ბევრ ქალს აწუხებს კითხვა: რა ვუყოთ ძვლოვან წანაზარდს ფეხზე (უფრო ზუსტად, ტერფზე), რომელიც ღია ფეხსაცმელში არა მხოლოდ უშნოდ გამოიყურება, არამედ ბევრ დისკომფორტს იწვევს. Vivien გიამბობთ, ექვემდებარება თუ არა ძვლოვანი წანაზარდი მკურნალობას და შეიძლება თუ არა მისი მოშორება.
ტერფი მთლიან ჯაჭვში უკანასკნელი რგოლია, რომელიც თავის ქალას, ხერხემალს, მენჯს და ქვედა კიდურებს აკავშირებს. თუ ტერფის დეფორმაციის პრობლემები და ფეხზე ძვლოვანი წანაზარდი გაწუხებთ, იცოდეთ: დიდი ალბათობით საქმე მექანიკურ დარღვევასთან გვაქვს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ტერფის მკურნალობა საკმარისი არაა, რადგან მკურნალობის იზოლირებული მეთოდები სასურველ სტაბილურ შედეგს არ იძლევა და თან საზიანოა.
რატომ ჩნდება ძვლოვანი წანაზარდი
ყველაზე ხშირად ასეთი დეფორმაციის მიზეზია კუდუსუნი–გავის ძვლის დაზიანებები, რომლის დროსაც, როგორც ჯაჭვზე, ჯერ მენჯის ძვალი ტრიალდება, შემდეგ ბარძაყის, შემდეგ წვივის ძვალი და ბოლოს ტერფი. ერთი შეხედვით, ტერფის დეფორმაცია კუდუსუნის დაზიანებას არ უკავშირდება, ვინაიდან ტერფი დარტყმის ადგილიდან შორსაა, მაგრამ ასე არაა.
მარტივია იმის გარკვევა, თუ რატომ ხდება ასე. მაგალითი: წარმოიდგინეთ მეზღვაურები, რომლებმაც ნახევარი გრადუსით მცდარი გეზი აიღეს. 10 კმ–ს გავლისას გადახრას ვერ შეამჩნევენ, მაგრამ 1000 კმ–ს შემდეგ გემი სულ სხვა ადგილას აღმოჩნდება. ასე ხდება ჩვენს ორგანიზმშიც.
რისი გაკეთება არ შეიძლება
პასუხი ცხადია: მოშორების ოპერაცია. საქმე იმაშია, რომ ნორმიდან ნებისმიერი გადახრა წონასწორობის დასაცავად არის მიმართული. ჩვენს შემთხვევაში ძვლოვანი წანაზარდი ერთგვარი დამატებითი საყრდენია, რომელიც სხეულმა წლების განმავლობაში აშენა.
რა მოხდება, თუ საყრდენს მოვიშორებთ? პირველ რიგში, სიარული გაგვიჭირდება. მაშინაც კი, თუ ოპერაციის შემდეგ ტერფები ნორმალურად გამოიყურება, დიდი ალბათობით, ძლიერი ტკივილის გამო სიარული გაგიჭირდებათ. თუ ოპერაცია მხოლოდ ერთ ტერფზე შესრულდება, მეორეზე დატვირთვა გაიზრდება. შედეგად, ტერფი 1-1,5 ზომით შეიძლება გაიზარდოს, უბრალოდ „გაიშლება“. სწორედ ამიტომ, ოპერაციის შემდეგ ფეხსაცმლის გარდერობის შეცვლა მოგიწევთ. სილიკონის გამფართოებლების გამოყენება, რომელიც ცერა და მეორე თითებს უჭერს, ტერფის დეფორმაციის სამკურნალოდ მტკივნეული მეთოდია.
რატომ აწუხებთ ძვლოვანი წანაზარდი უფრო ხშირად ქალებს
მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, ამას ქალის სხეულის წყობა იწვევს. ქალის მენჯის იოგები ნაკლებად ძლიერი და სტაბილურია, ვიდრე კაცებში – ორსულობის და მშობიარობის დროს ისინი იჭიმება. მეორეც, ქალებს საერთო წონის და სხეულის ზომების მიხედვით უფრო პატარა ტერფის სიგრძე აქვთ, ვიდრე კაცებს. მაგალითად, 70 კგ წონაზე კაცების ფეხის საშუალო ზომა 43-45, ხოლო იმავე წონაზე ქალებზე ფეხის ზომა 38-40. გამოდის, რომ პატარა კონსტრუქცია უფრო მეტ წონას ატარებს. სწორედ ამიტომ, ქალის ტერფი უფრო ხშირად დეფორმირდება, ვიდრე კაცის.
როგორ ვიმკურნალოთ?
პირველი, რითაც ტერფების მკურნალობა უნდა დაიწყოთ, – ღერძული ჩონჩხის სწორი მდგომარეობის დაბრუნება, რომელიც კუდუსუნის ძვლის დაზიანების შედეგების აღმოფხვრით მიიღწევა. მას შემდეგ, რაც ძვლები სწორ მდგომარეობას დაიკავებს, მას გავის ძვალი და მენჯის ძვალი მიჰყვება. ცოტა ხანში ბარძაყის ძვალიც და წვივებიც გასწორდება, შემდეგ ტერფის ჯერიც მოვა.
გაითვალისწინეთ, რომ აღდგენის სიჩქარე და მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხნის წინ გაჩნდა დეფორმაცია. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო გააუმჯობესებთ ტერფის ფორმას. გარდა ამისა, ოსტეოპათი დაგეხმარებათ, რომ მარტივი და კომფორტული სიარულით ისიამოვნოთ. მაშინაც კი, თუ ტერფის ფორმა სწრაფად იდეალური არ გახდება, ფეხებში დაღლილობა აღარ შეგაწუხებთ და ტერფების ტკივილი შემცირდება. რაც მთავარია, გახსოვდეთ, – თვითმკურნალობა არ შეიძლება. აუცილებლად სპეციალისტს მიმართეთ.