მეცნიერებმა რისხვა წყალობით შეცვალეს. Vivien გიამბობთ, როგორ იქცა კარაქი მტრიდან მეგობრად.
ბუტერბროდი კარაქით – შხამია, კარაქზე გამომცხვარი – საშინელება, ხოლო მასზე შემწვარი ომლეტი – საერთოდ სასიკვდილო ბილეთი. სწორედ ამას ირწმუნებოდნენ მთელი მსოფლიოს ექიმები და დიეტოლოგები წლების განმავლობაში. საბედნიეროდ, დადგა დრო, როცა ექიმებმა აღიარეს: რომელიმე ერთი პროდუქტის გამორიცხვა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არსებით ეფექტს არ ახდენს, მაგრამ ამასთან მის ხარისხს აუარესებს.
წლების განმავლობაში კარაქს 2 მთავარ ცოდვაში ბრალს დებდნენ:
- ძალიან კალორიულია და სიმსუქნეს ხელს უწყობს.
- დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ანუ ცუდი ქოლესტერინის (LDL) დონის ზრდას ხელს უწყობს და ათეროსკლეროზის განვითარებას იწვევს.
ეს მართალია, თითქოსდა ვერაფერს იტყვით, მაგრამ ყველაფერი შედარებით შეიცნობა.
პირველ რიგში, კარაქი თავისი 610-750 კალორიით (დამოკიდებულია ცხიმიანობაზე) არც ისეთი საშიშია, როგორც რეკომენდებული ზეითუნის ზეთი, რომელიც 884 კალორიას შეიცავს.
მეორეც, კარაქი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებთან ერთად ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს, რომელიც „ცუდი“ ქოლესტერინის გამოდევნაზე არის პასუხისმგებელი.
კარაქის სარგებელი – რა ეფექტს იძლევა კარაქის რეგულარული მიღება
1. კანი, თმა და ფრჩხილები „მადლობას“ გეტყვით
მათი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ომეგა 3 და ომეგა 6, ასევე ცხიმში ხსნადი ვიტამინები A, E და D. ისინი კანის, თმის და ფრჩხილების ზრდას სტიმულირებენ, აძლიერებენ და დაბერებისა და ულტრაიისფერი სხივებისგან იცავენ. ყველა ეს ნივთიერება კარაქში შედის.
2. კარაქს გულ–სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაში წვლილი შეაქვს
დიახ, ეს ბეჭდვითი შეცდომა არაა. როგორც უკვე აღვნიშნე, კარაქი LDL–ის დონეს ნამდვილად ზრდის, მაგრამ HDL–ის დონეც იზრდება, რომელიც სისხლძარღვებში ქოლესტერინის ფოლაქების განადგურებაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, თუ თქვენი სისხლძარღვები ჭარბი შაქრის მიღებით განადგურებულია, ქოლესტერინის ფოლაქებს კედლებზე მიმაგრების შანსი არ აქვთ.
კარაქში შედის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა, რომელიც სისხლძარღვების მოქნილობას და ტონუსს უზრუნველყოფს.
3. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს
მეცნიერებმა LDL-ს იარლიყი მიაკრეს. „ცუდია“, მაგრამ ამას სრულ სიმართლეს ვერ ვუწოდებთ. ორგანიზმისთვის ისიც სასარგებლოა: უჯრედული მემბრანის ნაწილია, ნერვულ ბოჭკოებს იცავს, საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობს.
გარდა ამისა, კარაქში შემავალი გლიკოსფინგოლიპიდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ნაწლავებს სხვადასხვა ინფექციებისგან იცავენ. ეს ყველაფერი არაა. A ვიტამინის ჭრილობის შეხორცების თვისება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილში ანთებას ანეიტრალებს.
4. სეროტონინის დონე იზრდება
რძის ცხიმი შეიცავს ტრიპტოფანს, რომლისგანაც სეროტონინი იწარმოება. ის, თავის მხრივ:
- შფოთვის დონეს არეგულირებს;
- ტვინის ნაწილებს, რომლებიც ძილის რეჟიმსა და მხნეობაზე პასუხისმგებელნი არიან, ააქტიურებს;
- სისხლძარღვების ტონუსს და სისხლის შედედებას ზრდის;
- მოწამვლისას კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას არეგულირებს;
- ნაწლავების მოძრაობას აკონტროლებს;
- ლიბიდოზე პირდაპირ გავლენას ახდენს;
- ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად აუცილებელია;
- ჰიპოფიზის მუშაობაში მონაწილეობს;
- ძვლის სისტემის ჯანმრთელობას მხარს უჭერს;
5. ცენტრალური ნერვული სისტემის და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს
D ვიტამინი, რძის ცხიმი და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავა მეხსიერებას და ყურადღებას აუმჯობესებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას აძლიერებს და იცავს, ტვინის უჯრედების განახლებაში მონაწილეობს – სწორედ ამიტომ, სასარგებლოა მათთვის, ვინც გონებრივი მუშაობით დაკავებულია.
6. პათოგენური სოკოს განვითარების რისკს ამცირებს
კარაქში შემავალი ლაურინის მჟავა პათოგენური სოკოს განვითარებას აფერხებს.
7. ენერგიას ზრდის
მაღალი კალორიულობის გამო კარაქი ენერგიის შესანიშნავი წყაროა.
რა თქმა უნდა, ყველა „დიახ“ და ყველა „წამალი“ დოზირებაზეა დამოკიდებული. ექიმები გირჩევენ, რომ დღეში მაქსიმუმ 30 გრ კარაქი მიირთვათ – ეს რაოდენობა სიმსუქნის რისკზე, ათეროსკლეროზის, აკნეს და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემების განვითარებაზე გავლენას არ მოახდენს.
შესაწვავად სჯობს გამოიყენოთ ერბო – მისი კვამლის წერტილი 190-250°C-ია, რაც დამოკიდებულია გაწმენდის ხარისხზე. ერბო კარაქით კანცეროგენების მიღების ყველაზე დაბალი შანსი გაქვთ.
თქვენ ჭამთ კარაქს? აკონტროლებთ მის რაოდენობას რაციონში?
შეგახსენებთ, რომ სტატია გაცნობით ხასიათს ატარებს და რეკომენდაციას არ წარმოადგენს. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, სპეციალისტს მიმართეთ. თვითმკურნალობა არ დაიწყოთ.