„პროპოლისის ნაყენი დამ მირჩია. ზამთარში მუდმივად ძლიერი სურდო მაწუხებდა. ძვირადღირებული წვეთების და სპრეების ყიდვით დავიღალე, რომლებიც მხოლოდ დროებით მშველოდა. პროპოლისის ნაყენი საგრძნობ ეფექტს იძლევა. ბამბის ჩხირს ნაყენში ვასველებ და მორიგეობით თითოეულ ნესტოში ვიდებ. სურდო სწრაფად ქრება. რა თქმა უნდა, ფასიც მახარებს (სულ რაღაც 10 ლარი). ერთადერთი მინუსი: ყველგან ვერ იყიდით. თუმცა მოძებნა ღირს, რადგან ნამდვილად ეფექტურია“ – გვიზიარებს ერთ–ერთი მკითხველი.
პროპოლისის ნაყენი ანგინის და ყელის ტკივილის დროს – პროპოლისი ყელის სამკურნალოდ ძალიან ეფექტური საშუალებაა. ამ დროს წყლიანი ან სპირტიანი პროპოლისის ნაყენი ყელში სავლებად, ასევე მზა პრეპარატი „პროპოსოლი“ (ყელის სპრეი) შეგიძლიათ გამოიყენოთ. პროპოლისის სპირტიანი ხსნარის მოსამზადებლად 10 გრ დაქუცმაცებულ ხარისხიან პროპოლისს 100 მლ სპირტი დაასხით, ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე 1 კვირა გააჩერეთ. აუცილებლად ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ, რადგან გაგრილებისას პროპოლისი თავის თვისებებს კარგავს. თუ ხსნარის სწრაფად მომზადება გჭირდებათ, ძალიან წვრილად დაქუცმაცებულ პროპოლისს სპირტი 1:10 თანაფარდობით აურიეთ, წყლის ორთქლზე მოათავსეთ და 40 გრადუსამდე გააცხელეთ. შემდეგ ბოთლი ნარევით რამდენიმე საათით გააჩერეთ და რამდენჯერმე შეანჟღრიეთ. მუქ ბოთლში შეინახეთ. ყელში სავლებად წყლიანი ხსნარის მოსამზადებლად 10 მლ სპირტის ნარევს 100 მლ თბილი წყალი აურიეთ. პატარა ბავშვისთვის სპირტიანი ხსნარის რაოდენობა 5 მლ–მდე შეამცირეთ. ავადმყოფობის დროს პროპოლისის სპირტიანი ნაყენი შეგიძლიათ თაფლიან ჩაის დაუმატოთ.
- ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის და პირის ღრუს და ყელის სხვა ინფექციური დაავადებების დროს რეკომენდებულია შემდეგი რეცეპტი: 1 ს/კ ხმელ დაქუცმაცებულ კრაზანას ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 15 წუთით მდუღარე წყლის ორთქლზე გააჩერეთ, შემდეგ ნელი გაგრილებისთვის 30-40 წუთით გააჩერეთ, გადაწურეთ და 10%–იანი პროპოლისის სპირტიანი ექსტრაქტი დაუმატეთ (ნახევარ ჭიქა ნაყენზე 20-30 წვეთი პროპოლისის ექსტრაქტი). ყელში სავლებად თბილი ხსნარი გამოიყენეთ.
- ყელის სამკურნალოდ მრავალძარღვას ნახარშის და პროპოლისის გამოვლება კარგია. 1 ს/კ ხმელ დაქუცმაცებულ მრავალძარღვას ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 10-15 წუთით ადუღეთ, შემდეგ 1 საათით დააყენეთ და 40 წვეთი 10%–იანი პროპოლისის სპირტიანი ექსტრაქტი დაუმატეთ.
- ყელში წასასმელად კარგია შემდეგი რეცეპტი: 1 ს/კ 10%–იან პროპოლისის სპირტიან ექსტრაქტს 2 ს/კ ატმის, ზეითუნის ან სხვა მცენარეული ზეთი აურიეთ.
- ყელის ტკივილის დროს ბალახების და პროპოლისის ნარევის გამოვლება კარგია: 30 გრ ხმელი და დაქუცმაცებული ევკალიპტის ფოთლები, 25 გრ სააფთიაქო გვირილა, 25 გრ ცაცხვის ყვავილები და 20 გრ სელის თესლი აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და თავდახურულ ჭურჭელში 5-7 წუთით ხარშეთ. 30-40 წუთით გააჩერეთ, გადაწურეთ და 40 წვეთი 10%–იანი პროპოლისის სპირტიანი ექსტრაქტი დაუმატეთ. ამ ნაყენის გამოვლება კარგია სტომატიტის, გინგივიტის (ღრძილების ანთება), პაროდონტიტის (კბილების გარშემო ქსოვილების ანთება), კარიესის დროს და ა.შ.
საშოს და საშვილოსნოს ყელის ანთება – ტრიქომონიაზით, პათოგენური სოკოებით ან შერეული ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული საშოს და საშვილოსნოს ყელის ანთების დროს 3%–იანი პროპოლისის ხსნარი 95%–იან ეთილის სპირტზე გამოიყენეთ. პროპოლისის სპირტიან ხსნარში დასველებული ტამპონი საშოში ჩაიდეთ, საშვილოსნოს ყელზე (წინასწარ ლორწო მოაშორეთ) მიადეთ. 8-12 საათში ტამპონი გამოიღეთ. საშოს ბაქტერიული, სოკოვანი და ტრიქომონას ანთების და საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს სამკურნალო კურსი 7-10 დღეა (ტამპონები დღეში ერთხელ ჩაიდეთ). 10%–იანი პროპოლისის სპირტიან ნაყენის გამოყენებისას წინასწარ წყალში გააზავეთ (1 ნაწილი ნაყენი: 2 ნაწილი წყალი). ასეთ მკურნალობას უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე სხვა მედიკამენტებს.
ჰაიმორიტი – ამ დროს პროპოლისით ინჰალაცია დაგჭირდებათ. ქვაბში წყალი აადუღეთ და ½ ჩ/კ 30%–იანი პროპოლისის ნაყენი დაუმატეთ. შემდეგ თავზე დიდი პირსახოცი გადაიფარეთ და ორთქლი ისუნთქეთ.