ფრჩხილის მჭამელი – მტკივნეული და ძლიერი დისკომფორტის გამომწვევი მდგომარეობა, რომლის დროსაც ფრჩხილის ირგვლივ კანზე ანთება ჩნდება (შესაძლოა ჩაზრდილი ფრჩხილის გამო), ზოგჯერ ინფექციებიც ახლავს.
დღეს Vivien-ის რედაქცია ეცდება ამ პრობლემაზე, მის სიმპტომებზე, შესაძლო მიზეზებსა გიამბობთ. ასევე სამკურნალოდ გთავაზობთ რამდენიმე ნატურალურ შინაურულ საშუალებას. მათ პოვნას სახლში შეძლებთ (მაგალითად, ლიმონი, მარილი, ბეგქონდარა, ხახვი, კვერცხი ან სტაფილო).
სიმპტომები
ფრჩხილის მჭამელის არსებობაზე ფრჩხილის ფირფიტის ირგვლივ კანის სიწითლე ან შესივება განიშნებთ. როგორც წესი, ამ ადგილზე დაწოლისას ტკივილს იგრძნობთ. ზოგჯერ შეიძლება ინფექცია განვითარდეს, რაზეც ჩირქის დაგროვება მეტყველებს.
შესაძლო მიზეზები
ფრჩხილის მჭამელი შეიძლება გამოიწვიოს ქვემოთ მოცემულმა ერთ–ერთმა მიზეზმა:
- ძალიან გრძელი ფრჩხილი
- ფრჩხილის ფირფიტის ანომალური ზრდა
- ჩაზრდილი ფრჩხილის გამო კანის ზედაპირის დაზიანება
- შეუფერებელი ფეხსაცმელი, რომელიც თითებს ძლიერ ავიწროებს
- ჭარბი ოფლდენა
- დაზიანება
- კანის დაავადება
ბეგქონდარას ნაყენი
ბეგქონდარა სამკურნალო მცენარეთა რიგს მიეკუთვნება, რომელსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მისი დახმარებით ინფექციებს და ანთებით პროცესებს გაუმკლავდებით, ასევე ტკივილს გაიქრობთ. ერთი სიტყვით, ჩაზრდილი ფრჩხილისა და ფრჩხილის მჭამელის სამკურნალოდ იდეალური საშუალებაა.
ნაყენი მარტივად მზადდება: 2 ს/კ ბექგონდარა 1 ჭიქა ცხელ წყალზე. 5 წუთით დააყენეთ, შემდეგ ცოტა გააგრილეთ და მასში თითი (ან თითები) 5-10 წუთით გაიჩერეთ. სასურველი შედეგის მისაღებად პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
ლიმონი და მარილი
ამ ორი მარტივი ინგრედიენტის დახმარებით ჩაზრდილი ფრჩხილის სამკურნალო ეფექტურ საშუალებას მიიღებთ. ლიმონი შუაში, პატარაზე გახვრიტეთ, ზღვის მარილი ჩაყარეთ და დაზიანებულ თითზე ჩამოიცვით. 20 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ, სანამ შვებას არ იგრძნობთ და ფრჩხილის მჭამელი არ გაქრება.
ორივე კომპონენტს ანთების საწინააღმდეგო და სადეზინფექციო თვისებები აქვს.
ხახვის კომპრესი
ხახვი ანთების საწინააღმდეგო თვისებას ფლობს. მას სხვადასხვა უსიამოვნების და დაავადების სამკურნალოდ იყენებენ და ეს შემთხვევა გამონაკლისი არაა. მისი გამოყენება უმარტივესი მეთოდით შეიძლება.
თავდაპირველად, ხახვი მოხარშეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დაჭყლიტეთ. შემდეგ მიღებული პასტა სტერილულ სახვევზე (მარლა ან ნაჭერი) გადაიტანეთ. ასეთი კომპრესი დაზიანებულ თითზე დაიდეთ და ბინტით დააფიქსირეთ, რომ მოქმედების მინიმუმ 2 საათით მაინც გაზარდოთ.
სტაფილოს კომპრესი
ყველა ეს საშუალება ერთნაირად ეფექტურია. შეგიძლიათ თქვენთვის შესაფერისი აირჩიოთ იმის მიხედვით, თუ რა გაქვთ სამზარეულოში.
სტაფილოს კომპრესს ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც ხახვისას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სტაფილოსგან მზადდება. ამ ბოსტნეულის დახმარებით ჩაზრდილი ფრჩხილის და ფრჩხილის მჭამელის პრობლემას მოიშორებთ, ასევე დაზიანებული კანის აღდგენაში დაგეხმარებათ. კომპრესი დღეში 3–ჯერ გაიკეთეთ და მინიმუმ 15 წუთით გაიჩერეთ.
კვერცხის ცილა
ეს სწრაფად მოქმედი საშუალებაა და ძალიან კარგ შედეგს იძლევა, თუ ხშირად გამოიყენებთ (მდგომარეობის გაუმჯობესებამდე). კვერცხის ცილა ათქვიფეთ და დაზიანებულ ადგილას დღეში რამდენჯერმე წაისვით. დარჩენილი კვერცხის ცილა არ გადაასხათ, არამედ მაცივარში შეინახეთ (შენახვის ვადა – 3 დღე).
შესაძლებელია თუ არა თავიდან აცილება?
ჩაზრდილი ფრჩხილის და ფრჩხილის მჭამელის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ გაითვალისწინებთ რჩევებს:
- ყურადღება მიაქციეთ, რომ ფრჩხილები ყოველთვის ლამაზად გადაჭრილი (სასურველია, ერთნაირი ფორმის) იყოს. იგივე კუტიკულას ეხება. სპეციალური ინსტრუმენტები და ქლიბები გამოიყენეთ, რომ ნუნების აქერცვლა არ გამოიწვიოთ.
- არ ჩაიცვათ მოუხერხებელი ფეხსაცმელი, რომელიც თითებზე ძლიერ ზეწოლას ახდენს. მნიშვნელოვანია, რომ ტერფების ბუნებრივი ფორმა არ „დაიშალოს“ და თავისუფალი ადგილი დარჩეს, რომ კანმა ისუნთქოს. ასევე მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს მოერიდეთ (როგორც მინიმუმ, ხანგრძლივი დროით).
- თუ ფრჩხილზე რაღაც მძიმე დაგეცათ ან სხვა სახის ტრავმა მიიღეთ, სამკურნალოდ ნატურალური საშუალება გამოიყენეთ. რა თქმა უნდა, თუ სერიოზული შემთხვევა არაა და ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს.
- არ დაგავიწყდეთ, რომ ხელის და ფეხის კანი კარგად უნდა დაიტენიანოთ.
- ამ მიზნით სჯობს სხვადასხვა კრემები E ვიტამინით ან მცენარეული ზეთებით გამოიყენოთ.
- თუ დაზიანებულ ადგილას სოკოვანი დაავადებაც გაქვთ, არჩეული მკურნალობის მეთოდის გარდა ყოველდღე რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი შეიზილეთ (მას ძლიერი სოკოს საწინააღმდეგო თვისება აქვს).
- ბოლო რეკომენდაცია: თუ შეამჩნიეთ, რომ ინფექცია გაქვთ და სწორი მოვლის მიუხედავად არ ქრება (ან ძლიერდება, ანუ დაზიანებული კანის ფართობი იზრდება), სჯობს დაუყონებლივ ექიმს მიმართოთ, რათა შესაძლო გართულებები (აბსცესი, ინფექციის გავრცელება, ფრჩხილის დაკარგვა) თავიდან აიცილოთ. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება, მაგრამ სჯობს თავი დაიზღვიოთ, საქმე ხომ თქვენს ჯანმრთელობას ეხება.