„1975 წელს შემთხვევით ორი ექიმის საუბარს დავესწარი. მათგან ერთი ჩემთვის უცნობი პროფესორი იყო, მეორე ექიმი ანა ნესტეროვა, რომელსაც საშვილოსნოს ფიბრომას ამოღების შემდეგ ძლიერი ტკივილი აწუხებდა. „თუ ასეთი ტკივილები გაგრძელდება, 3 ფესვი ვარდაკაჭაჭა აიღე და სპირტი დაასხი. 5-6 დღეში ნაყენი კანზე იმ ადგილას წაისვი, სადაც გტკივა. შვებას იგრძნობ“ – თქვა პროფესორმა. ამის შემდეგ ყოველი შემთხვევისთვის ვარდკაჭაჭას ფესვები ვიპოვე და გავრეცხე. გავახმე, პატარა კუბებად დავჭერი, რეკომენდაციის მიხედვით მუქი მინის ბოთლში ჩავყარე, 1 ლ სპირტი დავასხი და დროებით შევინახე. გიზიარებთ ვარდკაჭაჭას ნაყენის გამოყენების რამდენიმე მაგალითს. ნაყენის დამზადებიდან 3 წლის შემდეგ ჩემი სამი წლის უმცროსი შვილიშვილის საშინელი ტირილის ხმა გაისმა: შემოსასვლელი კარი მოაჯახუნა და პაწაწუნა ხელი კარსა და ჩარჩოს შორის მოყვა. როცა ხელი გავათავისუფლეთ, ოთხი თითი გალურჯებული იყო. ვარდკაჭაჭას ნაყენი უხვად წავუსვი და იმწამსვე (ეს საოცარია!) შვილიშვილმა ტირილი შეწყვიტა, რამდენიმე წუთში მუშტს თავისუფლად კრავდა და შლიდა. რამდენიმე თვეში ზედა სართულის მეზობლის ცოლი ტირილით შემოვიდა. ხორცს ატარებდა და საჩვენებელი თითი ხორცსაკეპი მანქანის ხრახნით დაიზიანა. მაშინვე ვარდკაჭაჭას ნაყენი უხვად წავუსვი და ტკივილი თითქმის მომენტალურად გაქრა. ჩემს თანატოლს (88 წლის ვარ), ყოფილ ექიმს ანა გლებოვას ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ მუცლის ქვემოთ ძლიერი ტკივილები აწუხებდა. ამ ადგილებში ვარდკაჭაჭას ნაყენი წავუსვი და პირველივე პროცედურაზე ტკივილი გაქრა. ასეთი ბევრი მაგალითია.“ – წერს ე.ს. გრაჩევა.
ვარდკაჭაჭა ნამდვილად საოცარი მცენარეა. სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ვარდკაჭაჭა მადას ზრდის, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, კანის დაავადებების დროს ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, შარდის და ნაღვლის გამოდენას ზრდის, ყაბზობას აფერხებს, ნერვულ სისტემას ამშვიდებს, გულის მუშაობას აძლიერებს, გულის შეკუმშვის რიტმს ანელებს. სიცხის დამწევი, ოფლმდენი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს. მისი ფესვების ნახარში და წყლის ნაყენი მადის გასაზრდელად, კუჭ–ნაწლავის მოქმედების, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესელად გამოიყენება. ღვიძლის დაავადებების, სიყვითლის დროს სასარგებლოა. ბალახის ნაყენი შარდის შეუკავებლობის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების, ბუასილის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან დაკავშირებული კანის სხვადასხვა დაავადების დროს გამოიყენება. კანის დაავადებების დროს გარეგნულადაც გამოიყენება აბაზანის, საფენის სახით. ბალახის ნაცრის და არაჟნის ნარევი ეგზემას დროს შესაზელად გამოიყენება. ვარდკაჭაჭას ფესვის ნახარში პირში გამოვლებისას კბილის ტკივილს ამცირებს.
რამდენიმე რეცეპტი: 1. 1 ჩ/კ ვარდკაჭაჭას ფესვი 2 ჭიქა წყალში მოხარშეთ და 1-2 საათით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, ცოტა შაქრის ფხვნილი დაუმატეთ. 100 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. 2. 1 ჩ/კ ბალახი 1 ჭიქა ცხელ წყალზე დააყენეთ. შაქრის ფხვნილი გემოვნებით დაუმატეთ. 100 მლ დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ. 3. 20 გრ ბალახი 0,5 ლ ცხელ წყალზე მინიმუმ 1 საათით დააყენეთ. ეგზემის დროს საფენის სახით სრულ გამოჯანმრთელებამდე გამოიყენეთ.