კოღოს ზოგიერთი ჯიში შეიძლება სახიფათო დაავადების გადამტანი იყოს. მის ნაკბენს შეიძლება სერიოზული შედეგები მოყვეს.Vivien გიამბობთ, როგორ შევამციროთ ნაკბენის ტკივილი, როგორ ვიზრუნოთ კანზე კოღოს კბენის შემთხვევაში და როგორ ავიცილოთ გართულებები?
როგორ გამოიყურება კოღოს ნაკბენი
ადამიანებს მხოლოდ მდედრი კოღოები კბენენ – სისხლი მათი კვერცხებისთვის ცილის წყაროს წარმოადგენს. მდედრ კოღოებს გრძელი ხორთუმი აქვთ, რითაც კანს ხვრეტენ, ნერწყვს უშვებენ და სისხლს წოვენ. ადამიანის სხეული კოღოს ნერწყვზე წყლულის გაჩენით ან ქავილით რეაგირებს.
ზოგიერთი ადამიანი კოღოს ნაკბენს მარტივად იტანს, ზოგს კი ნაკბენის ადგილას დიდი შეშუპება და მტკივნეული სიწითლე უჩნდება.
კოღოს ნაკბენის საერთო სიმპტომები:
- წყლული, რომელიც კანზე კბენიდან რამდენიმე წუთში ჩნდება;
- შეშუპება;
- კანის სიწითლე;
- ქავილი;
თუ კოღომ კაპილარებთან ახლოს გიკბინათ, შეიძლება მასზე სისხლჩაქცევების მსგავსი მუქი ლაქები გაჩნდეს.
გარკვეულ ვითარებაში, უფრო ხშირად იმუნური სისტემის მუშაობის თავისებურებების გამო, ზოგადი სიმპტომების გარდა შეიძლება გამოვლინდეს მძიმე რეაქციები, რომლებიც იწვევენ შემდეგ სიმპტომებს. ისინი შეიძლება იზოლირებული იყოს ან სკიტერის სინდრომში შედიოდეს.
- შეშუპების და სიწითლის დიდი ფართობი;
- სუბფებრილური და ფებრილური ცხელება;
- ლიმფური კვანძების გადიდება;
სკიტერის სინდრომი კოღოს ნაკბენზე მძიმე ალერგიულ რეაქციას მიეკუთვნება. ეს კოღოს ნაკბენში შემავალ ცილებზე ალერგიული რეაქციით არის გამოწვეული. ადამიანების უმეტესობას კოღოს ნაკბენზე უმნიშვნელო რეაქცია აქვს, თუმცა სკიტერის სინდრომის მქონე პაციენტები მის მიმართ ძლიერ მგრძნობიარე არიან და მათში შეიძლება ცხელება გამოიწვიოს. სკიტერის სინდრომის დროს ნაკბენის ადგილას გასივებამ შეიძლება დიდ ზომებას მიაღწიოს და ცხელებასთან ერთად კანის შეშუპება გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, რეაქცია რამდენიმე საათში იზრდება.
რატომ იწვევს კოღოს ნაკბენი ქავილს
კოღოს ნაკბენზე ქავილის გამოწვევის მიზეზი კარგად შესწავლილი არაა, მაგრამ მეცნიერები 3 ჰიპოთეზას გამოთქვამენ. ის ეფუძნება ვარაუდს, რომ კბენის შემდეგ წარმოქმნილი ქავილი მწერის ნერწყვის კომპონენტებს უკავშირდება.
პირველი ჰიპოთეზის თანახმად, კოღოს ნერწყვის კომპონენტები კანში მოხვედრისას ალერგიულ რეაქციებს იწვევენ. ეს აიხსნება იმით, რომ კოღოს ნერწყვის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტია ჰისტამინი – ბიოაქტიური ნივთიერება, რომელიც ალერგიულ რეაქციაზე, მათ შორის შეშუპებაზე, ქავილსა და სიწითლეზე პასუხისმგებელია. შედეგად, ქავილის სტანდარტული სურათი ვითარდება.
