მე-19 საუკუნეში დაწერილი წიგნების წაკითხვისას ხშირად ვხვდებით რომანტიკულ პერსონაჟებს, რომლებიც ჭლექით იტანჯებიან. დაავადება, რომელსაც ახლა ჩვენ ტუბერკულოზს ვუწოდებთ, იმ დროს გატეხილი გულის და ნაზი სულის შედეგად ითვლებოდა. მისი ინფექციის შესახებ ექიმებმა არაფერი იცოდნენ, ამიტომ, ძირითადად, ავადმყოფებს თბილ ადგილას მოგზაურობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს და სუფთა ჰაერზე ვარჯიშს ურჩევდნენ.
200 წელში მედიცინამ წინ წაიწია და ახლა ტუბერკულოზმა განვითარებული ქვეყნები თითქმის მიატოვა. თუმცა ჩვენი პლანეტა დიდია და გაეროს მონაცმებით, დაავადება მთელ მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ ათ ძირითად მიზეზში შედის. ყველაზე ხშირად დაავადება გვხვდება განვითარებად ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზის თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ ნაკლები შესაძლებლობა არსებობს.
ტუბერკულოზის სიმპტომები
ზოგიერთი ადამიანი ინფიცირდება კოხის ჩხირებით (ბაქტერიებით, რომლებიც ტუბერკულოზს იწვევენ), მაგრამ არანაირი სიმპტომი არ აქვთ. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც ლატენტური (ფარული) ტუბერკულოზი. დაავადებას შეიძლება წლები „ეძინოს“, სანამ დაავადების ფარული ფორმა გამოვლინდება.
აქტიურ ტუბერკულოზს უამრავი სიმპტომი აქვს. ყველაზე ხშირად ეს სასუნთქ სისტემას უკავშირდება და ვლინდება სისხლიანი, ნერწყვიანი ან ლორწოვანი ხველით. დაავადებულს შეიძლება აწუხებდეს ტკივილი ხველის დროს ან უბრალოდ სუნთქვისას. სხვა სიმპტომებს შორის გვხვდება:
- აუხსნელი დაღლილობა
- მომატებული ტემპერატურა
- ღამით ოფლიანობა
- მადის დაკარგვა
- წონის დაკარგვა
- ლიმფური კვანძების გაზრდა
- „ციებცხელების“ სიწითლე
ტუბერკულოზი ჩვეულებრივ ფილტვებს აზიანებს, მაგრამ ის შეიძლება განვითარდეს სხვა ორგანოებშიც – თირკმლებში, ხერხემალში, ძვლების და თავის ტვინში. დაინფიცირების ადგილის მიხედვით სიმპტომები იცვლება. მაგალითად, თირკმლის ტუბერკულოზი შეიძლება სისხლიანი შარდით გამოვლინდეს.
ვის უფრო მაღალი რისკი აქვს ტუბერკულოზით დაავადდეს?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, სიკვდილიანობის 95%–ზე მეტი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ხდება. ალკოჰოლის, ნიკოტინის ან ნარკოტიკის ხანგრძლივი დროით მომხმარებლები აქტიური ტუბერკულოზის მიმართ მიდრეკილნი უფრო არიან. ასევე ისინი, ვისი იმუნიტეტიც ამა თუ იმ მიზეზით დასუსტებულია. ტუბერკულოზი ძალიან სახიფათოა აივ დადებითი პაციენტებისთვის.
აქტიური ტუბერკულოზის განვითარების სხვა რისკ–ფაქტორები:
- დიაბეტი
- თირკმლის დაავადების ბოლო ეტაპი
- არასწორი კვება (მათ შორის კვების დარღვევა, როგორიცაა ანორექსია)
- ზოგიერთი სახის სიმსივნე
მედიკამენტები, რომლებიც იმუნურ სისტემას თრგუნავენ, ადამიანს აქტიური ტუბერკულოზის განვითარების რისკის ქვეშ აყენებს. მათ შორისაა პრეპარატები, რომელთაც გადანერგილი ორგანოს მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად იღებენ.
არსებობს სხვა მედიკამენტები, რომლებიც ტუბერკულოზით დაავადების რისკს ზრდიან. მათ იყენებენ შემდეგი დაავადებების დროს:
- სიმსივნე
- რევმატოიდული ართრიტი
- კრონის დაავადება
- ფსორიაზი
- წითელი მჭამელა
დაავადებების მაღალი დონის მქონე ქვეყნებში მოგზაურობა ტუბერკულოზით დაავადების რისკს ზრდის. საინტერესოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, საბჭოთა კავშირის ზოგიერთი ქვეყანა ტურისტებისთვის სახიფათოდ ითვლება.
სხვა ქვეყნების დაავადების მაღალი დონით:
- აფრიკა, საჰარიდან სამხრეთით
- ინდოეთი
- მექსიკა და სხვა ლათინოამერიკული ქვეყანა
- ჩინეთი და რიგი სხვა აზიური ქვეყანა
- სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის კუნძულები
- მიკრონეზია
ამასთან, პირველი მსოფლიოს ქვეყნებშიც ყველაფერი რიგზე არაა. უსახლკარო ხალხი, ციხეში გამოკეტილები და ხალხი დაბალი შემოსავლით კვლავ აქტიური ტუბერკულოზით დაინფიცირების რისკის ზონაში არიან.
რა იწვევს ტუბერკულოზს და როგორ ხდება მისი გადაცემა?
დაავადებას იწვევს ბაქტერიები სახელწოდებით Mycobacterium tuberculosis (კოხის ჩხირები). პათოგენებისთვის რამდენიმე შტამი არსებობს და, სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი მედიკამენტების მიმართ ამტანი გახდა.
კოხის ჩხირები გადაეცემა ჰაერ–წვეთოვანი გზით (როგორც, კორონავირუსი). როცა დაინფიცირებული წვეთები ჰაერში ხვდება, ის შეიძლება სხვა ახლომდებარე ადამიანმა ჩაისუნთქოს. ტუბერკულოზით დაავადებულმა ადამიანმა ბაქტერიები შეიძლება გაავრცელოს შემდეგი მეთოდებით:
- დაცემინება
- ხველა
- საუბარი
- სიმღერა
როგორც უკვე ვთქვით, კარგი იმუნური სისტემის მქონე ხალხი შეიძლება ტუბერკულოზით დაინფიცირდეს, მაგრამ წლები სიმპტომები არ გამოავლინოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ტუბერკულოზის ფარული ფორმით თითოეული დედამიწელი ცხოვრობს.
როგორ დავსვათ ტუბერკულოზის დიაგნოზი?
კანის (ტუბერკულინის) ტესტი
ის უფრო ცნობილია, როგორც მანტუს სინჯი. შეყვანის ადგილას გამოხატული კანის რეაქცია შეიძლება იმუნიტეტის მუშაობის ნიშანი გახდეს, რომელიც ტუბერკულოზის პათოგენებთან ბრძოლაში ძალიან დაკავებულია.
დიაგნოზის დასმის გარდა მანტუს სინჯს სხვა როლი არ აქვს.
უდაოდ, ტუბერკულინის სინჯს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს (კერძოდ, არც თუ ისე მაღალი სიზუსტე). მაგრამ ეს იაფი, სწრაფი და ფართოდ ხელმისაწვდომი ტესტია სერიოზული დაავადების დიაგნოზისთვის. მანტუს სინჯი მსხვილ ბადეს ჰგავს – ის შექმნილია საეჭვო შემთხვევების დასაჭერად, რომ შემდეგ უფრო სპეციფიკურ და ზუსტ ანალიზებს მიმართონ.
მანტუს სინჯის პრინციპით მუშაობს დიასკინტესტი. ის უფრო ზუსტად ითვლება ცრუ დადებითი შედეგის ნაკლები სიხშირის გამო.
სისხლის ანალიზი
ტუბერკულინის ტესტზე დადებითი რეაქციის დროს (ან დაავადებულ ადამიანთან დადასტურებული კონტაქტის შემდეგ) ექიმი სისხლის უფრო სპეციფიკურ ანალიზებს ნიშნავს.
1. საერთო ან ბიოქიმიური ანალიზი. ზოგიერთი მაჩვენებელი (მაგალითად, ლეიკოციტების, ლიმფოციტების და ნეიტროფილების რაოდენობა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ანთებითი პროცესების არსებობას აჩვენებს.
2. კვანტიფერონის ტესტი. ანალიზი სისხლში ტუბერკულოზის ანტისხეულების არსებობას აჩვენებს, მაგრამ არ იძლევა ინფორმაციას, თუ რომელი ორგანოა დაინფიცირებული. ასევე შეუძლებელია გაიგოთ, ის აქტიურ თუ ფარულ ფორმაშია.
3. იმუნოსორბენტული ანალიზი ფერმენტული ნიშნით (ELISA). ის გვიჩვენებს არა მხოლოდ ანტისხეულებს ბაქტერიების მიმართ, არამედ იმუნოგლობულინების არსებობას. ELISA შეიძლება სრულად საიმედო არ იყოს რიგი მიზეზების გამო, ამიტომ მას ხშირად მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად უფრო იყენებენ, ვიდრე პირველადი დიაგნოზის დასასმელად.
4. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR). ეს დიაგნოზის დასმის ყველაზე ზუსტი მეთოდია. კვლევის ფარგლებში ფასდება დნმ–ს ფრაგმენტები პათოგენებზე სისხლში ან ამა თუ იმ ბიოლოგიურ სითხეში. ის აჩვენებს, თუ რომელი ორგანოა ინფიცირებული.
