სპორტული ფეხსაცმელი დღეს თითქმის ყველას, ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქვს. ახლა ხომ ეს არამხოლოდ განსაკუთრებული ინვენტარია ფიზიკური აქტივობის ან ლაშქრობისთვის, არამედ უბრალოდ ძალიან მოსახერხებელი რამაა, რომელიც, ხშირად, მოდურად გამოიყურება და მისი ჩაცმა ქალაქში გასეირნების დროსაც შეიძლება. ასეთი ნივთი იტანს ჭუჭყს, წვიმასა და ხანგრძლივ დატვირთვებს, სწორედ ამიტომ, მას განსაკუთრებული მოვლაც სჭირდება.
რა თქმა უნდა, ყველას უნდა ამ პროცესის გამარტივება – ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა. თუმცა, ბევრი მწარმოებელი გვირჩევს ასეთი რეცხვისგან თავის შეკავებას, რასაც ფეხსაცმელზე მიმაგრებულ იარლიყზე იხილავთ.
მაგრამ, თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ მწარმოებლები უბრალოდ ზედმეტად იზღვევენ თავს და ასეთი რეცხვა დასაშვებია, ოღონდ, გარკვეული წინაპირობებით. მანქანაში რეცხვის შესაძლებლობა, მეტწილად, ფეხსაცმლის მასალაზეა დამოკიდებული. ამ სტატიაში Vivien.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა გარეცხოთ სპორტული ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაში სწორად, არც ერთს რომ არ ავნოთ.
როგორი ფეხსაცმლის გარეცხვა არ შეიძლება სარეცხ მანქანაში?
- ფეხსაცმელი, რომელსაც თვალსაჩინო დაზიანებები აქვს. მაგალითად, თუ ძირი ოდნავ ასძვრა, ან ძაფებია გამოშვერილი – არ შეყაროთ ასეთი ნივთები მანქანაში, რადგან, დიდი ალბათობით, მანქანა მათ სიცოცხლეს მოუსწრაფებს;
- იაფფასიანი სპორტული ფეხსაცმელი, ჩვეულებრივ, ერთი სეზონისთვის იკერება, არაა განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისთვის და, დიდი ალბათობით, ვერ გადაიტანს ინტენსიურ რეცხვას მანქანაში. ხშირად, ასეთ ნაკეთობას მხოლოდ წებოთი ამზადებენ, ამიტომაცაა ამდენად არამდგრადი;
- არც ნატურალური მასალისგან დამზადებული ძვირადღირებული ფეხსაცმლის გარეცხვა შეიძლება მანქანაში, რამდენადაც, ჩვეულებრივ, იგი ვერ იტანს სითხეს. ასეთია ზამშის, ტყავისა და ნუბუკის ფეხსაცმელი.
- ფეხსაცმელი, რომელსაც დეკორატიული ელემენტები (თვლები, ბისერები, მანათობელი ელემენტები) აქვს.
ქსოვილის, ხელოვნური ტყავისა და ბადისებრი მასალისგან დამზადებული ფეხსაცმლის გარეცხვა სარეცხ მანქანაში დასაშვებია.
მოსამზადებელი პროცედურები
- წინასწარ გარეცხეთ ფეხსაცმლის ძირები, მოაშორეთ კენჭები.
- გააცალეთ თასმები (ისინი ცალკე უნდა გაირეცხოს) და მოათავსეთ ფეხსაცმელი სპეციალურ სარეცხ შალითაში. თუ მსგავსი არ გაქვთ, გამოიყენეთ ძველი ბალიშისპირი ან ქსოვილის ტომარა. ეს იმიტომ, რომ ფეხსაცმლის მყარმა ძირებმა ბარაბანი არ დააზიანოს.
- არ მოათავსოთ მანქანაში ერთდროულად ორი წყვილი – ასე მანქანას გააფუჭებთ.
- არ დაგავიწყდეთ ფეხსაცმლის დახარისხება ფერების მიხედვით.
- გადახედეთ იარლიყებს – ნახეთ, ფეხსაცმელი წყალამრიდი რეაგენტით ხომ არაა გაჟღენთილი. ამ შემთხვევაში, რეცხვით მას სრულად ჩამორეცხავთ, ამიტომ, გაშრობის შემდეგ, იგი ხელახლა უნდა წაუსვათ.
სპორტული ფეხსაცმლის რეცხვა მანქანაში
- რეცხვის რეჟიმი
ზოგ მანქანას აქვს “ფეხსაცმლის რეცხვის” რეჟიმი. თუ არ აქვს, აირჩიეთ დელიკატური რეჟიმი. დააყენეთ არაუმეტეს 30-40 გრადუს ტემპერატურაზე, უფრო მაღალი ფეხსაცმლის დეფორმირებას გამოიწვევს. ამავე მიზეზით გამორთეთ შრობის რეჟიმი.
თუ შესაძლებელია, გამორთეთ დაწურვის რეჟიმიც, ან მინიმალურ ბრუნზე დააყენეთ, მანქანაცა და ფეხსაცმელიც რომ დაიცვათ.
- სარეცხი საშუალება
ჭუჭყს შესანიშნავად უმკლავდება სარეცხი საპონი – წაუსვით იგი ფეხსაცმლის მთელ ზედაპირს და მოათავსეთ მანქანაში. თუმცა, ეს მხოლოდ თეთრ ნაკეთობებს ეხება. ფერადზე საპონი საღებავს გაახუნებს.
თუ მხოლოდ ფხვნილი გაქვთ, რეცხვისას აირჩიეთ დამატებითი გავლების რეჟიმი, რათა სარეცხი საშუალება მთლიანად ჩამოირეცხოს და ნაწიბურები არ დატოვოს.
არ გამოიყენოთ რეცხვისას ქლორის შემცველი მათეთრებელი, კონდიციონერი ან სავლები, რადგან ისინი უარყოფითად იმოქმედებს ფეხსაცმელზე და ულამაზო ლაქებს დატოვებს.
ფეხსაცმლის გაშრობა
ფეხსაცმლის სწორად გაშრობაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი რეცხვა. სარეცხი მანქანიდან გამოღების შემდეგ, ჩააბრუნეთ ფეხსაცმელი და ადროვეთ დაწრეტა, რამდენადაც ზემოთ გირჩიეთ დაწურვის რეჟიმის გამორთვა ან მინიმუმამდე დაყვანა. როცა სითხე ბოლომდე დაიწრიტება, შეუდექით შრობის პროცესს:
- მჭიდროდ გატენეთ ფეხსაცმელი სითხის შემწოვი ქაღალდით. იქნება ეს ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდი თუ შავ-თეთრი გაზეთი (ნაბეჭდი შეიძლება ფეხსაცმელზე გადავიდეს).
- შეგიძლიათ, ფეხსაცმელი ფენითაც გააშროთ, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მაღალი ტემპერატურა შეიძლება ფეხსაცმლის დეფორმაციით დასრულდეს.
- არ გააშროთ ფეხსაცმელი გამათბობელი მოწყობილობებით – ამისთვის მხოლოდ ოთახის ტემპერატურა გამოიყენეთ.
- თუ რომელიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენება გნებავთ, დაიხმარეთ მტვერსასრუტი – მოხსენით თავაკი და მოათავსეთ მილი ფეხსაცმელში 15-20 წუთით, გააშრეთ ამავე მეთოდით მეორე ცალიც.
- ფეხსაცმლის სწრაფად გაშრობაში მარილიც დაგეხმარებათ: გაათბეთ იგი ტაფაზე, მოათავსეთ ქსოვილის ტომარაში ან სქელ წინდაში და ჩადეტ ფეხსაცმელში. თუ მარილი გაგრილდა, ფეხსაცმელი კი ისევ სველია, გაიმეორეთ პროცედურა.
თქვენ როგორ რეცხავთ ფეხსაცმელს?