Vivien გთავაზობთ გემრიელ სასმელს, რომელიც ძროხის რძის შესანიშნავი ალტერნატივაა. მოსამზადებლად ძალიან მარტივია და ბევრ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს. გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი და სასარგებლო სასმელი.
შვრიის რძის მთავარი უპირატესობები:
- იდეალურია მათთვის, ვისაც აწუხებს ყაბზობა. უჯრედისის მაღალი შემცველობის წყალობით ნაწლავების ფლორას აღვიძებს და დღის განმავლობაში მის მუშაობას აუმჯობესებს.
- საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. ორგანიზმი შვრიის რძეს ცხოველური წარმოშობის რძეზე უკეთ ითვისებს. ამასთან სხვა მცენარეულ რძეზე უკეთესია.
- იდეალურია ქოლესტერინის მაღალ დონესთან საბრძოლველად. თუ გულ–სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ, შვრიის რძის მიღება გაზარდეთ. შედეგად, ჭარბ ტრიგლიცერიდებთან და ცუდ ქოლესტერინთან საბრძოლველად აუცილებელ ვიტამინებს მიიღებთ.
- ამინომჟავებით მდიდარია. შეიცავს 8 ამინომჟავას, რომლებიც ორგანიზმს ბევრი ცილით და ენერგიით უზრუნველყოფენ. ასევე უჯრედებს ნაადრევი დაბერებისგან იცავს.
- ორგანიზმს ამდიდრებს B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. შედეგად, შესანიშნავი სასმელია მათთვის, ვისაც შფოთვა, სტრესი და სხვა მდგომარეობა აწუხებს.
შვრიის რძის სახლის პირობებში მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 6 ს/კ შვრიის ფანტელები
- 1 ლ წყალი
- 1 ს/კ თაფლი
- დარიჩინი, ვანილი, მუსკატის კაკალი ან სხვა სანელებელი თქვენი გემოვნებით
- მწიკვი ჰიმალაის მარილი
შვრიის ფანტელებს 200 მლ თბილი წყალი დაასხით და 10 წუთით დააყენეთ. შემდეგ კარგად დააბლენდერეთ. ამის შემდეგ სანელებლები, თაფლი, დარჩენილი წყალი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. თუ გსურთ, სასმელი გადაწურეთ.
მაცივარში შეინახეთ. სურვილის შემთხვევაში ყინულის ფორმებში გაყინეთ. შემდეგ სმუზების, ასევე სხვა სასმელების, მაგალითად, ყავის და კაკაოს მოსამზადებლად გამოიყენეთ.
შვრიის რძე მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი სასმელია, რომელიც მოზარდი ბავშვებისთვის იდეალურია. მისი მთავარი მკვებავი თვისებებია:
- ამინომჟავები: თრეონინი, ლეიცინი და იზოლეიცინი მთავარი ამინომჟავებია, რომლებიც ბავშვის ზრდისთვის სასარგებლოა.
- ბოჭკოები. ყაბზობას ებრძვის, ნაწლავებს წმენდს და ნაწლავების რეგულარულ მოძრაობას ხელს უწყობს, ამიტომ ხანდაზმულებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.
- რკინა. შვრია ამ მინერალს საკმარისი რაოდენობით შეიცავს, რომ ჟანგბადი ორგანიზმის თითოეულ უჯრედში მოხვდეს. შედეგად, დაღლილობას და ანემიას ებრძვის.
- კალციუმი. ეს მინერალი ძვლების სისტემის გასაძლიერებლად, ასევე ოსტეოპოროზის პრევენციისთვის აუცილებელია.