ჭრილობის და გაკაწვრის დროს დაზიანებულ ადგილას ქერქი წარმოიქმნება და ეს თრომბია. თუმცა ასეთი „ქერქი“ შეიძლება სისხლძარღვების შიგნით განვითარდეს და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. Vivien გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა დაცვით რისკის შემცირებას შეძლებთ.
თრომბოციტები: მეგობარი თუ მტერი?
თრომბოციტი სისხლის ერთ–ერთი ელემენტია. ჭრილობის დროს მისი გააქტიურება გადარჩენაში გვეხმარება, ხოლო სისხლძარღვების შიგნით „საცობის“ შექმნისას სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.თრომბიციტების გარეშე ვერ ვიცხოვრებთ. მათთან „დამეგობრება“ შესაძლებელია, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს დაიცავთ და რისკ–ფაქტორებს გამორიცხავთ.
საკუთარ თავს ყურადღება მიაქციეთ, ფრთხილად იყავით
თრომბის განვითარება შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:
- მემკვიდრეობა
- თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლიზმი
- მჯდომარე ცხოვრების წესი
- სისხლის შედედების დარღვევა
- ვარიკოზული გაფართოებული ვენები
- ზედმეტი დატვირთვა
- ონკოლოგიური დაავადებები
- ორსულობა
გარკვეული წესების დაცვით დაავადების რისკის თითქმის ნულამდე შემცირება შეიძლება.
მოქმედებები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
- რეგულარულად ივარჯიშეთ. დღეში 20-30 წუთი კარდიოვარჯიში საკმარისია. სარბენ ბილიკზე სწრაფად სირბილი საჭირო არაა. ნელი ხიარული, ველოსიპედის ტარება, ცურვა და ცეკვა გამოგადგებათ. აირჩიეთ ისეთი დატვირთვა, რომელიც მოგწონთ და ჯანმრთელობა გააძლიერეთ. როცა მოძრაობთ, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ეს კი თრომბის განვითარებას ხელს უშლის.
- ხშირად ისეირნეთ. თუ მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ, აუცილებლად ადექით და ყოველ 2 საათში გაიარეთ. მუხლმოხრილი მჯდომარე პოზა თრომბის განვითარებისთვის ძალიან სახიფათოა. ტელეფონში ჩაინიშნეთ, რომ კუნთების გახურება არ დაგავიწყდეთ. წყლის ასაღებად გავლაც საკმარისია.
- ბევრი წყალი დალიეთ. გაუწყლოება სისხლის გასქელებას, შესაბამისად თრომბის განვითარებას იწვევს. წყურვილის გრძნობა არ დაუშვათ, რადგან ეს გაუწყლოების ნიშანია.
- ვიწრო ტანსაცმელი არ ატაროთ. ძლიერი ზეწოლის ადგილას კაპილარები ზიანდება, რაც თრომბის განვითარებას ხელს უწყობს.
- წონა აკონტროლეთ. ჭარბი წონის დროს ზედმეტი კილოგრამები მოიშორეთ, რადგან ეს ერთ–ერთი რისკ–ფაქტორია. სწორი კვება და მოძრაობა პრევენციაში დაგეხმარებათ.
- ფეხები ასწიეთ. სასარგებლო ჩვევა შეიძინეთ: სამსახურიდან დაბრუნებისას ცოტა ხნით ზურგზე დაწექით, კოჭების ქვეშ მუთაქა დაიდეთ. მუთაქის სიგრძე 10-15 სმ. ასე სასიამოვნოს და სასარგებლოს ერთმანეთს შეუთავსებთ – თან დაისვენებთ და თან სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ.
როგორც ხედავთ, თრომბის პროფილაქტიკა რთული არაა, პირიქით, სასიამოვნოა. თუ ყველა წესის დაცვა გიჭირთ, ყოველ კვირა თითო სასარგებლო ჩვევა დაამატეთ და თანდათან ყველა წესის შესრულებაზე გადადით.