კონსერვების მომზადების სეზონი გაჩაღებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დიასახლისს აწუხებს კითხვა: „როგორ მოვამზადოთ გემრიელი კონსერვი?“ და, რა თქმა უნდა, ბევრს აინტერესებს, როგორ ავიცილოთ თავიდან კონსერვის გაფუჭება. Vivien გიამბობთ, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად კონსერვაციის დროს.
თუ ყველა წესს დაიცავთ, არც ერთი ქილის გადაგდება არ მოგიწევთ. ეს ხომ დახარჯული შრომა, დრო და ფულია! თან გემრიელი კიტრის და მურაბის გადაყრა არავის სურს. გაეცანით, ჩაიწერეთ და გაითვალისწინეთ!
- ცუდი ბოსტნეული – თუნდაც კონსერვაციის საუკეთესო ოსტატი იყოთ, უხარისხო მასალა ყველაფერს აფუჭებს. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორი პროდუქტის შენახვა გსურთ. თითოეული შეამოწმეთ! არანაირი ოდნავ დამპალი ქლიავი ან დამჭკნარი ვაშლი მურაბისთვის. კიტრი გემრიელი და ხრაშუნა რომ იყოს, მისი ქერქი დაზიანებული არ უნდა იყოს. იგივე პომიდორს ეხება: მარილწყალში უბრალოდ ჩაიშლება.
- წვრილი მარილი – თითქოსდა, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კონსერვისთვის მსხვილი მარილი უნდა გამოიყენოთ. შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს „№1 დაფქვა“. ჩვეულებრივი წვრილი მარილი, რომელსაც სუფრაზე ვიყენებთ, არ გამოგადგებათ. მაგალითად, კიტრი დარბილდება. იოდიზირებულ მარილზეც უარი თქვით. ის ბოსტნეულის გამუქებას გამოიწვევს და გემოსაც შეცვლის.
- ცუდი წყალი – ნებისმიერი კონსერვის მთავარი კომპონენტი წყალია. ცუდი წყალი საუკეთესო, სახლში მოყვანილი ხილ–ბოსტნეულის გემოსაც გააფუჭებს. კარგად გაფილტრული ან ბოთლის წყალი გამოიყენეთ, რომლის გემოც მოგწონთ. ზოგიერთი წყარო გირჩევთ, წყაროს ან ჭის წყლის გამოყენებას, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, სჯობს აადუღოთ.
- „თვალით“ – რა თქმა უნდა, გამოცდილ დიასახლისებს შეუძლიათ კონსერვი „თვალით“ მოამზადონ. თუმცა სპეციალისტები რეცეპტში მითითებული ინგრედიენტების პროპორციების მკაცრად დაცვას გირჩევენ. საქმე იმაშია, რომ კონსერვანტ ნივთიერებებზე თქვენი კონსერვის ხარისხია დამოკიდებული. იმდენი ძმარი, შაქარი და მარილი დაამატეთ, რამდენიც ინსტრუქციაშია მითითებული.
- ძალიან დიდი ხილი და ბოსტნეული – კონსერვისთვის სჯობს ძალიან დიდი ხილი და ბოსტნეული არ გამოიყენოთ, თუნდაც ეს თქვენი ბაღის საყვარელი ლამაზმანი იყოს. მსხვილი ნაყოფი ცუდად მარილდება და მწნილდება. ზოგჯერ მარილწყალი მუქდება. ეს არა მხოლოდ ხარისხში დაეჭვებას იწვევს, არამედ უშნოდ გამოიყურება. თუ მაინც მსხვილ ნაყოფს იყენებთ, კბილის ჩხირით დახვრიტეთ. ასე მარილწყალს უფრო მარტივად შეიწოვს.
- ჰიგიენის დაუცველობა – კონსერვი დიდი ხნით, როგორც მინიმუმ, ზამთრამდე უნდა შეინახოთ. რაც უფრო დიდხანს ინახება პროდუქტი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მასში ბაქტერიები გამრავლდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხოთ. ქილები და ხუფები არ დაგავიწყდეთ: ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით კარგად გაასტერილეთ. მაგლითად, მდუღარე წყალი, ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი ან ორთქლი გამოიყენეთ. თითოეულ დიასახლისს თავისი საყვარელი მეთოდი აქვს. კონსერვის მომზადებამდე ხელები კარგად დაიბანეთ, სჯობს ხელთათმანები გაიკეთოთ.
- სველი ქილა – გქონიათ შემთხვევა, როცა კარგი ხილით ან კენკრით მურაბა გააკეთეთ, სტერილურ ქილაში ჩაასხით, მაგრამ ობი მაინც გაჩნდა? სავარაუდოდ, ქილა სველი იყო. სწორედ ამიტომ, ქილები კარგად გაასტერილეთ და ასევე კარგად გააშრეთ.
- ჭურჭლის არჩევა – კონსერვისთვის ჭურჭელი ყურადღებით შეარჩიეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახის სურვილები იცით. გახსნილი დიდი ქილა მურაბა დიდხანს ვერ გაძლებს და შრომა წყალში ჩაგეყრებათ. სოკო სჯობს პატარა ქილებში დაამწნილოთ, რომ შემადგენლობა დაუყონებლივ თეფშზე გადაიტანოთ და შეჭამოთ. აი, შინაურული პომიდვრის პასტა ან აჯიკა ბავშვის კვების ქილებში მოხუფეთ. ასე ღია ქილის დიდხანს გაჩერება არ მოგიწევთ.
- ქილებს არ აბრუნებთ – კონსერვის მომზადებისას ქილებს ყოველთვის ვაბრუნებთ და სრულ გაგრილებამდე ასე ვაჩერებთ. ყველამ არ იცის, რატომ ვაკეთებთ ამას, ამიტომ ამ წესს უგულებელყოფენ. ქილები აუცილებლად უნდა გადააბრუნოთ, რომ ხუფის კიდეებში სილიკონის რგოლი დარბილდეს. ასე სრულ დალუქვას მიაღწევთ და კონსერვი კარგად შეინახება.
ახლა უკვე იცით, როგორ აიცილოთ თავიდან შეცდომები კიტრის, სოკოს, პომიდვრის, ლეჩოს და მურაბის დაკონსერვებისას. ქილები მშვიდად მოხუფეთ, რომ საკუთარი თავი და ახლობლები ამ ზამთარს გაახაროთ. თქვენ რისი მომზადება გიყვართ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ საინტერესო რეცეპტები!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს