ტუია ჩვენი ნაკვეთების ლამაზი და უპრეტენზიო დეკორატიული მცენარეა! ამ მარადმწვანე მცენარით შეგიძლიათ ცოცხალი ღობე ლამაზად გააფორმოთ! თუმცა ამისთვის ბევრი წიწვოვანი ბუჩქი დაგჭირდებათ. Vivien გიამბობთ, როგორ გაამრავლოთ ტუია, რომ ყოველ ჯერზე სარგავი მასალის ყიდვა არ მოგიწიოთ.
უმარტივესი მეთოდი: კალმებით გამრავლება. ამისთვის დრო სწორად უნდა შეარჩიოთ, სწორად გადაჭრათ და დარგოთ. უფრო მეტიც, დარგვის შემდეგ პატარა ტუიაზე სწორად ზრუნვა არ უნდა დაგავიწყდეთ.
როგორ გავამრავლოთ ტუია კალმებით
დრო
ივლისის ბოლო ან შემოდგომა ყველაზე შესაფერი დროა კალმებით გასამრავლებლად. ამ პერიოდში მცენარე ვეგეტაციას ასრულებს, ხოლო კვირტები გადასაჭრელად მზადაა. საინტერესოა, რომ შემოდგომაზე შეგროვებული კალმები უკეთ და სწრაფად ფესვიანდება, ვიდრე ადრე გადაჭრილი კალმები.
კალმების მომზადება
მთელი მცენარე კარგად დაათვალიერეთ. კალმისთვის ყველაზე თანაბარი, ლამაზი და ჯანმრთელი ტოტი აარჩიეთ. გვირგვინის ზედა ნაწილში ახალგაზრდა ტოტები უნდა გადაჭრათ. 25-30 სმ სიგრძის კალამი სეკატორით ან დანით გადაჭერით. შემდეგ კალამი მოაშორეთ ისე, რომ ბოლოში „ლაქა“ – ქერქის ნაწილი დარჩეს. წყალში დასველებულ პირსახოცში აუცილებლად გაახვიეთ და პარკში ჩადეთ.
გაფესვიანება
გასაფესვიანებლად ბაღში ნახევრად ბნელი ადგილი შეარჩიეთ. ჩამარხული ქოთნები გამოგადგებათ. ყურადღება მიაქციეთ მიწას: ის 50% მდინარის ქვიშას და ამდენივე ტორფის სუბსტრატს უნდა შეიცავდეს.
თუ კალმები 1 საათზე მეტი ხნის წინ მოჭერით, წყალში ჩადეთ. კალამს ქვედა მესამედიდან წიწვები მოაშორეთ, რომ მცენარემ წყალი არ დაკარგოს. თითოეული კალმის ბოლო გაფესვიანების დასაჩქარებლად სპეციალურ ფხვნილში ამოავლეთ.
ახლა 5 სმ–ს დაშორებით ფანქრით ან ჯოხით პატარა ორმოები გააკეთეთ. კალმები ორმოებში 45° კუთხით მოათავსეთ, მიწა მოაყარეთ და წყლით დანამეთ. ბოლოს სათბურის ეფექტი შექმენით. ამისთვის პატარა ტუიას გადაჭრილი ბოთლი, ფირი ან ხუფი დააფარეთ.
მოვლა
კალმები აუცილებლად დანამეთ, რომ წიწვები გაგრილდეს და მცენარე არ დალპეს. განიავება არ დაგავიწყდეთ. კარგი მოვლის პირობებში დარგვიდან პირველ წელს ფესვიანდება. ზამთარში აუცილებლად მულჩირება სჭირდება. გაზაფხულზე მულჩი მოაშორეთ, ხოლო მაისში კალმები თამამად გადარგეთ. პატარა ტუია მზის პირდაპირი სხივებისგან დაიცავით!
ტუიას კალმებით გამრავლება რთული არაა. გარდა ამისა, დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ. უკვე 3 წელში საკმაოდ დიდ მწვანე ბუჩქს დაინახავთ! თქვენ მოგწონთ ტუია ბაღში? გსურთ ამ მცენარის დარგვა?