მოხარშული კვერცხი ორგანიზმისთვის ღირებული ცილების და ცხიმების წყარო, დაბალკალორიული პროდუქტია, რომელიც სწრაფად და მარტივად მზადდება. როგორ მოვხარშოთ კვერცხი სწორად? კვერცხის მოხარშვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს: თოხლოდ, მაგრად, ტომარაში. მნიშვნელოვანია, დრო სწორად გათვალოთ, რომ გული არ გადაიხარშოს. Vivien გიამბობთ, როგორ და რამდენი ხნით უნდა ხარშოთ კვერცხი, რომ ესთეტიკური სიამოვნება და იდეალურად მომზადებული კვერცხის გული მიიღოთ.
რამდენ ხანს უნდა ხარშოთ კვერცხი
პირველ რიგში, მაღაზიიდან მოტანილი კვერცხი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით ან სოდით კარგად გარეცხეთ, რომ ნაჭუჭის ზედაპირს დეზინფექცია ჩაუტაროთ. სუფთა კვერცხი სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით შეინახეთ. მოსახარშად ცივ წყალში ჩადეთ და არა მდუღარეში. ხარშვისას ნაჭუჭი რომ არ დასკდეს, წყალს 1 ს/კ მარილი დაუმატეთ და კვერცხის ქვედა ნაწილი გახვრიტეთ. ასე ნაჭუჭი მთელი დარჩება.
წყლის ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და კვერცხი ხარშეთ იმის მიხედვით, რისი მიღება გსურთ. თოხლო კვერცხი თხელი გულით და მზა ცილით 3 წუთი იხარშება. კვერცხი ტომარაში მზა ცილით და გულის ცენტრში სითხით 3,5 წუთი იხარშება. კვერცხის მაგრად მოსახარშად წყლის ადუღებიდან 7-10 წუთი დაგჭირდებათ. 7 წუთში კვერცხის გული მოიხარშება, მაგრამ რბილი დარჩება, ხოლო 10 წუთში – ძლიერ გამაგრდება.
გულწრფელად რომ გითხრათ, კვერცხს მოსახარშად ვტოვებ და სამზარეულოდან 15 წუთით გავდივარ. ხშირად მაგრად მოხარშული, ზოგჯერ ცოტა შემწვარი კვერცხი გამომდის. არ ვამაყობ, მაგრამ ვაღიარებ, რომ სოიოს სოუსი ნებისმიერი მეთოდით მომზადებულ კვერცხთან სასწაულს ახდენს. აუცილებლად სცადეთ.
კვერცხს ნაჭუჭი ადვილად რომ მოაშოროთ, მოხარშვის დასრულებისთანავე ყინულიან წყალში ჩადეთ. სხვათა შორის, თუ კვერცხი ცუდად იფცქვნება, გამოდის, კვერცხი ახალია. კიდევ ერთი ხრიკი კვერცხის ადვილად გასაფცქვნელად: ხარშვის წინ კვერცხს ორ ბოლოში მსუბუქად დაარტყით, რომ ნაჭუჭი ოდნავ დაიბზაროს.
კვერცხი მარილიან წყალში მოხარშეთ, რომ ცილამ არ გამოჟონოს. შემდეგ მოხარშული კვერცხი თასზე გადაიტანეთ და ცივი წყალი დაასხით. თავზე დაახურეთ და 1 წუთით ანჟღრიეთ. კვერცხს ნაჭუჭი თავისით მოშორდება. ისღა დაგრჩენიათ კვერცხი თასიდან ამოიღოთ და მიირთვათ.
როგორ მოვხარშოთ კვერცხი პაშოტი
პაშოტის მოსამზადებლად ცოტა დროის დახარჯვა მოგიწევთ, რადგან მდუღარე წყალში ნაჭუჭის გარეშე იხარშება. მზარეულები ასე აკეთებენ: მდუღარე წყალს ძმარს და მარილს უმატებენ და წყალს ძლიერ ურევენ, რომ ძაბრი გაკეთდეს, ამ მომენტში კვერცხს ტეხავენ და წყალს უმატებენ, 4 წუთში პაშოტი მზადაა. მარილი კვერცხს გემოს მატებს, ხოლო ძმარი ცილის შესაკრავად საჭიროა. მომზადების შემდეგ ცივ წყალში ჩადეთ, რომ ძმარი მოაშოროთ და მომზადების პროცესი შეაჩეროთ. თუ ოდესმე პაშოტის მომზადება გიცდიათ, იცით, რომ პირველივე ჯერზე არ გამოგივათ. ჩვენ უბრალო ხალხი ვართ და მომზადების რამდენიმე ხრიკი ვიცით.
საკვები პარკი. კვერცხის ცილა ცხელ წყალში რომ არ დაიშალოს და ფორმა შეინარჩუნოს, საკვები პარკის ნაჭერი აიღეთ, მასში კვერცხი ფრთხილად ჩატეხეთ, რომ კვერცხის გული არ დაიშალოს, მარილი მოაყარეთ. პარკი ტომარასავით შეკარით და მდუღარე წყალში მოათავსეთ. 4 წუთში კვერცხი მზადაა. გახუხულ პურს და ავოკადოს ზემოდან დაადეთ, დანით გაჭერით და იდეალურად მომზადებული ტოსტით და კვერცხი პაშოტი ისიამოვნეთ.
კიდევ ერთი საზრიანი ხრიკი: კვერცხი პაშოტი ჩამჩაში. კვერცხი ფიალაში ჩატეხეთ. წყალი აადუღეთ და მარილი დაუმატეთ. კვერცხი ჩამჩაში გადაიტანეთ და ნახევრად წყალში ჩაშვებული დაიკავეთ. როცა ცილა შეიკვრება, კვერცხი მდუღარე წყალში ჩაუშვით და კიდევ 2 წუთი მოიცადეთ. მზადაა.
კვერცხის მოსახარშად სპეციალურ წამზომს იყენებენ. ზოგიერთს კვერცხის ფორმა აქვს და ხარშვის დროს აჩვენებს რა ეტაპამდეა მომზადებული კვერცხი. კვერცხი არა მხოლოდ გაზქურაზე შეგიძლიათ მოხარშოთ, არამედ მიკროტალღურ ღუმელში ან მულტისახარშში. თქვენ როგორი მეთოდით მომზადებული კვერცხი გიყვართ?