ყველგან და ყველაფერზე ეკონომიის მოდა დაბრუნდა. დღეს პრაქტიკული ადამიანი პატივსაცემია და საზოგადოება მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ, ახლა ევროპაში მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვების ბუმია, რადგან ყველგან ბევრი ნაგავია. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ოჯახში ნაგავს უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე საკუთარ შვილებს. სახლში ბევრი პარკი, თუნუქის ქილა, შრიალა შეფუთვა მოაქვთ და ყოველდღიურ რიტუალს იწყებენ. ამოიღე, დაალაგე, დაახარისხე: მინა, პლასტმასი, ქაღალდი, საკვების ნარჩენები. ჭამის შემდეგ რიტუალი უკვე ცარიელი შეფუთვით მეორდება.
პრაქტიკული ადამიანი – ცივილიზებულ ევროპულ სამყაროში ეკონომიის მიზნით ყველაფერს არემონტებენ, რაც შეუძლიათ. რაც შეკეთებას არ ექვემდებარება, გადამუშავებაზე აგზავნიან! ძალიან მაგრად ითვლება, როცა დიასახლისი მწვანილს ფანჯრის რაფაზე ზრდის, რადგან ასე ოჯახის ბიუჯეტს ზოგავს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს იღებს. Vivien შეგახსენებთ რამდენიმე ფასდაუდებელ რჩევას შორეული წარსულიდან, თუ როგორ ზოგავდნენ ადრე ჩვენი დედები და ბებიები. რჩევები დაგეხმარებათ, რომ უფრო პრაქტიკული ადამიანი გახდეთ. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი გაითვალისწინოთ.
საპონი – თუ დღემდე მყარ საპონს იყენებთ, ალბათ, სადღაც საპნის ნარჩენების მთას ინახავთ. საპნის ნატეხით შეგიძლიათ ქსოვილზე თარგის კონტური გადაიტანოთ. პირველივე გარეცხვაზე საპნის ხაზი უკვალოდ გაქრება. ბევრი საპნის ნატეხით თხევადი საპონი შეგიძლიათ გააკეთოთ. ამისთვის წყალი და ეთერზეთი დაუმატეთ. იაფი და საინტერესოა.
საყოფაცხოვრებო ქიმია – დავუშვათ, ოქროს, ვერცხლისა და მოოქროვილი დანა–ჩანგლის გაწმენდის საკითხი დადგა. სპეციალური საშუალება ძალიან ძვირია, თან ერთი–ორი გამოყენებისთვის მისი ყიდვა გონივრული არაა. თუ სამრეწველო მასშტაბის ვერცხლს არ წმენდთ, ამოცანას ლიმონი შესანიშნავად გაუმკლავდება. ლიმონის ნაჭრით აქსესუარები გაწმინდეთ და 5-7 წუთით გააჩერეთ. შემდეგ წყლით კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ოქრო საპნის ხსნარით ან ნიშადურის სპირტით გაწმენდის შემდეგ ახალივით იბრწყინებს. ოქროს ჩვეულებრივი მარილიც კარგად ასუფთავებს. ძმარი, სოდა და წყალბადის ზეჟანგი ყველაზე ეფექტური და პოპულარული საშუალებებია საოჯახო საქმეში.
სამზარეულოს ხრიკები – ვიმედოვნებთ, რომ პრაქტიკული ადამიანი ხართ და კარტოფილის ნახარშს ნიჟარაში არ ასხამთ. კარტოფილის ნახარში წყალი სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, კარტოფილის პიურეს მოსამზადებლად, თუ რძე არ გაქვთ. ღვეზელის ცომს უბრალო წყლის ნაცვლად შეგიძლიათ დაუმატოთ. ეს ყველაფერი არაა. ხელები კარტოფილის ნახარში ჩაყავით, რომ რბილი და ხავერდოვანი გახდეს, როგორც სპა პროცედურის შემდეგ.
მცენარეული ზეთი დიდხანს შეგიძლიათ შეინახოთ, მაგრამ ზოგჯერ მღვრიე ხდება. ახალგაზრდა და გამოუცდელი დიასახლისები მთელ მარაგს სინანულის გარეშე ყრიან. მეცნიერულად, მღვრიეს ფოსფოლიპიდები ან ლიცეტინები ეწოდება. დიახ, სწორედ ის ლიცეტინი, რომელიც აფთიაქში საკვებ დანამატად იყიდება. ზეთს მწიკვი მარილი დაუმატეთ და რამდენიმე დღე გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ მთელი ნალექი ძირში დაილექება. გამჭვირვალე ზეთი სხვა ჭურჭელში გადაასხით და გამოიყენეთ.
ზოგჯერ კერძების მომზადების შემდეგ გამოუყენებელი ბოსტნეული რჩება. თუ ნახევარ თავ კომბოსტოს უბრალოდ მაცივრის ქვედა თაროში შეინახავთ, ცოტა ხანში გაშავდება და დალპება. ადრე ქალები ამის თავიდან ასაცილებლად კომბოსტოს გაზეთში ახვევდნენ. ქაღალდი ზედმეტ ტენს იწოვს და კომბოსტო მომავალ ბორშამდე შესანიშნავად შეინახება. მთავარი კითხვა, სად ვიპოვოთ გაზეთი? ხახვის ნახევარს მზესუმზირის ზეთი წაუსვით, ასე სიცივეში 1 კვირა გაძლებს. მაინც გირჩევთ, უფრო პატარა ხახვი შეიძინოთ, რომ მთლიანად გამოიყენოთ ან ფურცლებიანად დაჭერით და შემდეგ გაწმინდეთ.
პროგრამის მშვენება – ქალის კოლგოტები. ძველად ნეილონის კოლგოტები შთაგონების წყარო იყო. თითოეული ქალი ასაკის და საქმიანობის მიუხედავად კოლგოტებს პრაქტიკულად იყენებდა. მაგალითად, კოლგოტებს გრძელ ვიწრო ზოლებად ჭრიდნენ და ყაისნაღით ან საქსოვი ჩხირებით ხალიჩებს, ნეჭებს, ფერად ჩვრებს სამზარეულოსთვის ქსოვდნენ. რას შეეძლო ექსტრავაგანტული ვარცხნილობის უკეთ შენარჩუნება წვეულების წინა ღამეს, თუ არა კოლგოტის გადაჭრილი რეზინისგან გაკეთებულ ბადეს? კოლგოტებს მეაგარაკეებიც იყენებდნენ. კოლგოტებში პომიდორს და კიტრს ახვევდნენ, მოცხარის ჟელეს წურავდნენ. მცენარის დასამუშავებლად შიგნით ნაცარს ყრიდნენ და მტვრიან ძირზე ჯოხის დარტყმით მთელ ნაკვეთზე დადიოდნენ. მოსახერხებელი, პრაქტიკული და მოდური იყო. ხახვის და ნივრის გირლანდები სამზარეულოს კუთხეში კლასიკის ჟანრია. ბოსტნეული კოლგოტში კარგად ინახება. კიდევ ერთი რჩევა მილიონიდან. ქალის კოლგოტით სამშენებლო ნარევებს კარგად წურავდნენ. ასე ერთგვაროვანი, მინარევების და ქვის გარეშე ხდებოდა. ასევე კოლგოტებს უბრალოდ სითბოსა და სილამაზისთვის იცვამდნენ.
რედაქციის რჩევა: ზოგიერთი ჩვენგანი ერთობა, როცა ერთი შეხედვით უიმედო ტუბიდან კბილის პასტა გამოაქვს ან თვიდან თვემდე ზედა თაროზე კვერცხის ქაღალდის შეფუთვებს აწყობს. სხვები ამას ღარიბული ცხოვრების ელემენტად თვლიან და ფასდაკლებულ საქონელს არ ეძებენ. რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით?