5 მიზეზი, რატომ სკდება კიტრის კონსერვის ქილები

1597

ჩვენთვის ზაფხული გახურებული მუშაობის დროა. ამ პერიოდში კიტრის კონსერვების შენახვა განსაკუთრებით მიყვარს. ზამთარში ძალიან კარგი დამხმარეა. შინ მომზადებული კონსერვები ყოველთვის უფრო გემრიელი, ნატურალური და, რა თქმა უნდა, იაფია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. ალბათ, ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როცა კიტრის ქილა გასკდა ან მარილწყალი აიმღვრა. რა მოვიმოქმედოთ, რომ ძვირფასი კონსერვი არ დავკარგოთ? Vivien გიამბობთ, როგორ შეინახოთ კიტრის მწნილი იდეალურად რამდენიმე თვის განმავლობაში. ასევე გასწავლით, როგორ დაამწნილოთ მსხვილი კიტრი სწორად.

რატომ სკდება კიტრის კონსერვის ქილები?

თავსახურის და ქილის არასწორად მომზადება – სტერილიზაცია კონსერვაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. თითოეულ დიასახლისს საკუთარი მეთოდი აქვს. მაგალითად, ზოგი სტერილიზაციის დროს თითოეულ ქილას თავსახურს აფარებს, ასე ცხელი წყალი ყველა მიკრობს კლავს. სხვები თავსახურებს გამოყენებამდე 10 წუთით ადრე ცალკე ხარშავენ. თუ სარდაფში ქილა გასკდა, გამოდის, რომ სტერილიზაციის პროცესში შეცდომა დაუშვით. ქილის ან თავსახურის ზედაპირზე მიკრობები დარჩა, გამრავლდა, კიტრი ადუღდა, გაზი გამოუშვა, თავსახური გასივდა და აფეთქდა.

შეცდომები რეცეპტში – ბევრი დიასახლისი კერძის მომზადების დროს ზოგიერთ ინგრედიენტს „თვალით“ ამატებს. ეს კონსერვაციის დროს დაუშვებელია. აქ, ყველაფერი ზუსტად რეცეპტის მიხედვით უნდა დაამატოთ. მარილს და შაქარს განსაკუთრებით ეხება. თუ საჭიროზე ნაკლები იქნება, სავარაუდოდ, ქილები ზამთრამდე ვერ მიაღწევს. გახსოვდეთ, რომ კიტრი ბუნებით ტკბილია, ამიტომ საკმარისი ძმარი დაუმატეთ, რომ მიკროორგანიზმების განვითარება გამორიცხოთ. სხვათა შორის, ზოგიერთი დიასახლისი მარილწყალს ასპირინს, როგორც კონსერვანტს, უმატებს. თუ ამ მეთოდს ეჭვის თვალით უყურებთ, ვაშლის ძმარი გამოიყენეთ.

დარღვევები მომზადების ტექნოლოგიაში

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქილები სკდება. აქ შედის:

  1. ცუდად გარეცხილი ინგრედიენტები (ბოსტნეული, პირშუშხას ფოთლები, კამა, მოცხარის ფოთლები და ა.შ.)
  2. კიტრის სახეობა, რომელიც მწნილისთვის შესაფერისი არაა.
  3. დამსკდარი ან გაფუჭებული ბოსტნეულის შენახვა.

მინის ქილაში ჰაერი მოხვდა – როცა დედა ბოსტნეულის შენახვას მასწავლიდა, ყოველთვის მახსენებდა, რომ მარილწყალი ბოლომდე უნდა დავასხა. ასე ქილაში არ იქნება ჰაერის ადგილი, ანუ ხელსაყრელი გარემო, რომელიც ყოველგვარი ბაქტერიების გამრავლებას ხელს უწყობს. გქონიათ შემთხვევა, როცა მოსავლის აღება 1-2 დღის დაგავიწყდათ და კიტრი უკვე გადამწიფდა? ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ დააკონსერვოთ. ბოსტნეულში უკვე სიცარიელეა, სადაც ჰაერი შეიძლება დაგროვდეს. კიტრი 1 დღე ცივ წყალში ჩაალბეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხუფეთ.

შეცდომები შენახვის პროცესში – ხშირად დიასახლისები სერიოზულ შეცდომას უშვებენ. მათ ქილები მოხუფვისთანავე სარდაფში გააქვთ. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება კონსერვაციის შენახვის ვადას ამცირებს. პასტერიზაციის პროცესის გასახანგრძლივებლად ცხელი ქილები გადააბრუნეთ, პირსახოცში ან რაიმე თბილ ქსოვილში შეფუთეთ და 1 დღე მაგიდაზე გააჩერეთ. ასე კიტრი ნელ–ნელა, ბუნებრივად გაგრილდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ქილები სარდაფში გაიტანოთ.

უკვე გავარკვიეთ, რატომ სკდება კონსერვის ქილა. დროა, მწნილის მომზადება დაიწყოთ. თუ კიტრს ზამთრისთვის იმარაგებთ, რეცეპტი და მომზადების ტექნოლოგია ზუსტად დაიცავით. ასე გემრიელ შედეგს მიიღებთ, რომელიც სარდაფში დიდხანს გაძლებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს