მაღალი ქოლესტერინი ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, გულის დაავადებების, სისხლის მიმოქცევის სისტემის პრობლემების და ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის.ინსულტი, სიმსივნე, დიაბეტი, გულის დაავადებები – ყველაფერი შეიძლება სასიკვდილო იყოს და სულ უფრო სავარაუდო ხდება, თუ მაღალი ქოლესტერინის პრობლემები გაწუხებთ. ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარს შუახნის ასაკში მაღალი ან მაღალთან მოსაზღვრე ქოლესტერინის დონე აქვს. ეს მაჩვენებელი ასაკის მატებასთან ერთად მხოლოდ იზრდება.ბრიტანული გულის ფონდი (British Heart Foundation) გაფრთხილებთ, რომ მაღალი ქოლესტერინის პრობლემა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს აწუხებდეს. სპეციალისტები შეგახსენებთ, რომ „ცუდი“ და „კარგი“ ქოლესტერინი არსებობს.
- დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (ცუდი ქოლესტერინი) შეიძლება სისხლძარღვების კედლებში დაგროვდეს და დაბლოკოს. შედეგად, გულის შეტევის ან ინსულტის რისკი მკვეთრად იზრდება.
- მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (კარგი ქოლესტერინი) ცუდ ქოლესტერინს კვლავ ღვიძლში აბრუნებს, სადაც იშლება და ორგანიზმიდან გამოდის.
თუ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ქოლესტერინის დონე უნდა აკონტროლოთ, აღნიშნავენ სპეციალისტები. ისინი ასახელებენ 4 ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ქოლესტერინის დონის ზრდას იწვევს. გირჩევთ, ეს ფაქტორები აკონტროლოთ და დააკორექტიროთ.
- რაციონში ჭარბი ცხიმი. ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად ნაჯერი ცხიმები ზომიერად მიირთვით. მათი წყაროა გადამუშავებული და ცხიმიანი ხორცი, ძეხვი, ლორი, ჰამბურგერი, ბეკონი. ხმელი ყველის, მთელი რძის და ნაღების, ნაყინის, ღორის ქონის და კარაქის მიღებასაც ყურადღება მიაქციეთ.
- ნაკლები მოძრაობა. კიდევ ერთი მიზეზი, რატომ იბლოკება არტერიები ქოლესტერინის ფოლაქებით. ფიზიკური აქტივობა ქოლესტერინის დონის შემცირებაში პირდაპირ გვეხმარება. მასთან ერთად გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობა მცირდება. ექსპერტები გირჩევენ, რომ იპოვოთ საქმე, რომელიც მოგწონთ, და კვირაში 2,5 საათით ივარჯიშოთ.
- თამბაქოს მოწევა. ამან პირდაპირ მაღალი ქოლესტერინი შეიძლება გამოიწვიოს. სიგარეტში შემავალი ქიმიური ნივთიერება არტერიების კედლების მდგომარეობას ცვლის და მასზე ცხიმის მიკვრას ხელს უწყობს.
- მუცლის ცხიმის მატება. მუცლის გარშემო დაგროვებული ცხიმი სხვადასხვა დარღვევის ყველაზე სახიფათო მაჩვენებელია. კერძოდ, ამ დროს ინსულინის მიმართ მგრძნობელობა უარესდება, რაც სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს. თავის მხრივ, ეს მე–2 დიაბეტის განვითარების და არტერიების დაზიანების ალბათობას ზრდის.