ოროვანდს იყენებენ თირკმლის, შარდის ბუშტის, გასტრიტის, კუჭის წყლულის სამკურნალოდ, წყალმანკის, ბუასილის, რაქიტის, ძირმაგარას, ქრონიკული ეგზემას, სახსრების მტვრევის, ასევე ვერცხლისწყლის პრეპარატებით მოწამვლის და შხამიანი ცხოველების ნაკბენის დროს. ოროვანდის ფესვი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროსაც დაგეხმარებათ. Vivien გთავაზობთ 6 რეცეპტს, რომლებიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ. ამ მალამოებით ძვირადღირებულ მედიკამენტებს და მათ გვერდით ეფექტებს თავს აარიდებთ.
ეგზემა – „ერთხელ, მარჯვენა ტერფზე ეგზემა დამემართა. მაშინ ნაცნობმა ოროვანდით მკურნალობა მირჩია. 4 ს/კ ახალ დაქუცმაცებულ მცენარის ფესვს 200 მლ მზესუმზირას ზეთი უნდა დაასხათ, 1 დღე თბილ ადგილას დააყენოთ, ადუღებამდე მიიყვანოთ, სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშოთ, გაგრილების შემდეგ გადაწუროთ და პრობლემურ ადგილას მზა მალამოთი საფენები გაიკეთოთ. რამდენიმე პროცედურა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეგზემა სამუდამოდ დამევიწყებინა. ამ მალამოს დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობის დროსაც იყენებენ. ოთახის ტემპერატურაზე ინახება“ – გვიზიარებს ერთ–ერთი მკითხველი. თუ ეგზემა მთელ სხეულზე გაწუხებთ, 2 ჭიქა დაქუცმაცებული ოროვანდის ფესვი 8 ლ წყალში 5 წუთით ადუღეთ, გადაწურეთ, თბილ ნახარში ოთხად გაკეცილი თეთრეული ჩადეთ, გაწურეთ და მასში გაეხვიეთ. ზემოდან თბილი საბნით შეიფუთეთ და ასე 2 საათით დაწექით. პროცედურა 6 დღე ზედიზედ გაიმეორეთ. ეგზემა უფრო სწრაფად გაქრება, თუ საფენების გარდა ოროვანდის ნახარშს დალევთ. 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვს 1 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, გადაწურეთ და დღის განმავლობაში ყლუპებით დალიეთ. ნახარში რეკომენდებულია მათთვის, ვისაც გასტრიტი, ყაბზობა და საშარდე სისტემის დაავადებები აწუხებს. ამ უსიამოვნების დროს ნახევარი ჭიქა ნახარში ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. მალე პრობლემებს დაივიწყებთ.
რადიკულიტი – 2–2 სუფრის კოვზი ოროვანდის და კოთხუჯის ფესვები, წყლის იელის თავები, კრაზანას ბალახი და გულყვითელას ყვავილი დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ტირიფის ქერქი და 1 ს/კ სამფერა იის ბალახი, ასევე 3 ს/კ ფიჭვის კვირტები დაუმატეთ. მზა ნარევით 0,5 ლიტრიანი ქილის მესამედი გაავსეთ, ბოლომდე მცენარეული ზეთით გაავსეთ და 2 კვირა ბნელ თბილ ადგილას გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და მზა მალამო მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ. მთელი ღამე გაიჩერეთ.
დამწვრობა – 4 ს/კ ოროვანდის დაქუცმაცებულ ფესვს 4 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და 20 წუთში გადაწურეთ. ნაყენი სუსტ ცეცხლზე საწყისი მოცულობის განახევრებამდე ხარშეთ. ნახარშის თითოეულ ნაწილს 4 ნაწილი ახალი უმარილო კარაქი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. მალამო პრობლემურ ადგილებში რეგულარულად წაისვით.
წითელი ქარი – დიდი ოროვანდით მომზადებული მალამო დაგეხმარებათ. მცენარის ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში გააყარეთ და 2:1 თანაფარდობით არაჟანი აურიეთ. მზა მალამო წითელი ქარით დაზიანებულ ადგილას წაისვით, ზემოდან წითელი შალის ქსოვილი დაიფინეთ და 20 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ოროვანდის ფოთლების თბილი ნახარშით ჩამოიბანეთ (1 ს/კ 1 ჭიქა ცხელ წყალზე, 1 წუთით ადუღეთ, 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ). ასე ყოველ მეორე დღეს გააკეთეთ, სხვა დღეებში ანთებით უბნებში შავი ანწლის ქერქის ნახარშით საფენები დაიდეთ (1 ს/კ დაქუცმაცებულ ქერქს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით, 15 წუთით ხარშეთ, 45 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ). რამდენიმე დღეში სხეული გასუფთავდება).
ზურგის და კისრის ტკივილი – ოროვანდის ფესვი, პიტნის ბალახი, მრავალძარღვას ფოთლები, გვირილას ყვავილები, სამფერა იის ფოთლები თანაბარი რაოდენობით აიღეთ და აურიეთ. 3 ს/კ ნარევის ფხვნილს 100 მლ ცხელი წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 3-5 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ 3 ს/კ გამდნარი ღორის ქონი ან კარაქი და ამდენივე მცენარეული ზეთი აურიეთ. ნარევი მაცივარში შეინახეთ. მიღებული მალამო პაციენტს მტკივნეულ ადგილას წაუსვით.
შეუხორცებელი ჭრილობა, ტროფიკული წყლულები – ასეთი მალამო სახლში ყველას უნდა ჰქონდეს. 75 გრ ახალ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვს მზესუმზირას ზეთი დაასხით ისე, რომ ნედლი მასალა მთლიანად დაფაროს. 1 დღე დააყენეთ, შემდეგ 15 წუთით ადუღეთ, გადაწურეთ და გააგრილეთ.