გულმკერდის რენტგენი (ფლუოროგრაფია)
მანტუს ან სისხლის ანალიზის დადებითი შედეგის შემთხვევაში ჩვეულებრივ ადამიანს გულმკერდის რენტგენს უღებენ, რომ ფილტვებში სპეციფიკური ლაქები აღმოაჩინონ. ისინი ინფექციების ნიშნებს წარმოადგენენ და მიუთითებენ იმაზე, რომ ორგანიზმი მავნე ბაქტერიების იზოლირებას ცდილობს.
თუ ანალიზების დადებითი შედეგის დროს რენტგენი არაფერს აჩვენებს, სავარაუდოდ, ადამიანი ფარული ტუბერკულოზით არის დაინფიცირებული. ტუბერკულოზი ძალიან გადამდებია, ამიტომ ყოველწლიური ფლუოროგრაფია ადამიანებში აქტიური ტუბერკულოზის დროულად აღმოჩენას ემსახურება.
სხვა ანალიზები
სისხლის გარდა ტუბერკულოზის არსებობა შეიძლება ნერწყვის ან ფილტვების ლორწოს ანალიზით დაადგინოთ. აღმოჩენილი ბაქტერიები აღნიშნავს, რომ ადამიანს სხვების დაინფიცირება შეუძლია და დამცავი ნიღაბი უნდა ატაროს. სხვა გამოკვლევა (როგორიცაა გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია, ბრონქოსკოპია ან ფილტვების ბიოფსია) შეიძლება დაგჭირდეთ, თუ სხვა ტესტები მკაფიო სურათს არ იძლევიან.
როგორ მკურნალობენ ტუბერკულოზს
ბევრი ბაქტერიული ინფექცია ანტიბიოტიკების დახმარებით რამდენიმე კვირაში კარგად იკურნება, მაგრამ ტუბერკულოზი სხვა შემთხვევაა. როგორც წესი, აქტიური ტუბერკულოზის დროს მედიკამენტები 6-9 თვე სრული კურსით უნდა მიიღოთ.
თუ მედიკამენტების მიღებას დროზე ადრე შეწყვეტთ, სავარაუდოდ, ტუბერკულოზის ინფექცია დაბრუნდება, ამასთან წინა მედიკამენტის მიმართ უფრო გამძლე ფორმაში.
ტუბერკულოზის მკურნალობამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ღვიძლზე, ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულარულად ჩააბაროთ სისხლის ბიოქიმიური ანალიზი და ყურადღება მიაქციოთ შემდეგ სიმპტომებს:
- მადის დაკარგვა
- მუქი შარდი
- მაღალი ტემპერატურა, რომელიც 3 დღეზე მეტხანს გრძელდება
- აუხსნელი გულისრევა ან ღებინება
- სიყვითლე ან გაყვითლებული კანი
- მუცლის ტკივილი
რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის დროს ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ.
შეიძლება თუ არა ტუბერკულოზის სრულად განკურნება?
როგორც წესი, მკურნალობა წარმატებული იქნება, თუ ადამიანს სამედიცინო დახმარების მიმართ სრული წვდომა აქვს და ყველა გამოწერილ მედიკამენტს იღებს.
თანმხლები დაავადებების შემთხვევაში აქტიური ტუბერკულოზის განკურნება უფრო რთული იქნება. მაგალითად, აივ ინფექცია იმუნურ სისტემაზე გავლენას ახდენს და ინფექცებთან ბრძოლის უნარს ასუსტებს. განკურნება შეიძლება ხელი შეუშალოს სხვა მდგომარეობამ. მოკლედ, ნაადრევი დიაგნოსტიკა და ანტიბიოტიკების სრული კურსი უმეტეს შემთხვევაში განკურნების კარგ შანსს იძლევა.
როგორ შეიძლება ტუბერკულოზის თავიდან აცილება?
მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში ადამიანების უმეტესობა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინას ჯერ კიდევ ბავშვობაში იღებს – ეს ჩვენთვის კარგად ცნობილი ვაქცინაა BCG.
მაშინაც კი, თუ ადამიანი აცრილი არაა, პათოგენების არსებობა არ ნიშნავს, რომ მას დაავადების აქტიური ფორმა განუვითარდება. მისი აქტივაციის თავიდან ასაცილებლად, ექიმი პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკებს გამოგიწერთ.
დაავადების დაინფიცირების რისკის შემცირება აქტიური ფორმის ტუბერკულოზის მქონე ადამიანებზეც არის დამოკიდებული. სტატისტიკის თანახმად, თითოეულ ასეთ ადამიანს წელიწადში 10-15 ადამიანის დაინფიცირება შეუძლია, თუ სიფრთხილის ზომებს არ დაიცავს. მათ შორისაა – თავშეყრის ადგილების მორიდება, სოციალური დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება.