D ვიტამინი ძვლების ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთ ადამიანს „მზის ვიტამინის“ სახიფათო სიჭარბე ან ჰიპერვიტამინოზი აღენიშნება.იცით თუ არა, რომ ორგანიზმში D ვიტამინის ჭარბი რაოდენობა შეიძლება პრობლემა იყოს? იმის მიუხედავად, რომ ეს ვიტამინი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებაა, მისი ჭარბი რაოდენობა შეიძლება სახიფათო იყოს. კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის ანომალურად მაღალმა დონემ შეიძლება ძვლების, ქსოვილების და სხვა ორგანოების პრობლემები გამოიწვიოს. ამას D ვიტამინის ტოქსიკურ ჰიპერვიტამინოზს უწოდებენ. ეს იშვიათი, მაგრამ სერიოზული მდგომარეობაა, რომელმაც შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები გამოიწვიოს.
D ვიტამინის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომ ორგანიზმს საკვებიდან კალციუმის ათვისებაში დაეხმაროს. ამავდროულად, D ვიტამინის სიჭარბემ შეიძლება სისხლში კალციუმის დონის მკვეთრი მატება, ჰიპერკალცემია გამოიწვიოს. დაავადების ზოგიერთი საერთო სიმპტომები: ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, კენჭები თირკმლებში, ჰიპერტონია და გაუწყლოება.
- ფსიქიკური პრობლემები – D ვიტამინის მაღალი დონე კალციუმის დონეს ზრდის, რამაც შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ჰიპერკალცემიამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა გონების დაბინდვა, დეპრესია და ფსიქოზი.
- კუჭის პრობლემები – D ვიტამინის სიჭარბის გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, მათ შორისაა ყაბზობა, დიარეა, ცუდი მადა და ა.შ. თუ D ვიტამინის დანამატის მიღების შემდეგ კუჭის ტკივილი ან ყაბზობა გაწუხებთ, ექიმს მიმართეთ, რომ გართულებები თავიდან აიცილოთ.
- თირკმლების პრობლემები – D ვიტამინის ტოქსიკურობა კალციუმის დონეს ზრდის, რაც, თავის მხრივ, ხშირი შარდვის და თირკმლის კალციფიკაციის გამო წყლის დაკარგვას იწვევს. ეს თირკმლების დაზიანების, ზოგჯერ თირკმლების უკმარისობის რისკს ქმნის. კალციუმის მაღალი დონე თირკმლების სისხლძარღვებს ავიწროებს და ნორმალურ მუშაობაში ხელს უშლის.