გავრეცხოთ მაკარონი ცივ წყალში ხარშვის შემდეგ? ნაწილი ირწმუნება, რომ ამის გაკეთება აუცილებელია. თითქოს, ბებია და დედა ასე აკეთებდნენ და ასე ასწავლეს. სხვები იტალიელებს ეყრდნობიან, რომლებიც მაკარონს არასდროს რეცხავენ. ცნობილია, რომ იტალიელებმა მაკარონის შესახებ გაცილებით მეტი იციან. Vivien ეცდება ამ საკითხის გარკვევას, რომ გაჭინაურებული დავა დაასრულოს.
გავრეცხოთ თუ არა მაკარონი? – როგორც ხშირად ხდება, მარტივად ვერ ვუპასუხებთ. პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, როგორია მაკარონი, რისთვის ამზადებთ, რასთან ერთად გაიტანთ მაგიდაზე? დავიწყოთ იმით, რომ ხარშვისას მაკარონი წყალში სახამებელს გამოყოფს. სწორედ ამიტომ, ნახარში წყალი მღვრიე ან მოთეთრო რჩება. როცა სახამებელი ცივდება, წებოვანი ხდება და ცალკეულ მაკარონს ერთმანეთს აწებებს.
რაზეა დამოკიდებული გამოყოფილი სახამებლის რაოდენობა და შეიძლება თუ არა მისი შემცირება? პირველ რიგში, ხორბლის სახეობას მნიშვნელობა აქვს. რბილი ხორბლით წარმოებულ იაფ მაკარონში ბევრი სახამებელია. მაგარი ხორბლის ხარისხიანი მაკარონი გაცილებით ნაკლებ სახამებელს შეიცავს. იტალიაში, სადაც მაგარი ხორბლის მაკარონს იყენებენ, მომზადების შემდეგ მაკარონს არავინ რეცხავს. უბრალოდ აუცილებელი არაა.მაკარონის შეწებების შანსზე წყლის რაოდენობაც გავლენას ახდენს. გამოცდილი დიასახლისები მინიმუმ 4 ლიტრიან ქვაბს ტყუილად არ იყენებენ. იგივე რაოდენობის სახამებელი მეტ წყალში იხსენება. თან ცალკეულ მაკარონს შორის მეტი ადგილი რჩება. გამოდის, რომ შეწებების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება.
შევაჯამოთ. მხოლოდ ხარისხიანი მაკარონი შეიძინეთ. ასეთი მაკარონის შეფუთვაზე აწერია „ჯგუფი A”, „მაგარი ხორბლის სახეობა“, durum. ბევრ წყალში ძლიერ ცეცხლზე ხარშეთ 1-2 წუთით ნაკლები დროით, ვიდრე შეფუთვაზეა მითითებული. წყალს ცოტა მცენარეული ზეთი შეგიძლიათ დაუმატოთ.ხარშვის შემდეგ მაკარონი საწურზე გადაიტანეთ, წყალს დაწურვა აცადეთ და კვლავ ქვაბში დააბრუნეთ. გარეცხვა საჭირო არაა. ამის ნაცვლად რამდენიმე კოვზი ზეითუნის ზეთი ან ნაჭერი კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნახავთ, რომ მაკარონი ერთმანეთს არ შეეწებება და თან უფრო გემრიელი გახდება!
როდის სჯობს მაკარონის გარეცხვა? – მაკარონი გარეცხეთ, თუ მაშინვე მაგიდაზე გატანას არ აპირებთ. სპაგეტი საკუთარი ტემპერატურის ზეგავლენით ქვაბში ცოტა ხნით მოხარშვას აგრძელებს. შედეგად, ელასტიური პასტის ნაცვლად შეიძლება ფაფა მიიღოთ. მაკარონი გამდინარე წყალში დიდხანს არ უნდა გააჩეროთ. გაგრილება საკმარისია.