თუ მშვიდ მდგომარეობაში გულისცემის სიხშირეს გარკვეული მაჩვენებლის მიხედვით შეხედავთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემების გამოვლენას შეძლებთ. Vivien გიამბობთ, თუ რისი თქმა შეუძლია პულსის სიხშირეს მშვიდ პოზაში თქვენი ჯანმრთელობის შესახებ.
ფიზიკური ან ფსიქიკური სტრესის დროს სუნთქვა და გულისცემა ხშირდება. როცა ნაბიჯს აჩქარებთ ან სირბილს იწყებთ, გულისცემის სიხშირე იზრდება. ეს ყველაფერი ნორმალურია, რადგან მსგავს ვითარებაში გული თავის როლს ასრულებს, მთელ ორგანიზმს სისხლს სწრაფად აწვდის. ანალოგიურად, როცა ვიღვიძებთ ან ახალ გაღვიძებული ვართ, გული დაბალ დონეზე, ნელა მუშაობს, გულისცემა შენელებულია.
როგორი უნდა იყოს გულისცემის სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში
მშვიდ მდგომარეობაში გულისცემის ან პულსის ნორმალური სიხშირე ზრდასრულებში 60-100 დარტყმამდე (წუთში) მერყეობს. როგორც წესი, პულსის უფრო დაბალი სიხშირე გულის უფრო ეფექტურ მუშაობს და გულ–სისხლძარღვთა სისტემის უკეთეს ჯანმრთელობას გულისხმობს. მაგალითად, კარგად ნავარჯიშები სპორტსმენის პულსის ნორმალური სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში შეიძლება 40 დარტყმასთან ახლოს იყოს.
როგორ გავიზომოთ პულსი? გულისცემის სიხშირის გასაზომად საჩვენებელი და არათითი ყელზე, სასულის გვერდით დაიდეთ. მაჯაზე პულსის გასაზომად ორი თითი დაიდეთ ძვალსა და სხივური არტერიის მყესს შორის, რომელიც ცერა თითთან მდებარეობს.
როცა პულს იგრძნობთ, 15 წამში დარტყმების რაოდენობა დაითვალეთ. ეს რიცხვი 4–ზე გაამრავლეთ, რომ წუთში დარტყმების რაოდენობა გამოთვალეთ. ან გულისცემა 30 წამით დაითვალეთ და რიცხვი გააორმაგეთ.
რას გეუბნებათ გულისცემის სიხშირე ჯანმრთელობის შესახებ? ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მონაცემების თანახმად, თუ მშვიდ პოზაში გულისცემის სიხშირე 100–თან ახლოსა, გულ–სისხლძარღვთა დაავადებების და ნაადრევი გარდაცვალების რისკი იზრდება.
2013 წლის კვლევაში, რომელიც ჟურნალში Heart გამოქვეყნდა, მეცნიერები მთელი 16 წელი მამაკაცების გულ–სისხლძარღვთა სისტემას აკვირდებოდნენ და აღმოაჩინეს, რომ მშვიდ პოზაში გახშირებული გულისცემა მაღალ არტერიულ წნევას, სისხლში ცხიმის მაღალ დონეს და ჭარბ წონას უკავშირდება.
კვლევამ აღმოაჩინა, რომ რაც უფრო მაღალია გულისცემის სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში, მით უფრო მაღალია ნაადრევი გარდაცვალების რისკი. დიაპაზონში 81-90 დარტყმა წუთში, რისკი ორმაგდება, ხოლო თუ 90-ს აჭარბებს – სამმაგდება.
ექიმს მიმართეთ. გულისცემაზე სხვადასხვა გარემოება გავლენას ახდენს, მას ახშირებს ან ანელებს. თუ თქვენი პულსი მშვიდ პოზაში წუთში 100 დარტყმას აჭარბებს ან 60 დარტყმაზე ნაკლებია, თუმცა რეგულარულად არ ვარჯიშობთ, თერაპევტს მიმართეთ. შესაძლოა, გულის გამოკვლევა დაგჭირდეთ: გულისცემის ასეთი მაჩვენებელი სავარაუდო ტაქიკარდიასა ან ბრადიკარდიაზე საუბრობს.