მზარეულის რჩევები, როგორ ავირჩიოთ ახალი თევზი მაღაზიაში

385

დაგვეთანხმეთ, რომ თევზი სუფრაზე უფრო იშვიათად ჩნდება, ვიდრე ხორცი. ის უფრო სასარგებლო და მსუბუქია. ნატურალური ცილა, სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები, იოდი, ფოსფორი მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლითაც ახალი თევზი მდიდარია. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ახალი თევზი შეიძინეთ და არა დიდხანს ნადები. Vivien გიზიარებთ დეტალებს, როგორ აირჩიოთ ახალი თევზი. წლებია თევზს შეუცდომლად ვირჩევ. ხრიკები ადგილობრივი რესტორნის ნაცნობმა შეფმზარეულმა მასწავლა. ხორცის და თევზის ყიდვას სხვებს არ ანდობს, ხარისხს თავად აქცევს ყურადღებას. მის რესტორანში გრილზე მომზადებული, შემწვარი, მოთუშული, ფარშირებული თევზი და თევზის სალათები იყიდება. ყველაფერი ძალიან გემრიელია! აი, რჩევები.

როგორ ავირჩიოთ ახალი თევზი

  1. თევზი მაღაზიაში მთლიანად შეამოწმეთ. ხელში აღება და დათვალიერება არ შეგეზიზღოთ. თუ ერთჯერადი ხელთათმანი არ აქვთ, ამის გაკეთება გამყიდველს სთხოვეთ. მხოლოდ ზედა ხილული ნაწილის შემოწმება საკმარისი არაა.
  2. თევზი აიღეთ და დასუნეთ. მკვეთრად გამოხატული თევზის სუნი არ უნდა ჰქონდეს. ზღვის ახალ თევზს მარილის და ზღვის (წყალმცენარეების) სუნი აქვს, ხოლო მდინარის – ყლარტის.
  3. ფარფლები გლუვი და ტენიანი უნდა იყოს. გამყიდველები თევზს წყალს ხშირად ასხამენ, რომ „სიახლის“ ვიზუალურ ეფექტს მიაღწიონ. თუ ფარფლებს ბზარები აქვს, ხოლო კუდი მოხრილი, მაშინ თევზი თაროზე დიდხანს დადებულია.
  4. თუ მთელ თევზს ყიდულობთ, თვალებს დააკვირდით. სუფთა და გამჭვირვალე ძლივს შესამჩნევი გუგები უნდა ჰქონდეს. თუ მღვრიე და თეთრია, თევზი ახალი არაა.
  5. იგივე ლაყუჩებს ეხება. თუ ფარფლებს წყალი შეიძლება შეასხურონ, რომ ბზინვარე გახდეს, გაშავებულ ლაყუჩებს ვერაფრით დამალავენ. ეს აშკარა ნიშანია, რომ თევზმა გაფუჭება დაიწყო. მზარეულის რჩევა: მთელი თევზი თავიანად იყიდეთ. თუნდაც თავის გამოყენებას არ აპირებთ (არადა თავით კარგი უხა შეგიძლიათ მოხარშოთ), მეზობლის კატებს აჭამეთ. მთელი თევზით თვალებსა და ლაყუჩებზე დაკვირვებით დაადგენთ, ახალია თუ არა.
  6. თევზი ხელისგულზე დაიდეთ. თუ ახალია, თანაბრად იდება, ტანი მკვრივი აქვს. დიდხანს გაჩერებული თევზი მოიხრება, თავი და კუდი ხელისგულზე ჩამოწვება.
  7. თევზის მუცელს თითი დააჭირეთ. ღრმული მაშინვე უნდა გასწორდეს. გამოდის, რომ ხორცი ახალია. თუ ორმო დარჩება, გამოდის, რომ ხორცი შიგნით ფაფად გადაიქცა.
  8. თუ ცოცხალ თევზს მაღაზიაში აკვარიუმიდან ყიდულობთ, წყლის სისუფთავეს დააკვირდით. გამჭვირვალე და ნალექის გარეშე უნდა იყოს. ყველაზე აქტიური თევზები ყოველთვის ქვემოთ ცურავს. თევზი, რომელმაც აკვარიუმში დიდი დრო გაატარა, დუნე და უმოძრაოა, ზევით ცურავს.

ბევრი რჩევაა, მაგრამ ჩემი მეგობარი შეფმზარეული ყველა პარამეტრს სულ რაღაც წუთებში ამოწმებს. ეს დროის და გამოცდილების საკითხია. მთავარი რჩევები გამოყავით და დაიცავით. აი, ნახავთ, ახალი თევზის ხარისხი, რომელსაც სახლში მოიტანთ, სასიამოვნოდ გაგაოცებთ!