იაპონური მეთოდი: ჯანსაღი პიროვნების აღზრდის ძირითადი პრინციპები

369

იაპონიაში ტრადიციებს მკაცრად პატივს სცემენ. ეს ყველაფერში გამოიხატება, პირველ რიგში, ახალგაზრდების აღზრდაში. ქუჩაში, საბავშვო ბაღსა და სახლში ბავშვის ქცევა რიტუალებს, თავაზიანობას და სწორ მანერებს ეფუძნება. ბოლო წლებში ბევრი მშობელი იაპონური აღზრდის სისტემის გამოცდილებით ინტერესდება. Vivien ამომავალი მზის ქვეყნის ოჯახების წესებსა და ტრადიციებზე გიამბობთ. გავარკვიოთ, რას წარმოადგენს იაპონური აღზრდა, ღირს თუ არა მისი მიღება.

რით არის ცნობილი იაპონური აღზრდა – იაპონია უნიკალური ქვეყანაა. ბევრ ევროპელს ამ იაპონელების გაგება უჭირთ, რადგან მათი ცხოვრების წესი გულწრფელ გაოცებას იწვევს. ერთ–ერთი ასეთი აღმოჩენა იაპონური განათლების სისტემა შეიძლება გახდეს. აქ 5 წლამდე ბავშვებს ღმერთივით ექცევიან, რაც სრულ ნებადართულობას გულისხმობს. იზრდებიან თუ არა იაპონელი ბავშვები გონებრივად ჯანმრთელები და მთლიანი ინდივიდები, თუ უფრო მეტი საფრთხე არსებობს, ვიდრე უპირატესობა? გავარკვიოთ!

სიცოცხლის პირველი წელი –  იაპონელი ქალები საოჯახო საქმეს ბავშვის აღზრდისგან არასოდეს ყოფენ. ეს გრძელდება იმ დროიდან, როცა ქალებს დიდი ხნით მინდორში მუშაობა უწევდათ. ბავშვს ტრადიციულად დედის ზურგზე სპეციალური სქელი ქსოვილით აკრავენ. ასე ბავშვი მთელი საქმიანობის დროს დედასთან იყო. დედა ხმამაღლა ამბობდა ყველაფერს, რასაც აკეთებდა. ეს ბავშვს სწრაფად განვითარებაში და ცხოვრების ყველა პროცესში ჩართვაში ეხმარებოდა. იაპონიაში ხშირად შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იწყებს ბავშვი ჯერ ლაპარაკს, შემდეგ სიარულს. იაპონური ინდუსტრია აქტიურად კერავს ქურთუკებს ჩანართებით, რომელიც ბავშვის წინ ტარების საშუალებას იძლევა. როგორც კი, ბავშვი გაიზრდება, ჩანართს აშორებენ და სპეციალური ქურთუკი ჩვეულებრივი ხდება.

იაპონიაში მტირალა ბავშვს იშვიათად ნახავთ. დედა ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვს ტირილის მიზეზი არ ჰქონდეს. სიცოცხლის პირველ წლებში დედის ნაწილია, რომელსაც მთელი დღე თან ატარებს, ღამით გვერდით აძინებს და პირველივე თხოვნაზე ძუძუს აძლევს. ოდნავ წამოზრდილ ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევენ. ზრდასრულისგან მხოლოდ გაფრთხილება შეიძლება გაიგონოს: „ჭუჭყიანია“, „სახიფათოა“ ან „ცუდია“. თუ მაინც დაშავდება, დედა მაშინვე პატიებას ითხოვს, რომ ვერ დაიცვა. როცა ბავშვები აქტიურად სირბილს იწყებენ, მაშინაც უყურადღებოდ არ ტოვებენ. ხშირად დედა საბავშვო თამაშს იგონებს, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს. მამები მხოლოდ დასვენების დღეებში არიან ჩართული, როცა ოჯახი ბუნებაში ან პარკში გადის. წვიმიან ამინდში ოჯახი მსხვილ სავაჭრო ცენტრებში სათამაშო ოთახებს სტუმრობს.

