მცენარეული ნახარში სხვადასხვა დაავადების განკურნებაში გვეხმარება. ხალხურ მედიცინაში ასკილის ნახარში ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რადგან ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს. Vivien ასკილის ნახარშის მომზადების სწორ ტექნოლოგიას გიზიარებთ. მისი დახმარებით ორგანიზმის ტონუსი მოიმატებს. წითელი კენკრა მდიდარია მაგნიუმით, კალიუმით, კალციუმით და ვიტამინების ჯგუფით. დაგეხმარებათ, თუ სურდო გაწუხებთ ან პრევენცია გსურთ. გულის და სისხლძარღვების, კუჭ–ნაწლავის ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს.
მომზადების ტექნოლოგია – ასკილის ნახარშმა ბევრი სასარგებლო თვისება რომ შეინარჩუნოს, ნაყოფი სწორად მოამზადეთ. ახალი კენკრა გაჭერით, ბუსუსები მოაშორეთ და გააშრეთ. დაქუცმაცებას არ გირჩევთ. შუაზე გაჭრილი კენკრა ნაჯერ გემოს მოგცემთ. თუ ასკილის შენახვას გეგმავთ, მინის ქილა გამოიყენეთ და მაცივარში მოათავსეთ. ნახარშის ვადა 3 დღეა. გირჩევთ, რომ ყოველჯერზე ახალი ნახარში მოამზადოთ. ასე მეტ სასარგებლო ნივთიერებას მიიღებთ.
- მეთოდი 1: 2 ს/კ ხმელი ასკილი ემალის ან მინის ქვაბში ჩაყარეთ. 500 მლ თბილი წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ 1 საათით სუსტ ცეცხლზე დადგით. თბილი ნახარში დალიეთ.
- მეთოდი 2: ორთქლზე მოხარშვის მეთოდი. დაგჭირდებათ 2 ქვაბი: დიდი და პატარა. დიდში პირსახოცი ჩააფინეთ და პატარა ქვაბი მასში ჩადეთ. დიდ ქვაბში წყალი ჩაასხით, პატარაში 2 ს/კ ხმელი კენკრა ჩაყარეთ. 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 15-20 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ნახარში გადაწურეთ. ლიმონი და ცოტა თაფლი შეგიძლიათ დაუმატოთ.
ნახარშის მოსამზადებლად არა მხოლოდ ასკილის კენკრა, არამედ მისი ყვავილი, ფოთოლი, ფესვი და ტოტიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. გირჩევთ, რომ ხმელი მცენარე შეინახოთ და საჭიროების შემთხვევაში ნახარში მოამზადოთ.