თანამედროვე დედას სლინგი აუცილებლად სჭირდება. რატომ არის ეტლზე უკეთესი

530

ყველა თანამედროვე დედას სლინგი სჭირდება. მისი დახმარებით ბავშვი სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ ატაროთ. ამავდროულად, ბავშვი მისთვის ნაცნობ პოზაშია და თავს მოხერხებულად გრძნობს. დედასთან სიახლოვე მის მენტალურ სიმშვიდეს უზრუნველყოფს. რატომ არის საჭირო კონკრეტულად სლინგი? ხშირად დედას დამხმარე არ ჰყავს, მაგრამ სასეირნოდ ან მაღაზიაში საყიდლებზე წასვლა სჭირდება. ამ დროს ეტლის გამოღება, გაშლა–დაკეცვა რთულია. აი, სლინგის ჩამოცმა და ბავშვის ჩასმა მარტივი.

აქტიური დედები სლინგს ხშირად უპირატესობას ანიჭებენ, რადგან სურთ ისეთი აქტიური ცხოვრების წესი შეინარჩუნონ, როგორც ბავშვის გაჩენამდე ჰქონდათ. ამის გაკეთება სლინგთან ერთად შესაძლებელია. ბავშვთან ერთად სახლში ყოფნა აუცილებელი აღარაა. სლინგის პირველი პროტოტიპი აზიის და აფრიკის კულტურიდან აიღეს. ჩვენთვის ეს ბავშვის ტარების ახალი და სასარგებლო მეთოდია, მათთვის კი ერთადერთი ვარიანტი იყო.

სლინგის ერთ–ერთი უპირატესობა ისაა, რომ ბავშვს მუდმივად ხედავთ და მშვიდად ხართ. ეტლის შემთხვევაში ხშირად გვიწევს ბავშვს გავხედოთ, მისი სუნთქვა ვაკონტროლოთ, მისი მდგომარეობა შევამოწმოთ. ამავდროულად, ბავშვი სწრაფად შეგიძლიათ დაამშვიდოთ. სლინგის შემთხვევაში ხელები თავისუფალი გაქვთ და ნებისმიერი საქმე შეგიძლიათ შეასრულოთ. ბავშვი მშვიდადაა, რადგან დედასთან ახლოსაა. ეს კი მისი ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნილებაა. სლინგის შემთხვევაში ბავშვის ძუძუთი კვება მარტივდება.

სლინგის და ეტლის შედარება – სლინგი დედის მოძრაობას არ ზღუდავს. მაგალითად, ჩვილი სლინგში შეგიძლიათ ჩასვათ, უფროს შვილს ხელი მოკიდოთ და სასეირნოდ მშვიდად გახვიდეთ. ეტლის შემთხვევაში კიბე, ლიფტის არქონა, ვიწრო კარის ღიობი და ბევრი სხვა რამ სირთულეებს იწვევს. ეტლით მგზავრობა გაცილებით რთულია, ვიდრე სლინგით.

სლინგის გამოყენება სახლშიც შეგიძლიათ. ასე ბავშვს თან დაარწევთ, თან სახლს დაალაგებთ. ბევრი სლინგის მოწინააღმდეგე ამტკიცებს, რომ ასე ბავშვი დედასთან მიჯაჭვული გაიზრდება. ეს ფსიქოლოგიურად მცდარი მოსაზრებაა. ბავშვი დამოუკიდებელი გაიზრდება, თუ ბავშვობაში დედის სიყვარულს, ზრუნვას და სიახლოვეს მიიღებს. პატარაობიდან მიღებული სიყვარული და ზრუნვა სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ხელოვნური დამოუკიდებლობა მხოლოდ განვითარების ეტაპებს არღვევს. დაიმახსოვრეთ: ბავშვს პირველ წლებში დამოუკიდებლობის სწავლა არ სჭირდება. ამ პერიოდში მათ მიმართ მეტი სიყვარული და ზრუნვა გამოიჩინეთ.

სლინგის სახეები – სლინგი ბავშვის დაბადებიდან პირველივე კვირას შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზოგიერთი დედა პირველივე დღიდან სლინგს იყენებს. პატარას სლინგში ტკბილად ძინავს, რადგან მისთვის ნაცნობ ემბრიონის პოზას იღებს. დედის გვერდით თავს დაცულად გრძნობს. ჩვილის შემთხვევაში ზოგიერთი სლინგის გამოყენება არ შეიძლება. ძალიან პატარებისთვის სლინგი–შარფი ან სლინგი–რგოლი უკეთესია. სლინგი–რგოლის გამოყენებას გამოუცდელი დედაც შეძლებს. სლინგი–რგოლი ცხელ ამინდში კარგია, თან ბავშვის საწოლში გადაყვანა მარტივია. რგოლიანი სლინგი ერთ მხარზე იცმება და მაქსიმუმ 2 საათით შეგიძლიათ ატაროთ. სხვა სახის სლინგში ბავშვის წონა თანაბრად ნაწილდება და დიდხანს შეგიძლიათ ატაროთ. მაგალითად, სლინგი–მაი. ეს კვადრატის ფორმის ქსოვილია, რომელსაც თასმები მიკერილი აქვს. 3 თვიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ აქტიური დედა ხართ, სლინგი–შარფი გამოიყენეთ. ხელის გაწვრთნა მოგიწევთ, რომ შარფი სწორად შემოიხვიოთ, მაგრამ ამად ღირს! შარფის სიგრძე დედის სიმაღლეზე, ასევე შეკვრის მეთოდზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, აკვნის ან ვერტიკალის ვარიანტი გამოიყენება.

რედაქციის რჩევა – დღემდე ზოგიერთი დედა სლინგს ეჭვის თვალით უყურებს. ხშირად ეს ძველ წესებზე აღზრდილი მშობლების რჩევებით არის გამოწვეული. კონსერვატიული ხედვები ახლის მიღებას და გამოცდას ხელს უშლის, არადა სლინგს ბევრ კულტურაში უძველესი დროიდან იყენებენ. დედისთვის და ბავშვისთვის სასარგებლო ნივთია. არავის მოუსმინოთ, სლინგის გამოყენება სცადეთ და მის ეფექტურობაში თავად დარწმუნდით.