ატოპიური დერმატიტი ქრონიკული მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომლის განვითარებას იწვევს 2 მნიშვნელოვანი რამ: კანის ბარიერის დარღვევა (ალერგენების და ტოქსინების გაზრდილი გამტარობა) და კანში იმუნური ანთება.
ატოპიური დერმატიტი ბავშვობაში ვლინდება. თუ ზრდასრულ ადამიანს ეს დიაგნოზი დაუსვეს, შესაძლოა ორი ვარიანტი: ბავშვობაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა ან დიაგნოზი არასწორად დასვეს. ვინაიდან ქრონიკული დაავადებაა, მისგან სამუდამოდ თავის დაღწევა შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ გამწვავება თავიდან აიცილოთ და მასთან ერთად ცხოვრება ისწავლოთ.
პროცესის გამწვავება სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, ალერგენი, გამაღიზიანებელი ნივთიერება, საკვები პროდუქტი, ემოციური სტრესი და ა.შ. დაავადებას ახასიათებს სეზონური გამწვავება ცივ სეზონში და გაუმჯობესება ზაფხულში.
როგორ ვიზრუნოთ კანზე ატოპიური დერმატიტის დროს?
- იმუნოსუპრესია, ანუ იმუნიტეტის ხელოვნური დათრგუნვა მედიკამენტების დახმარებით. ამისთვის ექიმს უნდა მიმართოთ, რადგან პროცესი რთული, ინდივიდუალურია და პროფესიონალურ მიდგომას საჭიროებს.
- კანის ბარიერის რეაბილიტაცია, რომელიც დამოუკიდებლად და მუდმივად ტარდება, პროცესის სიმძიმის მიუხედავად.
კანის პირველი და მთავარი დამცავი ბარიერი, რომელიც ჯანმრთელობას და იმუნიტეტს მხარს უჭერს, მიკრობიომია. ესაა ეკოსისტემა, რომელიც მილიარდი მიკროორგანიზმისგან (ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები) შედგება, რომლებიც კანზე დაბადებისას სახლდება. ასე თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალური მიკრობიომი იქმნება. ატოპიური დერმატიტის დროს კანზე ნორმალური ფლორისთვის გარემო არაა (სიმშრალე, ლიპიდების ნაკლებობა), ამიტომ კანის მიკრობიომს წონასწორობის შენარჩუნება უჭირს. ხშირად დარღვეული მიკრობიომი გამწვავებას და თერაპიის წარუმატებლობას იწვევს. ფლორის ნორმალური მდგომარეობისთვის მკვებავი გარემოს შესაქმნელად ემოლენტების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
ემოლენტები – კრემი, რომელიც შეიცავს ნივთიერებების ჯგუფს, რომელსაც კანის სწრაფად დატენიანება და აღდგენა შეუძლია. კრემი რქოვანი ფენის და ჰიდროლიპიდური მანტიის დონემდე აღწევს.
ემოლენტების გამოყენების წესი:
- ემოლენტები მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ შეცვალოთ. არჩევანზე სეზონი და კლიმატური პირობები გავლენას ახდენს. ეს ნორმალურია.
- თუ საშუალება გიხდებათ, მისი შეცვლა არ ღირს. მიჩვევის არ შეგეშინდეთ. ემოლენტებში სამკურნალო ნივთიერებები არაა, რომლებიც გამოყენებას ზღუდავენ.
- ბალზამი ან გაჯერებული კრემი ცივ სეზონზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეთი საშუალება ოკლუზიას უზრუნველყოფს და მშრალ და ძალიან მშრალ კანს ატენიანებს. ზაფხულში უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ ტექსტურას, რომელიც ბევრ წყალს შეიცავს. მაგალითად, რძე ან ლოსიონი.
- გახსოვდეთ, რომ კანის ზედაპირი მთლიანი ორგანოა და ემოლენტები მთელ ტანზე უნდა წაისვათ.
- კლინიკური ეფექტის მისაღებად საკმარისი რაოდენობის დამარბილებელი პრეპარატები უნდა გამოიყენოთ (ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც მწვავე ფორმა აქვს, კვირაში 600 გრამამდე სჭირდება, ხოლო ბავშვს – 250 გრამამდე).
- მუდმივი მოვლისას ემოლენტების არჩევა მარტივია, მაგრამ გამწვავების დროს ამოცანა რთულდება. ამ პერიოდში სამკურნალო საშუალებებიც უნდა გამოიყენოთ, რომელიც კანს ამშვიდებს და ანთებას აქრობს.
- იდეალურია საშუალება, რომელიც ბუნებრივ ანტისეპტიკს შეიცავს, რაც მეორადი ინფექციის მიერთებას ხელს უშლის.
გახსოვდეთ! ემოლენტები მთელ კანზე დღეში 3-4-ჯერ უნდა წაისვათ, მუდმივად. როგორც მკურნალობის, ასევე გამწვავების პერიოდში.
ატოპიური დერმატიტის დროს უკიდურესად მნიშვნელოვანია:
- საკუთარი ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ფაქტორების გამწვავებას გამორიცხავს.
- სწორი მოვლის შერჩევა.
ამისთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა ხდება კანში ამ დაავადების დროს და რა ფაქტორები იწვევენ გამწვავებას, როგორია პროცესის სიმძიმე და როგორ იმკურნალოთ. გაარკვიოთ, რომელი ანალიზები უნდა ჩააბაროთ, რომელი ჰორმონალური და არაჰორმონალური მალამოები შეგიძლიათ გამოიყენოთ ატოპიური დერმატიტის მკურნალობისას. გაეცნოთ დერმატოლოგების რეკომენდაციებს, რომ გამწვავების და რემისიის დროს კანზე სწორად იზრუნოთ.