას აუმჯობესებს.
- არსებობს მოსაზრება, რომ ციტრუსი ზამთარში C ვიტამინის მთავარი წყაროა. ასე არაა. C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო მჟავე კომბოსტო ცივ სეზონზე ნომერ პირველი პროდუქტია.
უკუჩვენებები – ჭარბი რაოდენობით მჟავე კომბოსტოს მარილწყლის დალევა ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებს. მაგალითად, დღეში 1 დიდი ჭიქა მარილწყალი საკმარისია, რომ ნაწლავების მუშაობა მოაწესრიგოთ. ბევრი სასარგებლო თვისების მიუხედავად მისი ხშირად დალევა ყველასთვის რეკომენდებული არაა.
- თუ ფერმენტირებულ პროდუქტში შემავალი ჰისტამინის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ, მჟავე კომბოსტო სიფრთხილით უნდა მიირთვათ.
- თუ გაწუხებთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა გასტრიტი, ქოლეცისტიტი და კოლიტი, რაციონში ბევრი მარილწყალი არ ჩართოთ.
თუ მჟავე კომბოსტოს და მისი მარილწყლის მიღებაზე უკუჩვენებები არ გაქვთ, რეგულარულად მიირთვით. თავს ნამდვილად უკეთ იგრძნობთ.