ბულგარული წიწაკა წლის ნებისმიერ დროს სუპერმარკეტში ან ბაზარში შეგიძლიათ იყიდოთ, მაგრამ ზამთარში მისი ფასი საგრძნობლად იმატებს. თუ ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვა გსურთ, ზაფხულში ბოსტნეული მოიმარაგეთ. მაგალითად, ბულგარული წიწაკა სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ გაყინოთ. გიზიარებთ რამდენიმე ოპტიმალურ მეთოდს.
გაყინული წიწაკა ფარშით გასავსებად – თუ გსურთ, რომ სამომავლოდ ფარშით გაავსოთ, მაშინ მთელი ნაყოფი შეინახეთ. ხორცის, ყველის და კომბოსტოს შიგთავსი იდეალურად უხდება. ღრუ ფორმა საშუალებას გაძლევთ, რომ წიწაკები ერთმანეთში ჩადოთ და ისე შეინახოთ. მომზადების ორ ვარიანტს გთავაზობთ.
- ერთნაირი ზომის, ოდნავ წაგრძელებული ფორმის წიწაკებს თავები მოაჭერით, თესლები და ტიხრები მოაშორეთ. ძალიან წვნიანი წიწაკა სალფეთქით გაამშრალეთ. წიწაკები ერთმანეთში ჩადეთ, შემდეგ პარკში მოათავსეთ და საყინულეში შეინახეთ.
- წიწაკა საკმაოდ მოცულობითია, თუნდაც ერთმანეთში ჩააწყოთ. მეორე ვარიანტით შენახული წიწაკა საყინულეში ნაკლებ ადგილს დაიკავებს. ბულგარული წიწაკები მოამზადეთ, თავები მოაჭერით, თესლები და ტიხრები მოაშორეთ. შიგნით მარილი ჩაყარეთ და 1 საათით გააჩერეთ. მარილი წიწაკას დაარბილებს და მის შეკუმშვას შეძლებთ. გამოსული წვენი გადაღვარეთ. წიწაკები გარეცხეთ და ზედმეტი მარილი მოაშორეთ. წინა ვარიანტის მსგავსად ნაყოფები ერთმანეთში ჩააწყვეთ, პარკში შეახვიეთ და საყინულეში შეინახეთ. შეკუმშული წიწაკა ნაკლებ ადგილს დაიკავებს.
წიწაკა სალათისთვის – თუ მოგვიანებით ბულგარული წიწაკის სალათში გამოყენებას აპირებთ, საშუალო ზომის კუბებად დაჭერით. ქაღალდით გაამშრალეთ. პარკში ან კონტეინერში ჩაყარეთ და საყინულეში შეინახეთ. კონტეინერად გადაჭრილი ან ფართოყელიანი ბოთლიც გამოგადგებათ.
წიწაკის პასტა – წვრილად დაჭრილი წიწაკა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. მწვანილიც შეგიძლიათ დაუმატოთ. ფორმებში გადაანაწილეთ და გაყინეთ. გაყინული პასტა ფორმებიდან ამოიღეთ და პარკში შეინახეთ. წვნიანს, გუფთას და სოუსს შეგიძლიათ დაუმატოთ.
გირჩევთ, რომ ზაფხულში ცოტა დრო ბოსტნეულის ზამთრისთვის მომარაგებას დაუთმოთ. ასე თქვენ და თქვენი ოჯახი მთელი წელი ბულგარული წიწაკის კერძების მირთმევას შეძლებთ. ხორცით ან კარტოფილით და სოკოთი ფარშირებული წიწაკა საოცრად გემრიელია.