ნაადრევი განვითარება – იაპონელები ერთ–ერთი პირველები არიან, რომლებმაც ნაადრევი განვითარების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს. სიცოცხლის პირველ წლებში პიროვნების საძირკველი იდება. ბავშვი მაქსიმალურად სწრაფად სწავლობს, ამიტომ მშობლების ამოცანაა შექმნას პირობა, სადაც უნარების სრულად რეალიზებას შეძლებს. აქ მოქმედებს შემდეგი პრინციპები: ინტერესით ცნობიერების სტიმული, ხასიათის აღზრდა, შემოქმედებითი და ფიზიკური უნარების განვითარება. მთავარი ამოცანა არა გენიოსის გაზრდა, არამედ ისეთი აღზრდის მიცემაა, რომ მას „ჯანსაღი სხეული, ღრმა გონება ჰქონდეს, კეთილი და საზრიანი იყოს“. როგორც წესი, იაპონიაში დედები დეკრეტში გადიან, სანამ ბავშვს 3 წელი არ შეუსრულდება. შემდეგ სურვილისამებრ საბავშვო ბაღში აგზავნიან. ქალზე, რომელიც ბავშვს ბაგაბაღში აგზავნის, ამბობენ, რომ ოჯახის საკმარისად ერთგული არაა და ეგოისტურ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. უნდა გესმოდეთ, რომ იაპონურ მორალში საზოგადოებრივი აზრი პიროვნულზე ჭარბობს.

საბავშვო ბაღი – ბაღში პატარა ჯგუფებია: 5-დან 8–მდე. ყოველ 6 თვეში ნაკრები იშლება, რომ თითოეულ ბავშვს სოციალიზაციის უკეთესი შესაძლებლობა მიეცეს. თუ ბავშვი ერთ გუნდთან ურთიერთობას ვერ აწყობს, სხვა ჯგუფში მეგობრებს აუცილებლად იპოვის. აღმზრდელებიც მუდმივად იცვლება: იმისთვის, რომ ბავშვები მათ ძალიან არ მიეჯაჭვონ. იაპონელები ასეთ მიჯაჭვულობას დამოკიდებულებად თვლიან. ნებადართულობის პერიოდი 5 წლამდე გრძელდება. ამ პერიოდში ბავშვს მეფესავით ექცევიან. 5-დან 15 წლამდე მშობლები და მასწავლებლები ბავშვს მონასავით ეპყრობიან და ეუბნებიან, როგორ უნდა მოიქცენ ამა თუ იმ სიტუაციაში. 15 წლის შემდეგ – „როგორც საზოგადოების თანაბარ წევრს“. ითვლება, რომ მოზარდი უკვე ზრდასრულია, რომელმაც წესები და მოვალეობები კარგად იცის.

იაპონური სკოლა – იაპონიაში ბავშვების შედარება მკაცრად აკრძალულია. მასწავლებელი ყველაზე წარმატებულ მოსწავლეს არ გამოყოფს და ყველაზე უარესს არ კიცხავს. აქ ვინმეს გამოყოფა მიღებული არაა. კონკურენცია სპორტულ ღონისძიებებშიც არ არის: იმარჯვებს მეგობრობა ან რომელიმე გუნდი. იაპონური აღზრდის მთავარი მიზანია ისეთი ადამიანის გაზრდა, რომელიც ნებისმიერ კოლექტივში ჰარმონიულად მუშაობას შეძლებს. დაწყებით კლასებში სკოლას ევალება დაეხმაროს ბავშვს, რომელიც ბოლო დრომდე მეფესავით ცხოვრობდა, წესების დაცვა ისწავლოს და გარკვეული ჯგუფის წარმატებისთვის იცხოვროს. უფროსკლასელებს ასწავლიან, რა გააკეთონ, რა შეიძლება თქვან და რა არა. კლასები იყოფა ჯგუფებად, სადაც არიან ლიდერები და აუტსაიდერები. ამასთან ლიდერი მეგობარზე უნდა ზრუნავდეს, ყველაფერში დაეხმაროს. სხვები ლიდერს უსმენენ. თითოეულ პირველკლასელს ემაგრება კურატორი, მეექვსე კლასის მოსწავლე. ამით უმცროსები უფროსების მიმართ პატივისცემას სწავლობენ, ხოლო უფროსებს უმცროსებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში დაბადებული ბავშვები ძალიან სასურველები არიან. როგორც წესი, როცა წყვილი ბავშვის დაბადების შესახებ იგებს, ეს ყველასთვის (მშობლები, ნათესავები და მეგობრები) დიდი დღესასწაულია. იაპონელებისთვის შობადობის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო შთამომავლობის უქონლობა უკვე დიდი უბედურებაა.