როცა ვაშლი დამწიფდება, ვაშლის ძმარი გააკეთეთ. ეს ძალიან ძვირფასი სამკურნალო საშუალებაა, ნამდვილად არ ინანებთ და „სწრაფი დახმარება“ ყოველთვის ხელთ გექნებათ.
ვაშლის ძმარი ჭვავის ორცხობილაზე
ვაშლის ძმარი ფართოდ გამოიყენება. მას სუნი არ აქვს და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.
ვიტამინების სასმელის შესანიშნავი რეცეპტი არსებობს. ამისთვის 1 ჭიქა თბილ წყალში 1 ს/კ თაფლი და 1 ს/კ ვაშლის ძმარი უნდა გახსნათ და ყოველ დილით უზმოზე უნდა დალიოთ – ეს ვიტამინების საწყობია.
„ვივიენი“ გირჩევთ ვაშლის ძმარი თავად, სახლის პირობებში მოამზადოთ.
ინგრედიენტები:
- 3 კგ ვაშლი
- 1 ლ წყალი
- 50 გრ შაქარი
- 2 ს/კ თაფლი
- 20 გრ ჭვავის ორცხობილა ან 10 გრ საფუარი
მომზადება:
1. ვაშლი გარეცხეთ და მსხვილ სახეხზე თესლთან ერთად გახეხეთ. მე ბლენდერი გამოვიყენე.
2. ვაშლის მასა ჭურჭელში (არა ალუმინის ) მოათავსეთ. შეგიძლიათ ქვაბი ან ხუთლიტრიანი ქილა გამოიყენოთ. თბილ მდუღარე წყალში საფუარი, შაქარი და თაფლი გახსენით და ვაშლს დაასხით. თუ ჭვავის პურს იყენებთ, უბრალოდ ზემოდან დაადეთ.
3. მარლით შეკარით, რომ ქილაში ჰაერი აღწევდეს, ოღონდ ქინქლები იქ ვერ მოხვდნენ. დუღილის პროცესისთვის 1 კვირა თბილ, მზიან ადგილას დატოვეთ. დღეში ერთხელ მაინც აურიეთ, რომ ვაშლი ზემოთ არ გამოშრეს.
4. რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში გადაწურეთ და სითხე სუფთა, მინის ქილაში ჩაასხით და დუღილისთვის კიდევ 2,5 თვე დატოვეთ.
5. ამ დროში ძმარი გამჭვირვალე გახდება, ქვემოთ კი ნალექი დარჩება. სუფთა სითხე ფრთხილად გადმოასხით, მინის ბოთლებში ჩაასხით და კარგად შეფუთეთ.
ვაშლის ძმარი მშრალ საფუარზე
სწორი ინგლისური სახელია cider vinegar. ვაშლის ძმარს უფრო მდიდარი გემო და მკვებავი ღირებულებები აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ, სპირტიანს. მას უფრო რბილი გემო და არომატი აქვს.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ვაშლი
- 1,25 ლ წყალი
- 200 გრ თაფლი (ან შაქარი)
- 11 გრ მშრალი საფუარი
მომზადება:
1. ვაშლი გარეცხეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
2. ძმრის მოსამზადებლად ვაშლი მთლიანად გამოიყენეთ, ანუ მისი ქერქიც და გულიც. დამპალი ადგილები მოაშორეთ.
3. წყალი აადუღეთ და თბილ მდგომარეობამდე გააგრილეთ (200 გრ ვაშლზე 250 გრ წყალი ემატება). ვაშლის მასას თაფლი (ან შაქარი) და საფუარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
4. ვაშლის ფაფა ფართო თავიან კერამიკის ჭურჭელში მოათავსეთ, რომ პროდუქტს ჰაერთან შეხება მაქსიმალურად ჰქონდეს.
5. 10 დღე ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ. დღეში მინიმუმ 2-ჯერ ხის ჩხირით აურიეთ, რომ ჰაერი გამოვიდეს.
6. ნარევი აქაფდება და დუღილს დაიწყებს, მაგრამ ძლიერად არა. 10 დღის შემდეგ ნარევი რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში გადაწურეთ.
7. ერთგვარი ვაშლის წვენი გამოვა. მიღებული სითხე მინის ჭურჭელში მოათავსეთ. სითხე ჭურჭლის 2/3-ზე მეტს არ უნდა იკავებდეს.
8. თავზე მარლა აუცილებლად უნდა დაახვიოთ. დუღილისთვის ბნელ ადგილას შეინახეთ.
9. შენჯღრევა აუცილებელი არაა, ქილის ადგილის შეცვლა ასევე რეკომენდებული არაა.
10. დუღილის პროცესი და ძმრის წარმოქმნა დაახლოებით 40-60 დღეს მოითხოვს.
11. 30 დღეში ძმარი წარმოიქმნება. სითხის ზედაპირზე შეიძლება ქაფი ან ლორწოვანი მასა გაჩნდეს, რასაც დუღილის პროცესში „ძმრის საშვილოსნოს“ უწოდებენ. მას სამჯერ უფრო მეტი სამკურნალო თვისებები აქვს, ვიდრე თავად ვაშლის ძმარს.
12. ასე რომ არ შეგეშინდეთ. მე 60 დღე დაველოდე!
13. ნალექი ჭურჭლის ფსკერზე დაილექა, ძმარი გამჭვირვალე გახდა, ხოლო ზედაპირზე ფირი გამაგრდა. ძმრის შენახვის დროს შეიძლება ნალექი წარმოიქმნას, რაც ნატურალური ნედლი პროდუქტისგან მომზადებული საშუალებისთვის აბსოლუტურად ნორმალურია.
14. ძმარი ჰერმენტულად დახურულ მინის ბოთლებში გრილ ადგილას შეინახეთ.
შენახვის ვადა შეუზღუდავი იქნება, თუ მთელ პროცესს სწორად ჩაატარებთ. სასურველია ხანგრძლივი შენახვისთვის მინის ბოთლებს სტერილიზაცია გაუკეთოთ.
მე, პირადად, ვაშლის ძმარს არომატიზატორებს (მიხაკი, ლიმონის ქერქი) ვუმატებ, რაც ძმარს უფრო ორიგინალურ გემოს და არომატს ანიჭებს.
ის ყველა სახის სანელებელსა და სოუსში გამოიყენება!
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.