მეორე ჰიპოთეზა ეფუძნება იმუნოგლობულინი lgE-ს დამოკიდებულებას, სანერწყვე ჯირკვლების კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ადამიანს საკუთარ ანტისხეულებზე აქვს განსაკუთრებული რეცეპტორები, რომლებიც ალერგენის (კოღოს ნერწყვი) შეყვანის დროს აქტიურდება. ამ ცილებს lgE–ს უწოდებენ. სწორედ ისინი უკავშირდებიან პირველად კოღოს ნერწყვის ცილებს, მასტოციტოზებს სიგნალს გადასცემენ, რომლებიც, თავის მხრივ, ჰისტამინს გამოყოფენ, შედეგად ქავილი ჩნდება.
მესამე ჰიპოთეზის მომხრეები თვლიან, რომ სანერწყვე ჯირკვლების კომპონენტები lgE ცილებისგან დამოუკიდებლად ანთებით რეაქციებს იწვევენ.
როგორ მოვიშოროთ კოღოს ნაკბენი
პირველი ნაბიჯი – სხეულის შიშველ ნაწილებზე კოღოსგან დამცავი საშუალების წასმა. ეს გარანტიას მოგცემთ, რომ მეტად აღარ გიკბენთ. ალტერნატივა: კოღოებისთვის ფიზიკური ბარიერის შექმნა, მაგალითად, კოღოს ბადე, ან შენობაში დაბრუნდით.
დამცავი საშუალების წასმის შემდეგ ნაკბენი ადგილი ყინულით ან ანტიჰისტამინური კრემით/გელით დაიმუშავეთ. სავარაუდოდ, ქავილის შეგრძნება არ შეწყდება, მაგრამ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ნაკბენი არ მოიფხანოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გაღიზიანება გართულდება.
და ბოლოს, დაავადების ნებისმიერ პოტენციურ სიმპტომს ყურადღება მიაქციეთ, როგორიცაა ცხელება, სახსრების ტკივილი ან თავის ტკივილი. დარწმუნდით, რომ არ დაინფიცირდით.
ხალხური საშუალებები კოღოს ნაკბენის წინააღმდეგ
- სოდა. 1 ს/კ საკვები სოდას წყალი დაუმატეთ ისე, რომ პასტა მიიღოთ. ნაკბენზე წაისვით, 10 წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.
- შვრია. შვრია ფქვილის მიღებამდე დააქუცმაცეთ. წყალთან შერევისას კოლიუდურ სუსპენზიას მიიღებთ – სწორედ ეს ნაწილი აბაზანას დაუმატეთ (ის უნდა იყოს კრემების შემადგენლობაში). შვრიის წვრილი ნაწილაკები კანზე ილექება, ტენს აკავებს და ქავილს ამცირებს.
- რეჰანი. არომატული ბალახი ორმაგ ფუნქციას ასრულებს. პირველ რიგში, კოღოებს აფრთხობს. სწორედ ამიტომ, ფანჯრის რაფაზე დადეთ. მეორეც, ზოგიერთი კვლევის თანახმად, რეჰანი ნაკბენის ქავილს ამცირებს. რამდენიმე ფოთოლი დასრისეთ და კანში ფრთხილად შეიზილეთ.
- ალოე ვერა. ალოე ვერას ფოთლებში შემავალი წებოვანი გამჭვირვალე გელი ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. დამტკიცებულია, რომ ქავილის წინააღმდეგ ეფექტურია.
- გვირილა. მცენარეს შფოთვის და უძილობის გასაქრობად იყენებენ. ითვლება, რომ გვირილას ნახარში კანზე წასმისას გამონაყარს და გაღიზიანებას ამცირებს. თუმცა გვირილას ეფექტურობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. თუ ამბროზიაზე ალერგია გაქვთ, გვირილაზეც გექნებათ. ყურადღებით იყავით, გვირილას კრემების შემადგენლობაში „azulene” ეწოდება.
- მენთოლი. მენთოლის შემცველი პროდუქტები კანს აგრილებენ, რაც ქავილს დროებით ამცირებს.
კოღოს კბენის შემდეგ გართულებები
- იმპეტიგო. ადგილობრივი ბაქტერიული ინფექცია. ნაკბენის ადგილის გაკაწვრით შეიძლება გამოწვეული იყოს. ხშირად ქავილიანი ნაკბენის დროს გვხდება.
- ცელულიტი. ამ შემთხვევაში ბაქტერიული ინფექცია კანზე ვრცელდება. ის შეშუპებას ჰგავს, შესაგრძნებად ცხელი და მტკივნეულია. გარეგნულად, ფორთოხლის კანს ჰგავს.
- ლიმფანგიტი. ეს ბაქტერიული ინფექცია ლიმფური არხებით ვრცელდება. ვიზუალურად წითელ ხაზს ჰგავს, რომელიც ხელზე ან ფეხზე მიდის. ეს უფრო სერიოზული შემთხვევაა, რადგან ინფექცია შეიძლება სისხლში მოხვდეს და მოწამვლა (სეფსისი) გამოიწვიოს.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
თუ კოღოს ნაკბენს ახლავს არა უბრალოდ სიწითლე და ქავილი, არამედ ცხელება, თავის ტკივილი, სხეულში ტკივილი და ინფექციის სხვა ნიშნები, ექიმს უნდა მიმართოთ.
კოღოს ნაკბენის პროფილაქტიკა
- ტანსაცმელი და აღჭურვილობა რეპელენტით (პერმეტრინი) დაამუშავეთ.
- ტანსაცმლის არჩევისას გრძელ სახელურიან პერანგს და შარვალს უპირატესობა მიანიჭეთ. კოღო ვერ გიკბენთ, თუ კანი მკვრივი სხეულით დაფარულია.
- დახურული ფეხსაცმელი აირჩიეთ.
როგორ შევუშალოთ კოღოს ხელი კბენაში
კოღოს კვერცხის დასადებად წყალი სჭირდება. კვირაში ერთხელ მოწმინდეთ, გადააფარეთ, გადაატრიალეთ ან საერთოდ მოიშორეთ ნივთები, რომლებიც წყალს შეიცავენ – საბავშვო აუზი, ფრინველების აბაზანა, ყვავილების ქოთნები ან სანაგვე კონტეინერები.
კოღოს სითბო, ოფლით და რძემჟავით გამოწვეული ადამიანის სუნები უყვარს.
როგორ მუშაობს რეპელენტების აქტიური კომპონენტები
DEET
დიეთილ–მეტა–ტოლუამიდი – კოღოების საწინააღმდეგოდ ერთ–ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი საშუალებაა. კვლევა აჩვენებს, რომ ერთ–ერთი ყვეელაზე ეფექტურია. DEET მოქმედებს მწერების რეცეპტორებზე, რომლებიც ნახშირორჟანგის და სხეულის სუნებს იჭერენ, შედეგად კოღო ადამიანს ვეღარ ცნობს. საშუალება სხვადასხვა ფორმით გამოდის, მათ შორის სითხის, სპრეის, ლოსიონის და სამაჯურის სახით.
პიკარიდინი
ეს მწერებისგან დამცავი ახალი საშუალებაა. ისევე მოქმედებს, როგორც DEET. კოღოს ნადავლის ცნობაში ხელს უშლის. საშუალება ნაკლებად პოტენციურ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ 6 თვიდან ბავშვებისთვის უსაფრთხოდ ითვლება.
ევკალიპტის ზეთი და ლიმონი
ევკალიპტის ზეთი და ლიმონი – კარგი ვარიანტი მათთვის, ვინც ნატურალურ რეპელენტებს უპირატესობას ანიჭებს.
როგორ ვიმკურნალოთ კოღოს ნაკბენი
გარეგნულად:
- ანტიჰისტამინების შემცველი სპეციალური გელი და ემულსია დღეში 2–3–ჯერ შეიზილეთ.
- გამოხატული სიწითლის და ქავილის დროს 1%–იანი ჰიდროკორტიზონის შემცველი კრემი ან ემულსია შეგიძლიათ გამოიყენოთ. დღეში 1–2–ჯერ, 2–3 დღის განმავლობაში. თუ სიმპტომები არ ქრება ან იზრდება, ექიმს მიმართეთ.
- 2 წლამდე ბავშვებისთვის კალამინის და თუთიის ოქსიდის შემცველი საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ. 2 წლიდან გამოგადგებათ ლოსიონი, რომელიც შეიცავს მენთოლს, თუთიის ოქსიდს და კალამინს.
შიგნით:
- მწვავე ანთებითი რეაქციის დროს 1–ლი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები გამოიყენეთ.
- ქვემწვავე სტადიის და მსუბუქი ქავილის დროს მე-2 თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები გამოიყენეთ.
ორივე თაობის პრეპარატები როგორც წვეთოვანი, ასევე აბის სახით გამოდის.